თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი
ფილოლოგია
აკადემიური დოქტორი
თბილისი/საქართველო
gabodzejuli@gmail.com
აბსტაქრტი
ნიკოლოზ ბარათაშვილის თხზულებების ახალი აკადემიური ორტომეულის სიახლეები და გამოწვევები ნ. ბარათაშვილის თხულებების ახალი აკადემიური ორტომეულის გამოცემა ჩვენი დროის ამოცანა და გამოწვევა იყო. პოეტის სრული სამეცნიერო კრებულის ბოლო გამოცემა - ნ. ბარათაშვილი. „თხზულებანი“ (ივ. ლოლაშვილისა და აკ. გაწერელიას რედაქციით. თბილისი. „საბჭოთა საქართველო, 1972) ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად იქცა. დღემდე არსებული გამოცემები არასრულია და უკვე ვეღარ პასუხობენ თხზულებათა აკადემიური გამოცემის მეცნიერულ-ტექნოლოგიურ მოთხოვნებს და ვეღარ აკმაყოფილებენ აკადემიური გამოცემის თანამედროვე ტექსტოლოგიურ პრინციპებს. ხელახლა დასადგენია თხზულებათა კანონიკური ტექსტები, კრებულებში წარმოდგენილი ავთენტური ტექსტების სიჭრელე სერიოზულ პრობლემას უქმნის მკვლევრებს და სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებს. ტექსტებში გატარებული ორთოგრაფიული სწორებები უარყოფითად აისახება ლექსის პოეტიკურ სტილისტიკაზე და შლის ეპოქის ენობრივ სურათს. აკადემიური გამოცემა მეცნიერულ-კრიტიკული გამოცემის უმაღლესი სახეა და იგი სრულად უნდა მოიცავდეს მწერლის მემკვიდრეობას. ბარათაშვილის თხზულებათა არც ერთ კრებულში არ გამოქვეყნებულა მისი დოკუმენტები, რომლებიც დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში. 1945 წელს შ. ჩხეტიამ გამოსცა „ მასალები ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ“ I ტომი, თუმცა შემდეგი ტომები აღარ გამოსულა. რუსული ცარიზმისა და საბჭოთა ტოტალიტარიზმის ხანაში შეზღუდული იყო არსებული ნარატიული ტექსტების სრულყოფილად გამოცემა. ახალი აკადემიური ორტომეულის მეორე ტომში სრულად გამოქვეყნდება ბარათაშვილის ცხოვრების ამსახველი დოკუმენტები. დაიბეჭდება პოეტის ნაწერების სრული ბიო-ბიბლიოგრაფია (მისი და მასზე). გამოცემის პარალელურად მომზადდა პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ორენოვანი ციფრული მატიანეს ონლაინ რესურსი. მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება ის სიახლეები, რომელსაც შეიცავს ახალი აკადემიური ორტომეული. გამოცემა ეფუძნება შემდეგ ტექსტოლოგიურ პრინციპებს: I. კანონიკური ტექსტის დადგენა ავტოგრაფების მიხედვით, ანუ პოეტის ბოლო შემოქმედებითი ნების გათვალისწინება. II. ზოგი ლექსის ატრიბუციის დაზუსტება. III. რამდენიმე ლექსისა და პირადი წერილების დათარიღება. IV. კომენტარების შევსება. V. პერსონალიების იდენტიფიცირება. გამოცემისას გამოიკვეთა არაერთი სირთულე: 1. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება სხვადასხვა პირის მიერ გადაწერილი პოეტის ნაწარმოებთა ხელნაწერი კრებულები, რომლებიც შეიცავს მნიშვნელოვან რედაქციულ და შინაარსობრივ ცვლილებებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ გადამწერები სარგებლობდნენ ჩვენამდე მოუღწეველი სხვა დედნებით (აი, ერთი მაგალითი: დიმიტრი ყიფიანის მიერ გადაწერილ ნუსხაში პოემის ცნობილი ადგილი „ქართლსა დაიცავს რუსთ ხელმწიფობა“ შეცვლილია ასე: „ქართლსა დაიპყრობს რუსთ ხელმწიფობა“ , რაც იდეურად ცვლის მთელ ტექსტს და ქმნის პოემის ახალ რედაქციას). 2. აკადემიური გამოცემის მზადებისას ტექსტის ავთენტურობის დასადგენად პრინციპული მნიშვნელობა აქვს პოეტის ტექსტების შემგროვებელთა და გადამწერთა ვინაობის გარკვევას. 3. ავტოგრაფული და ნუსხური ხელნაწერების შესწავლა დაგვეხმარა დასრულდეს მეცნიერებაში არსებული გაურკვევლობა პოეტის ე. წ.ფსევდონიმის („მირიან ივერის“) შესახებ. 4.ახლად შესწავლილი დოკუმენტების მეშვეობით შესაძლებელი გახადა დღემდე სადავოდ ქცეული ბარათაშვილის დაბადების თარიღის დაზუსტება. კოდური სიტყვები: ნიკოლოზ ბარათაშვილი, აკადემიური გამოცემა, კანონიკური ტექსტი, ხელნაწერთა შესწავლა, ციფრული ჰუმანიტარია.
Keywords
ნიკოლოზ ბარათაშვილი, აკადემიური გამოცემა, კანონიკური ტექსტი, ხელნაწერთა შესწავლა, ციფრული ჰუმანიტარია.