სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მასწავლებელი

წყაროთმცოდნეობა

ისტორიის დოქტორი 

თბილისი/საქართველო 

deanadiradze2014@gmail.com


Abstract

მოხსენებაში შესწავლილია XVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსის სეხნია ჩხეიძის თხზულებაში „ცხოვრება მეფეთა“ XVII-XVIII საუკუნეების მიჯნის საქართველოსა და სეფიანთა ირანის სამხედრო-პოლიტიკური ისტორიის შესახებ წარმოდგენილი ცნობების სა¬ნ¬დო¬ო¬ბის საკითხი. კომპარატივისტული კვლევის მეთოდის გამოყენებით, ნაშრომში სეხნია ჩხეიძის ისტორიული ცნობები შედარებულია მისი თანამედროვის, პოლონელი იეზუიტი მისიონერისა და ისტორიკოსის, იან თადეუშ კრუშინსკის თხზულების მონაცემებთან. თემის აქტუალობას განსაზღვრავს ის გარემოება, რომ ორივე ავტორი ეყრდნობა არა წერილობით პირველწყაროებს, არამედ საკუთარ თვალთახედვას ან უშუალო თვითმხილველთა მონათხრობს, რაც მათ თხზულებებს განსაკუთრებულ საისტორიო ღირებულებას სძენს. კვლევაში ფოკუსირება გაკეთებულია ყანდაარის დრამატულ მოვლენებზე, სადაც ნათლად ვლინდება სეფიანთა ირანის აღმოსავლეთ საზღვრების დამცველი ქართველი მოღვაწეების (გიორგი XI, ქაიხოსრო და ლევან ბატონიშვილები) როლი ავღანელთა (ღილზაების) აჯანყების წინააღმდეგ. ურთიერთშედარება აჩვენებს, რომ ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო იშვიათი იდენტობით აღწერს შაჰ სულთან ჰუსეინის სუსტ პოლიტიკას, ირანის შაჰის ანტიქართულ ინტრიგებსა და მირ ვეისის ცბიერ დიპლომატიას. კრუშინსკის ვრცელი ნაშრომი — „სპარსეთის გვიანი რევოლუციის ისტორია“ — ფართო საერთაშორისო და გეოპოლიტიკურ ჭრილში აანალიზებს მიმდინარე პროცესებს. ამ კონტექსტში პოლონელი ავტორი განსაკუთრებით საგულისხმოა სომეხი პატრიოტის, ისრაელ ორის გამოჩენა ირანში მოსკოვის ელჩის სტატუსით, რამაც შეაშინა შაჰის კარი და ქართველები პოტენციურ რუსოფილებად მონიშნა. სწორედ ამ უნდობლობის ფონზე, შაჰმა ყურადღება არ მიაქცია გიორგი XI-ის გაფრთხილებას და მირ ვეისს ენდო, რამაც კატასტროფული შედეგები გამოიწვია. ორივე ავტორი დეტალურად აღწერს 1709 წელს გიორგი XI-ისა და 1711 წელს ქაიხოსროს ტრაგიკული დაღუპვის დეტალებს. კრუშინსკი ხაზს უსვამს ქართველთა განსაკუთრებულ სამხედრო სიმამაცეს და აღნიშნავს, რომ ირანის იმპერიაში ხოსრო-ხანის ღირსეული შემცვლელი თუ თანასწორი მხედართმთავარი უბრალოდ არ მოიძებნებოდა. პოლონელი მემატიანის მიერ ჩაწერილი ავღანური თქმულება — „სპარსელები ქალები არიან ავღანელებთან შედარებით, ხოლო ავღანელები — ქართველებთან შედარებით“ — საუკეთესოდ გადმოსცემს ქართველთა უზარმაზარ სამხედრო ავტორიტეტს რეგიონში. მიუხედავად ამისა, კრუშინსკი ქართველთა მარცხის მთავარ მიზეზად სპარსული მხარის მიერ ექსპედიციების მიზანმიმართულ საბოტაჟსა და ფინანსურ შეფერხებას მიიჩნევს, რადგან ირანის კარს ქართული სამხედრო გავლენის გაძლიერების უფრო ეშინოდა, ვიდრე თავად ამბოხებულებისა. კომპარატივისტული ანალიზის შედეგად გამოვლინდა ორივე ავტორის თხზულებებში დაცული ცნობების იდენტურობა, ბუნებრივია, არის განსხვავებები, რაც ორივე ავტორის მონაცემთა სანდოობას ოდნავადაც ვერ ამცირებს ამ საისტორიო წყაროების ღირებულებას. ორივე წყაროს შედარების საფუძველზე, დასტურდება, რომ ტრაგედია, რომელიც ყანდაარში დატრიალდა, არ ყოფილა მხოლოდ ლოკალური სამხედრო მარცხი. ეს იყო ირანის შიდა პოლიტიკური კრიზისის, კორუფციისა და ქართველთა მიმართ ტოტალური უნდობლობის კანონზომიერი შედეგი. ამ მოვლენებმა წარმოშვა ძალაუფლების ვაკუუმი კავკასიაში, რამაც, სეფიანთა იმპერიის დაშლის პარალელურად, ვახტანგ VI და შემდგომი პერიოდის ქართველი მეფეები აიძულა, პოლიტიკური ორიენტაცია საბოლოოდ შეეცვალათ ჩრდილოეთისკენ (რუსეთისკენ). თ. კრუშინსკის რეგიონული მასშტაბის ანალიზისა და ს. ჩხეიძის ლოკალური, დინასტიური ნარატივის კომპარატივისტული შეჯერება აქარწყლებს ორივე წყაროს მიკერძოებულობის ეჭვებს და ასკვნის, რომ სეხნია ჩხეიძის ცნობები ხასიათდება მაღალი ობიექტურობით, რაც მის თხზულებას პირველხარისხოვანი საისტორიო წყაროს სტატუსს ანიჭებს XVIII ს. I მესამედში სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობის შესასწავლად. ამრიგად, ჩვენი კვლევის შედეგებმა გვიჩვენა სეხნია ჩხეიძის თხზულების მონაცემთა სრული სანდოობა და ამავე დროს, დაადასტურა, რომ ევროპელი კათოლიკე მისიო¬ნე-რების ჩანაწერები საქართველოს ისტორიის შეუცვლელი საისტორიო წყაროთმცოდნეობითი ბაზაა.


საკვანძო სიტყვები: სეხნია ჩხეიძე, თადეუშ კრუშინსკი, სეფიანთა ირანი, ყანდაარი, გიორგი XI, ქაიხოსრო, მირ ვეისი, ავღანელთა აჯანყება, საისტორიო წყაროები.