საქართველოს უნივერსიტეტი
ნინო ლაღიძე, არქიტექტურის დოქტორი/ არქიტექტურის და დიზაინის დეპარტამენტის უფროსი
თბილისი/საქართველო
n.laghidze@ug.edu.ge
აბსტრაქტი
წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის, გიორგი (გოგი) ჩახავას, 1960–1980-იანი წლების არქიტექტურულ და შემოქმედებით საქმიანობას საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებსა და მის ფარგლებს გარეთ. აღნიშნული პერიოდი ემთხვევა სოციალისტური მოდერნიზმის, ანუ საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურის, აღმავლობას. ეს მიმდინარეობა ჩამოყალიბდა სტალინური ნეოკლასიციზმის საპირისპიროდ და ეფუძნებოდა ფუნქციონალიზმს, ინდუსტრიულ მშენებლობას, რკინაბეტონის ფართო გამოყენებასა და მასშტაბურ, ხშირად ფუტურისტულ არქიტექტურულ ფორმებს.
ხრუშჩოვის „დათბობის“ პერიოდში საბჭოთა არქიტექტურა თანდათან გაიხსნა საერთაშორისო პროფესიული გამოცდილებისადმი. დაიწყო სპეციალიზებული ჟურნალების გამოცემა, გააქტიურდა პროფესიული ურთიერთობები სოციალისტური ქვეყნების არქიტექტორებს შორის და საბჭოთა არქიტექტორების პროექტები განხორციელდა პოლიტიკურად დაახლოებულ სახელმწიფოებშიც. მოდერნიზმის საერთაშორისო ბუნება ამ პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო.
კვლევის მიზანია გიორგი ჩახავას ამ პერიოდის შემოქმედების გაანალიზება და მისი ადგილის განსაზღვრა საბჭოთა და საერთაშორისო მოდერნისტული არქიტექტურის კონტექსტში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მის პროექტებს, რომლებიც განხორციელდა ალუშტაში, იალტაში, ტაშკენტში, ავღანეთში, ბენღაზიში, ისრაელსა და სხვა სივრცეებში. ნაგებობათა ნაწილი დღემდეა შემორჩენილი და კვლავ ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას.
გიორგი ჩახავას არქიტექტურა გამოირჩევა ისტორიული არქიტექტურული ტრადიციისა და თანამედროვე ფორმების ორიგინალური სინთეზით, მსოფლიო არქიტექტურული გამოცდილების შემოქმედებითი გააზრებითა და ინოვაციური ტექნოლოგიური მიდგომებით. მის პროექტებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არქიტექტურის, სივრცის, რელიეფისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიულ ურთიერთობას. ამ თვალსაზრისით, ჩახავა შეიძლება განიხილებოდეს არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო არქიტექტურული კულტურის მნიშვნელოვან ნოვატორად.
კვლევა ეფუძნება წყაროთმცოდნეობით და მონოგრაფიულ მეთოდებს. დამუშავებულია ადმინისტრაციული დოკუმენტები, განკარგულებები, საპროექტო წინადადებები, გეგმები, ფოტომასალა და გიორგი ჩახავას შემოქმედებითი მემკვიდრეობის საარქივო დოკუმენტები. ასევე გაანალიზებულია 1960–1980-იანი წლების საკავშირო და ადგილობრივი პრესა და საკითხთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურა.
კვლევა აჩვენებს, რომ საბჭოთა მოდერნიზმის განვითარებას ერთდროულად განსაზღვრავდა პოლიტიკური დირექტივები, ტექნოლოგიური სიახლეები და დასავლურ არქიტექტურულ გამოცდილებასთან განახლებული კავშირები. გიორგი ჩახავას შემოქმედების შესწავლა შესაძლებელს ხდის, უკეთ წარმოჩნდეს საბჭოთა მოდერნიზმის ტრანსნაციონალური ხასიათი, მისი რეგიონული თავისებურებები და ის გავლენა, რომელიც ქართველი არქიტექტორის პროექტებმა სხვადასხვა ქვეყნისა და ქალაქის ურბანულ გარემოზე მოახდინა.
საკვანძო სიტყვები: საბჭოთა მოდერნისტული არქიტექტურა, არქიტექტურის პოლიტიკური კონტექსტი, ინდუსტრიული წარმოება, რკინაბეტონის კონსტრუქციები, არქიტექტურული კულტურა.