ბრამსის ინსტიტუტი
საერთაშორისო ჟურნალისტიკის დოქტორი / დამფუძნებელი და დირექტორი
თბილისი/საქართველო
nadareimaia@gmail.com
აბსტრაქტი
საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე კუთვნილი აღიარებისა და პატივისცემის მოსაპოვებლად, არა მხოლოდ თანამედროვე პოზიციების გამყარება, არამედ ისტორიული სამართლიანობის აღდგენაზე ზრუნვაც აუცილებელია. საამისოდ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია მეფე თამარის ოფიციალური ტიტულის ინგლისურ ენაზე თარგმანთან დაკავშრებული დილემის გადაწყვეტა. თანამედროვე საერთაშორისო წყაროთა უმეტესობა მას ინგლისურ ენაზე „დედოფლად“ (Queen Tamar) მოიხსენიებს. ინგლისური ენისთვის მიუღებელია „მეფე“ ერქვას მონარქ ქალს.
ქართული სამართლებრივი აზროვნება ტერმინის ფუნქციური დატვირთვიდან იღებს სათავეს. ინგლისური რეალობა ადამიანს „მეფედ“ ან „დედოფლად“ გენდერული კუთხით აღიქვამს და მმართველობრივ დატვირთვას არ ითვალისწინებს. საამისოდ ინგლისურში შემოღებულია ზედსართავსახელიანი ტიტულები: მმართველი მონაქრი (king regnant, queen regnant) და მონარქის მეუღლე (queen consort, kind consort). ეს ლინგვისტური თავისებურება იმდენად მყარია, რომ არაერთი ძლევამოსილი მმართველი ქალის (ათელფლედი, მერი ტიუდორი, ელისაბედ I, მერი II, ანა სტიუარტი, ვიქტორია, ელისაბედ II) არსებობის მიუხედავად, მათი ოფიციალური ტიტული იყო მმართველი დედოფალი (queen regnant).
განსაკუთრებით მიუღებელია ის ფაქტი, რომ უცხოელები ქართული ენის დამცრობას ცდილობენ: თითქოსდა, ქართულ ენაში ინგლისურის მსგავსი ზედსართავიანი ტერმინების არარსებობამ გამოიწვია ის, რომ თამარს ეწოდა მეფე. არ არის გათვალისწინებული არც მეფე გიორგი III-ის მიერ ქალის თანამოსაყდრედ და მეფედ ხელდასხმა, არც მამის გარდაცვალების შემდეგ თამარის მეფედ კურთხევა სამეფო შესამოსელითა და რეგალიებით, არც თამარის ოფიციალური ტიტულატურა „მეფეთ მეფე“. ინგლისურ ენაში შემოთავაზებული ტერმინთა ზედსართავებით დაზუსტების ნაცვლად (consort „მონარქის მეუღლე“, regnant „მმართველი“), მარტივად შეიძლებოდა საკითხის გადაწყვეტა: ადამიანი, რომელიც სამეფოს მართავს და მეფედ ეკურთხება, მეფის პოზიციას იკავებს. მაშასადამე, იგი მეფეა. ქართველებმა სწორედ ასე გაიაზრეს ამ სიტყვის მნიშვნელობაც და ლინგვისტურ-სამართლებრივი დანიშნულებაც.
ინგლისურ ტერმინში აზრობრივ ტავტოლოგიასაც აქვს ადგილი, რადგან regnant ნიშნავს „ადამიანს, ვინც მეფობს“. ალოგიკურია, ქალს „გამეფებული დედოფალი“ (queen regnant) უწოდო და ლათინურ ზმნას (regnare „მეფობა“) ამოეფარო იმის ნაცვლად, რომ მარტივად დაარქვა რაც არის — „მეფე“ (regis „მეფის“ > rex „მეფე“). ცხადია, რომ არა მხოლოდ სამართლებრივი თუ ისტორიული, არამედ ლინგვისტური კუთხითაც შეუფერებელია დედოფლად მოიხსენებოდნენ ქალი მონარქები, რომლებიც სამეფოს მართავდნენ და არა — სადედოფლოს.
ქართული ლინგვისტურ-სამართლებრივი მიდგომა პროგრესული არა მხოლოდ მე-12 საუკუნის მიწურულს იყო. დღემდე მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ გაიზიარა სამეფო ტიტულატურის გენდერულის ნაცვლად, ლინგვისტური და სამართლებრივი რაკურსით გააზრების ქართული ლოგიკური მიდგომა. მოცემულ გამოკვლევაში ასევე განვიხილავთ იმ გამონაკლის ქვეყნებს, სადაც ქალ-მონარქთათვის გენდერული დისკრიმინაციის დაძლევა შესაძლებელი აღმოჩნდა, პატრიარქალური წყობისა თუ საზოგადოებრივი წინასწარი დამოკიდებულების მიუხედავად. საბოლოოდ კი დავსახავთ ლინგვისტურ გამოსავალს, რათა თამარ მეფის პოლიტიკური სტატუსი არ დაკნინდეს თარგმანის დროს.
საკვანძო სიტყვები: საქართველო, მეფე თამარი, გენდერი, მონარქი, თარგმანი, ინგლისი, ისტორია, სამართლებრივი ტრადიცია.