პროფესორი
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
საქართველოს უნივერსიტეტი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
თბილისი, საქართველო
vazhakiknadze@yahoo.com

რა ენაზე იყო დაწერილი თავდაპირველად „გეორგიევსკის ტრაქტატი“ ერეკლე II-ს დროს

ე.წ. „გეორგიევსკის ტრაქტატი“ (1783) ხშირად იქცევს მეცნიერთა და მოყვარულთა ყურადღებას, თუმცა კვლევები ძირითადად მის პოლიტიკურ ასპექტზე კონცენტრირდება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია მისი ლინგვისტური მხარე — რა ენაზე იყო დაწერილი თავდაპირველი დოკუმენტი. საბჭოთა პერიოდში ამ თემაზე მსჯელობა თითქმის გამორიცხული იყო. ერთადერთი მინიშნება, რომ ტექსტი თავდაპირველად რუსულად იყო, გვხვდება ი. დოლიძის გამოცემაში „ქართული სამართლის ძეგლები“ (ტ. 2), სადაც კომენტარებში აღინიშნა: „ჩვენი დაკვირვებით, ტექსტი რუსულიდან უნდა იყოს თარგმნილი“ (თბილისი, 1965, გვ. 638). დეტალური ანალიზი და ქართული ტექსტის რუსულთან შედარება კიდევ უფრო ამყარებს ამ მოსაზრებას. მაგალითად, ტრაქტატის პრეამბულაში წერია: „მფარველობამან ყოვლისა რუსეთისა თვითმპყრობელთამან მეფეთა მიმართ საქართველოსთა, ნათესავთა და ყმათა მათდამი მინიჭებულმან, გამოიყუანა მოკიდებულებაჲ იგი უკანასკნელთა ამათ, პირველთა ამათგან, რომელიცა უფროსღა იჩუენების რუსეთისა საიმპერატოროჲსა ტიტლოსაგან“; ასევე პრეამბულაში ვკითხულობთ: „გრიგორი ალექსანდროვიჩი პოტემკინი, მჴედართა თვისთა გენერალ-შეფი, ბრძანებელი სუშუქისა ცხენოსნისა, განსწავლულისა და განუსწავლელისა“ («повелевающего легкой конницею, регулярнои и нерегуларной»). მსგავსი მდგომარეობაა არტიკულებშიც. მაგალითად, მერვე არტიკულში ნათქვამია: „ყოვლად უმოწყალეოსობით მიუბოძებს ნიადაგ ტიტლოსა უწმინდესისა სინოდის ჩლენობისა“ (Всемилостивейше жалуя ему навсегда титул святйшего синода члена). ეს და მრავალი სხვა ადგილია მოწმობა იმისა, რომ თავდაპირველად ტექსტი დაწერილია რუსულად და მხოლოდ შემდეგ თარგმნილა ქართულად.

საკვანძო სიტყვები: გეორგიევსკის ტრაქტატი, ქართული ენა, რუსული ენა/