საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი

საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა

სოციალური მეცნიერებების დოქტორი

თბილისი/საქართველო

kh.chapichadze@gtu.ge


აბსტრაქტი

მოხსენება შეეხება სამხრეთ კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული და რეგიონის მომავლისათვის რეალური გარდატეხვის პოტენციალის მქონე მოვლენების ანალიზს; კერძოდ, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადამწყვეტი და უნიკალური მონაწილეობითა და შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 2025 წლის აგვისტოს ისტორიული შეთანხმების მნიშვნელობის განხილვას არამხოლოდ ორ ქვეყანას შორის ათწლეულობის განმავლობაში მიმდინარე და რეგიონში ყველაზე მძიმედ და მოუგვარებლად მიჩნეული კონფლიქტის ამოწურვის კუთხით, არამედ, ზოგადად სამხრეთ კავკასიის ნორმალიზაციისა და სამომავლო განვითარების მხრივ პრაგმატული გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური შესაძლებლობების გაჩენისა და გამოყენების თვალსაზრისით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება აშშ-სა და სომხეთსა და აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის ასევე ახლახანს დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი შეთანხმებების პოტენციალის ხაზგასმის გარდა, რომლებიც მიზნად ისახავს ენერგეტიკის, ვაჭრობისა და ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას, ასევე განსაკუთრებით, - ე.წ. ტრამპის დერეფნის როლზე - საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის (Trump Corridor for International Peace and Prosperity (TRIPP)), რომელიც ცენტრალური აზიიდან - აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის გავლით, - გლობალურ ბაზრებამდე მიმავალი მთავარი სავაჭრო მარშრუტის ნაწილი უნდა გახდეს. საქართველოს, როგორც დასავლეთის ტრადიციული მოკავშირის, სტრატეგიული პარტნიორისა და სამხრეთ კავკასიაში მთავარი დასაყრდენის საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით დგება დღის წესრიგში - ბოლოდროინდელი კრიტიკული შიდა თუ გარე პოლიტიკური და ეკონომიკური მოვლენების განვითარების გამო, რაც ფართოდაა ქვეყნის ფარგლებში თუ საერთაშორისო ასპარეზზე შეფასებული, როგორც საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, ჩამორჩენა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რეალური საფრთხეები რუსულ ორბიტაში მოქცევის მხრივ და შესაბამისად, უსაფრთხოების ახალი გამოწვევები და მათ წინაშე ქვეყნის პრაქტიკული დაუცველობა, რაც მნიშვნელოვნადაა განპირობებული კავშირების შესუსტებით, გაუარესებით ან შეჩერებით - ბუნებრივ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან და ა.შ. მიუხედავად დეკლარირებული „მშვიდობის“ იმპერატივისა, რაც საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიერ ინტერპრეტირებულია - რუსეთის ე.წ. არაპროვოცირების და მასთან კონფრონტაციის მოქნილად თავიდან აცილების პოლიტიკად და ფორმულად - „ომი თუ მშვიდობა, - რასაკვირველია, - მშვიდობის სასარგებლოდ“, ქვეყანაში არსებული საზოგადოებრივი პოლარიზაციის მაღალი ხარისხი და სერიოზული შეუთანხმებლობა სახელმწიფოს განვითარების საბაზისო ღირებულებების, საშინაო და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის და იდენტობის მხრივ პრეფერენციების საკითხების გარშემო, - ავლენს რეალური მშვიდობისა და თანხმობის ღრმა ეროზიას, რაც ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ წინაღობას წარმოადგენს არამხოლოდ საქართველოს, არამედ, - სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური გამოსავლის დასავლური ფორმულის წარმატებით განხორციელებისთვის. მარტივად საქმე მეზობლებიდან განსაკუთრებით არც მთიან ყარაბაღში დამარცხებულ, თუმცა ვესტერნიზაციის კონტექსტში გამორჩეულად გააქტიურებულ სომხეთშია, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ქვეყნის ხელისუფლება ეფექტურად ახერხებს გაუმკლავდეს მაღალი ალბათობით კვლავ გარე ძალების და კერძოდ, - რუსეთის მიერ ინსპირირებულ შიდა პროვოკაციებს. აზერბაიჯანში დემოკრატიის კუთხით არსებული ტრადიციული პრობლემების გარკვეულ ნიველირებას ვაკვირდებით ამავე დროს, - რეგიონსა და გლობალურ ასპარეზზე - გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური საჭიროებების განსაკუთრებული პრიორიტიზაციის ფონზე, რასაც ამძაფრებს მათ შორის და არამხოლოდ, ჯერ კიდევ მიმდინარე - რუსეთ-უკრაინის ომი და სხვა კონფრონტაციები.


Keywords

დასავლური მშვიდობა; სამხრეთ კავკასია; საქართველო; სომხეთი; აზერბაიჯანი; გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური გამოსავალი