საქართველოს ბიზანტინოლოგთა ეროვნული კომიტეტი
დამოუკიდებელი მკვლევარი
თეოლოგიის დოქტორი
თბილისი/საქართველო
chkhaberidzenari59@gmail.com
დროისა და ისტორიის ურთიერთმიმართება თანამედროვე მართლმადიდებლურ აზროვნებაში, იოანე ზიზიულასის მიხედვით
აბსტრაქტი
დროისა და ისტორიის ურთიერთმიმართება თანამედროვე მართლმადიდებლურ აზროვნებაში, იოანე ზიზიულასის მიხედვით. აბსტრაქტი ქრისტიანული გამოცდილება, ისტორიულ რეალობას განიხილავს, არა მარტო დროში დასრულებულ მოვლენათა ქრონოლოგიურ თანმიმდევრობად, არამედ როგორც ღვთისა და ადამიანის ურთიერთობის დინამიკურ სივრცეს. წინამდებარე კვლევის მიზანია, დროისა და ისტორიის ურთიერთმიმართების თეოლოგიური ანალიზი, განსაკუთრებული აქცენტით - თანამედროვეობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ღვთისმეტყველის პერგამოს მიტროპოლიტის, იოანე ზიზიულასის ხედვაზე. იგი ისტორიულ პროცესს არ განიხილავს, როგორც მხოლოდ წარსულზე ორიენტირებულ მოვლენათა განვითარებას. ზიზიულასის მიერ დანახულია მომავლიდან განსაზღვრული ესქატოლოგიური ონტოლოგია. მისი აზრით, ქრისტიანული ყოფიერება არსებითად ესქატოლოგიური ბუნებისაა და მისი ჭეშმარიტი მნიშვნელობა მომავალში ღვთის სასუფევლის რეალობაში ვლინდება. ამგვარად, დრო აღიქმება არა რაღაც შემოსაზღვრული ასპექტით, არამედ როგორც მომავლიდან განმსაზღვრელი დინამიკა, სადაც ესქატონი ისტორიის საზღვარი კი არა, მისი შინაგანი საფუძველია. საკითხის მიმოხილვისას, ვიმოწმებთ თანამედროვე მართლმადიდებლური თეოლოგიის ისეთ წარმომადგენლებს, როგორებიც არიან ალექსანდრე შმემანი და გიორგი ფლოროვსკი, რომელთა ნააზრევში ისტორია და ეკლესიური გამოცდილება მჭიდრო ურთიერთკავშირში განიხილება; ამავდროულად, ისტორიის თეოლოგიური გაგების ინტელექტუალური განვითარების საჩვენებლად გათვალისწინებული გვაქვს ჰანს ურს ბალთაზარის ისტორიის დრამატული ქრისტოცენტრული გააზრებაც; ამასთანავე, ვიკვლევთ უფრო ადრეული ქრისტიანული ტრადიციების წარმომადგენლის, შუა საუკუნეების (XIII ს.) ერთ-ერთი უდიდესი თეოლოგისა და ფილოსოფოსის, ფრანცისკანელი ბერის, წმინდა ბონავენტურას - ისტორიის ღვთისმეტყველებასაც. მათ მიერ ისტორიის გააზრება მეტად მნიშვნელოვანი თეოლოგიური წანამძღვრების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ღვთაებრივი განგებულებისა და ესქატოლოგიური მიზანმიმართულების პერსპექტივაში. ასევე, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კვლევა ეყრდნობა ქართულ საღვთისმეტყველო სივრცეში დროის ლიტურგიული და ეკლესიოლოგიური აღქმის საკითხებსაც. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჟამისწირვის საღვთისმეტყველო და ტერმინოლოგიურ გაგებას, სადაც დრო მხოლოდ ქრონოლოგიურ ერთეულად კი არ გვევლინება, არამედ წმინდა და საკრალური გამოცდილების მატარებელ სინამდვილედ. ქართულ საეკლესიო ტრადიციაში ჟამის ცნება ხშირად ატარებს ღრმა ფილოსოფიურ და თეოლოგიურ დატვირთვას, რაც დროის, მარადისობისა და ლიტურგიული გამოცდილების ურთიერთმიმართების გააზრების შესაძლებლობას ქმნის. მეთოდოლოგიურად ნაშრომი ეფუძნება ისტორიულ-თეოლოგიურ, ჰერმენევტიკულ და შედარებით ანალიზს. კვლევის ფარგლებში ხორციელდება თანამედროვე მართლმადიდებლური ტექსტების მიმოხილვა და ანალიზი. ნაშრომის მეცნიერული სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ დროისა და ისტორიის საკითხი განხილული იქნა არა მხოლოდ ისტორიული ან დოგმატური პერსპექტივიდან, არამედ როგორც ისტორიის თეოლოგიისა და ესქატოლოგიური ონტოლოგიის გადაკვეთის სივრცე. შედეგად, აღნიშნული მიდგომა შესაძლებლობას იძლევა თანამედროვე მართლმადიდებლობა გააზრებულ იქნას ისტორიის ახალი ინტერპრეტაციის თეოლოგიურ მოდელად. ეს კი გზას გვიხსნის იმ საჭირო დისციპლინის ჩამოყალიბებისკენ, რაც განვითარებულ ქვეყნებში „ისტორის თეოლოგიად“ არის სახელდებული, და, რისი შესწავლაც ქართულ აკადემიურ სივრცეშიც გვინდა იყოს დამკვიდრებული.