გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი
ასისტენტ მკვლევარი
წყაროთმცოდნეობა
დოქტორანტი
თბილისი/საქართველო
mariagureshidze@gmail.com
აბსტრაქტი
2025 წელს, სამეცნიერო ჟურნალ „აღმოსავლეთმცოდნეობის მაცნე“ N8(2)- ში გამოვაქვეყნე სტატია, საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით განვიხილე მეფე დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის შემოერთება რატომ იყო მნიშვნელოვანი, ქალაქში მცხოვრები სუფიები თავდაპირველად რომელი ქვეყნიდან შემოვიდნენ, რომელ თარიქათს მიეკუთვნებოდნენ და საქართველოს მეფე მათ მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას რატომ იჩენდა. ქალაქი თბილისი მნიშვნელოვან სავაჭრო ადგილს წარმოადგენდა. არაბთა მფლობელობის პერიოდშიც კი არ დაუკარგავს დიდი სავაჭრო ქალაქის მნიშვნელობა და იმდროინდელი მსოფლიოს მრავალი კუთხიდან იყრიდნენ თავს ვაჭრები. ასევე ქალაქში თავს იყრიდნენ საქარავნო გზები, რომელთა საშუალებით სავაჭრო ურთიერთობა ხორციელდებოდა ერთი მხრივ აღმ. ამიერკავკასიის და ირანის ქალაქებთან, ხოლო მეორე მხრივ ერზრუმზე გავლით კონსტანტინოპოლთან. ქალაქს ყოველთვის უდიდესი სავაჭრო ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული და შესაბამისად მრავალი სხვადასხვა რელიგიის აღმსარებელი ცხოვრობდა, მათ შორის სუფიები/დერვიშები. საგულისხმო ფაქტს წარმოადგენს, რომ თუ კი გადავხედავთ სუფიზმის გავრცელების არეალს, ნათლად ჩანს, რომ იგი იმ რეგიონში, ქვეყნებსა და ქალაქებში ვრცელდებოდა სადაც სავაჭრო ურთიერთობები იყო განვითარ-ებული. მაგ., ალ-კადირიას სუფიური თარიქათი XIV საუკუნეში სირიასა და ერაყში გავრცელდა, XV საუკუნეში ლიბანში, პალესტინაში, ეგვიპტეში და ჰიჯაზში, XVI საუკუნეში ტუნისში, ალჟირსა და მაროკოში. XVI საუკუნეში კადირიას თარიქათის წევრებმა შეაღწიეს სუდანში, სენეგალში, გვინეაში, ნიგერიასა და მავრიტანიაში. რაც შეეხება ნაკშბანდიის სუფიურ საძმოს, მის სოციალურ ბაზას ქალაქი წარმოადგენდა, მჭიდროდ იყო დაკავშირებული სავაჭრო და საწარმოო ორგანიზაციებთან. XVIII საუკუნეში შუა აზიაში მოქმედმა ნაკშბანდიის საძმომ შეაღწია ვოლგისპირეთში (ქალაქი ყაზანი). საარქივო დოკუმენტის თანახმად დავით აღმაშენებლის მიერ თბილისის აღების შემდეგ, დედაქალაქში უკვე ცხოვრობ-დნენ სუფიები/დერვიშები, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქალაქის დაბრუნებამდე თბილისს 400 წელი მუსლიმები ფლობდნენ. მოხსენებაში აღნიშნულია, საარქივო დოკუმენტების სამეცნიერო ლიტერატურასთან შეჯერებით მტკიცდება, რომ ქალაქ თბილისში მცხოვრები სუფიები/დერვიშები, სუფიზმში არსებული ბექთაშიას თარიქათის მიმდევრები იყვნენ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საარქივო დოკუმენტების შესწავლის შემდეგ ჩანს, რომ კადირიას და ნაკშბანდიის სუფიური თარიქათის მიმდევრები ასევე ქურთი დერვიშებიც იყვნენ. აქედან გამომდინარე ქალაქ თბილისში შესაძლოა, ასევე კადირიასა და ნაკშბანდიის სუფიური ორდენის მიმდევარი ქურთი დერვიშებიც ცხოვრობდნენ.
Keywords
სუფიზმი, ბექთაშიას საძმო, ნაკშბანდია, კადირია, ქურთები, საარქივო წყაროები. Sufism, Bektashi brotherhood, Naqshbandi, Qadiriyya, Kurds, Archive documents.