საქართველოს უნივერსიტეტი, თ. ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი
მათავარი მეცნიერ ტანამშრომელი
კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
თბილისი/საქართველო
g.gagoshidze@ug.edu.ge
აბსტრაქტი
სინას მთის, წმ. ეკატერინეს მონასტრის ბიბლიოთეკაში დაცულ ხელნაწერ - კრებულში (N/Sin.geo-50) შემავალი იოანე ზედაზნელის ცხოვრება იწყება ასურელი მამების ჩამონათვალით, რომლის შემდგომ ეზდერიოზ (ისიდორე) სამთავნელისა და თევდოსიოს მრეჴელის შესახებ მცირე ქრონიკაა. აქ მოყოლილი ამბავი, ასურელ მამებთან დაკავშირებულ სხვა არცერთ წყაროში არ დასტურდება. საქმე ეხება ამ ბერების წარმომავლობის, მათი სამთავისსა და რეჴაში დაფუძნებისა და მაცხოვრის ხატების სასწაულებრივი შექმნის საკითხს. 2004-2012 წლებში სამთავისის მონასტერში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა ადრეული შუა საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევი, რომელიც 1030 წელს აგებულ გუმბათიან ეკლესიას სამხრეთიდან ემიჯნება. ძლიერ დაზიანებული სამნავიანი ბაზილიკა XI საუკუნის 30-იანი წლების შემდგომ სპეციალურად დაუშლიათ და მიწით შეუვსიათ. კვლევის შედეგად დადგინდა ასურელი მამის ეზდერიოზის (VI ს-ის პირველი ნახ.) თავდაპირველი ეკლესიის კვალი და მისი განსასვენებელი ამ ეკლესიაში. თევდოსიოს მრეჴელის სავანეს იდენტიფიკაციის საკითხი რთულია. ასურელ მამასთან დაკავშირებული ტოპონიმის რეჴას ადგილმდებარეობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ხელნაწერის მონაცემის მიხედვით, მანძილი სამთავისის მონასტრიდან რეჴას მონასტრამდე არ იყო შორი, გზას ბერები მცირე დროის მონაკვეთში ფარავდნენ, ამდენად, ვფიქრობ, თევდოსიოს მრეჴელის სავანე, ხელნაწერში ნახსენები - „ქუაბი რეჴისა“, მდ. ლეხურას (ძვ. რეხულას) ხეობაში დღეს აღარ არსებულ დაბა რეჴასთან უნდა ვეძიოთ. სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს, სოფ. საკორინთლოს აღმოსავლეთით, პატარა სოფ. მონასტრიდან 2-3 კმ-ის დაშორებით ტყეში მდებარე მონასტრის - ქვაბისმანის ნანგრევები, რომელიც ვახუშტის აღწერაშიცაა დამოწმებული - “რეხის აღმოსავლეთით არს მონასტერი ქვაბისმანი, ზის წინამძღვარი”. დღეს ამ ნანგრევებთან მისვლა შეუძლებელია, იგი რუსეთის საოკუპაციო ხაზს მიღმაა დარჩენილი და მასზე მსჯელობა, მხოლოდ საარქივო მასალითაა შესაძლებელი. მონასტერში შემორჩენილია - შვერილაფსიდიანი დიდი დარბაზული ეკლესია, სამრეკლოს და სატრაპეზოს ნანგრევი და სხვა სამონასტრო ნაგებობების ნაშთი. მიღებული წინასწარული თვალსაზრისით, ეკლესია IX-X საუკენეებშია აგებული; აქ ინახებოდა ქვის ფილა ასომთავრული წარწერით, რომელიც დღეს ახალგორის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. ქვაბისმანის მონასტერი ლეხურას ხეობის გამორჩეული ძეგლია, მაგრამ იგი არ არის სათანადოდ შესწავლილი. ისტორიულ დაბა რეჴასა და სამთავისის საეპისკოპოსო ტაძართან სიახლოვის, ასევე სიდიდისა და მნიშვნელოვანების გამო, სავარაუდოდ ის უნდა ყოფილიყო ხელნაწერში (N/Sin.geo-50) აღნიშნული ასურელი წმ. მამის თეოდოსიოსის დაარსებული სავანე, რომლის სკრუპულოზური შესწავლა მომავლის საქმეა.
Keywords
ასურელი მამები, სამთავისი, რეხა