ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ასისტენტ პროფესორი
თბილისი/საქართველო
salome.pataridze@iliauni.edu.ge
აბსტრაქტი
ვინაიდან გახსენებისა და მოგონებების კონსტრუქცია-რეკონსტრუქციისას სოციო-კულტურული ჩარჩო გამსაზღვრელი ფაქტორია და ქალისა და მამაკაცის ცხოვრებისეული გამოცდილებები და თვითაღქმა ერთმანეთსგან განსხვავდება, ისტორიები, რომლებსაც საკუთარ თავზე ყვებიან ისინი, აირეკლავენ ამ განსხვავებებს. ფივუში და ბაკნერი წამოაყენებენ ჰიპოთეზას, რომ ქალები ურთიერთობებზე ორიენტირებულები არიან და, ამგვარად, თავს სხვებთან ურთიერთკავშირის მდიდარ ქსელში განლაგებულად აღიქვამენ და გარშემომყოფებთან სოციალურად და ემოციურად გადაჯაჭვულად წარმოაჩენენ. მამაკაცები, პირიქით, უფრო ავტონომიურად მიიჩნევიან ორიენტაციაში, თავს სხვებისგან დამოუკიდებლად წარმოიდგენენ, ორინეტირდებიან ინდივიდუალურ მიზნებსა და მიღწევებზე. ხშირად ვარაუდობენ, რომ ეს განსხვავებები განვითარების ძირითად გამოცდილებაშია ფესვგადგმული. ქალები, როგორც წესი, ყვებიან ცხოვრებისეული ისტორიების შესახებ, რომლებიც ფოკუსირებულია ადამიანებსა და ურთიერთობებზე, ასევე საკუთარი თავისა და სხვების ემოციებზე. მამაკაცების ნარატივები უფრო მეტად ხაზს უსვამენ ინდივიდუალურ მიღწევებს, ნაკლებად რთავენ თხრობაში სხვებს ან ემოციებს. მამაკაცებსა და ქალებს სამყაროს მიმართ ფუნდამენტურად განსხვავებული ორიენტაცია აქვთ და ამის გამო ისინი ცხოვრებისეულ ისტორიებს გამოცდილებისა და იდენტობის სხვადასხვა ასპექტზე აყალიბებენ.
საკვლევ საკითხს წარმოადგენს ქართველ ქალთა ნარატივების შესწავლის საფუძველზე ქალური გახსენების კულტურის მახასიათებლებისა და ნიშნების წარმოჩენა, ანალიზი და მათი მნიშვნელობის განსაზღვრა მე-20 საუკუნის კოლექტიური მეხსიერების შექმნაში. საკვლევ ობიექტებად შეირჩა ნაირა გელაშვილის, ზაირა არსენიშვილისა და ნუცა ღოღობერიძის ნაწარმოებები, ლანა ღოღობერიძის ფილმები და კრებული „ალჟირის“ პატიმართა პორტრეტები-სტალინიზმის ისტორიიდან.
საკვლევი ობიექტების ამგვარი არჩევანი განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
ü ვინაიდან ქალური ნარატივი მეხსიერების კვლევებში შესწავლილი არ არის, კვლევის საფუძველზე შესაძლოა გახმიანდეს დათრგუნული, კულტურულად გამიჯნული კონტრმოგონებები და დადგინდეს მათი მნიშვნელობა და ფუნქცია მეხსიერების კულტურაში
ü რაკი იდენტობა სწორედ საკუთარი თავის შესახებ მოთხრობილი ამბების საფუძველზე წარმოიქმნება, ქალურ ნარატივში წარსულის სურათებისა და მათი ინტერპრეტაციების შესწავლა ცხადყოფს, თუ როგორ იცვლებოდა და იგებოდა ინდივიდუალური და კოლექტიური იდენტობები, იდენტობის როგორი კონცეფციები შეუძლიათ წარმოისახონ და სოციალურ სინამდვილეში განახორციელონ ქალმა ავტორებმა.
ü ვინაიდან მოგონებები ჩაუნაცვლებელი და უნიკალურია, ერთი ადამიანის მოგონებას მეორე ადამიანისას ვერ შევადარებთ,რაც იმას ნიშნავს, რომ ინდივიდის თვითხატება მეხსიერების კონსტრუქციული უნარის ერთგვარი შედეგია.
კვლევის თეორიულ ჩარჩოდ შეირჩა: იან ასმანის მე და ჩვენ იდენტობა, მერილაინ ჩენდლერს მაკენტაიერი (Marilyn Chandler McEntyre) „writing cure“, ალეიდა ასმანის მეხსიერების სტაბილიზაციის ფორმები, ინტერმედიალობა.
საკვანძო სიტყვები: გახსენება, კოლექტიური მეხსიერება, იგნორირება, მეხსიერების პოლიტიკა, ქალური კულტურა