საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

თბილისი/საქართველო

ისტორიის დოქტორი.  ასოცირებული პროფესორი

g.kistauri@sangu.edu.ge

 

აბსტრაქტი 

ღუდის ხევი ისტორიული ხადის თემში შემავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტერიტორიული ერთეული გახლავთ. იგი მლეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. XIX საუკუნეში სანამ მლეთა-გუდაურის საგზაო მაგისტრალს გაჭრიდნენ, მანამდე ღუდის ხევი წარმოადგენდა ჩრდილო კავკასიასთან დამაკავშირებელი მთავარი მაგისტრალის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთს. გზა ზემო მლეთიდან მიჰყვებოდა ღუდის ხევს, თეთრი არაგვის მარჯვენა ნაპირზე. მისი პუნქტები იყო: განისი, მიქეთი, ხატის სოფელი, ერეთო, ნეფის კალო, შემდეგ თრუსოს სოფლები: აბანო, ოქროყანა, ნოაყაუ, კობი, ხოლო კობიდან კი სტეფანწმინდისკენ მიემართებოდა

ღუდის ხევის ძირძველ მოსახლეობას ბუთხუზებისა და გაგაძეების საგვარეულო წარმოადგენდა. ღუდის ხევის მთავარი სალოცავის ,,ყველაწმინდის“ დეკანოზები ტრადიციულად ბუთხუზების საგვარეულოს წარმომადგენლები არიან.

დაახლოებით XVII საუკუნიდან, ღუდის ხევზე ნაზღაიძეებისა და ბურდულების გვარის წარმომადგენელთა გავლენა გავრცელდა. ისტორიული დოკუმენტების ცნობით XVIII საუკუნის პირველ ნახევარში, ღუდის ხევი ცნობილი ისტორიული პიროვნების ჯანუყა ნაზღაიძის სამოურავო გახლდათ.

XVIII საუკუნეში მიგრაციული პროცესებიდან გამომდინარე, აღნიშნული ხევი თანდათან ქართული მოსახლეობისგან დაიცალა, მათი ადგილი კი ოსებმა დაიკავეს. ვახუშტი ბატონიშვილი მთიულეთის აღწერაში ღუდის ყველაწმინდის ეკლესიას ,,აწ უქმი“-ს სახელით მოიხსენიებს, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ამ დროს იქ ქართული მოსახლეობა თითქმის უკვე აღარ ცხოვრობდა და ამ მონასტერსაც მუდმივად მომსახურე პერსონალი და ადგილობრივი მრევლიც აღარ ჰყავდა.

1770 წლის ქართლ-კახეთის მოსახლეობის აღწერაში ღუდის ხევი უკვე არაგვის ოსების ერთ-ერთ სამოსახლო რაიონად ფიგურირებს. გიულდენშტედტიც ხსენებულ ხეობას თავისი სოფლებითურთ ოსურ მხარედ თვლის, ისევე როგორც თრუსოს.

აქედან გამომდინარე, ოსები თრუსოსთან ერთად, ღუდის ხევს დღესაც თავიაანთ ძირძველ სამოსახლო ტერიტორიად მიიჩნევენ და პრეტენზიას აცხადებენ ამ ადგილზე.

მოხსენებაში, სხვადასხვა კლასიფიკაციის წყაროების მონაცემებზე დაყრდნობით ვრცლად იქნება განხილული ღუდის ხევთან დაკავშირებული ისტორიულ-ეთნოლოგიური ასპექტები, რითაც ნათლად წარმოვაჩენთ ამ გეოგრაფიული ერთეულის ისტორიულ და თანამედროვე კულტურულ ნარატივს.

 

საკვანძო სიტყვები: ღუდის ხევი, ხადის თემი, ისტორიული გეოგრაფია, ეთნოისტორია, მიგრაციული პროცესები, ოსური დასახლებები.