კავკასიის უნივერსიტეტი
ფილოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი გერმანიკული ენებისა და ენათმეცნიერების თეორიაში
თბილისი/საქართველო
annameskhi@yahoo.com

 

აბსტრაქტი 

წარმოდგენილი მოხსენება ეხება ზედა პალეოლითის, ანუ გამყინვარების ხანის ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო და ურთულესი გრავიურის დეშიფრირებას, რომელიც სპეციალურ ლიტერატურაში La Femme au Renne-ს (ქალი ირმის ქვეშ) სახელით არის ცნობილი. გრავიურა თარიღდება 13 500-17 000 წლით და ნაპოვნია ლოჟერი ბასეს (Logerie Basse) ღია კლოვან თავშესაფარში, დორდონე, საფრანგეთი. 1867-1868 წლებში აბე ლანდესკიუს (Abbé Landesque) მიერ ნაპოვნი ეს არტეფაქტი პალეოლითის მკვლევრებისთვის დიდ თავსატეხად იქცა და დღემდე ასეთად რჩება.

აღწერილი ვითარების მიუხედავად, ქართველური ამირანიანის თქმულებების მცოდნე პიროვნება მასში ამირანის დაბადების სცენას ადვილად ამოიკითხავს: მომაკვდავი დალის მუცლიდან მონადირემ მზეჭაბუკი უნდა ამოიყვანოს, ხარის ტყავში გაახვიოს და მომავალი ღვთაება იამანის წყალთან დატოვოს.  

გრავიურა რთული სამხატვრო მეთოდით არის შესრულებული. კერძოდ, ამირანიანის თქმულებათა სხვადასხვა ეპიზოდი ხან მკვეთრი, ხანაც მკრთალი სახეებით არის გადმოცემული. მკაფიოდ ორი ფიგურა—ირემი და მის წინ მწოლიარე მაქცევარა დალი ამოუკაწრავთ, “დაფარულად” მოცემული სახეები კი ამირანის ცხოვრებაზე მოგვითხორობენ. აქ არიან მისი ძმები, მისი ხმალი, ყურშა, აქვეა მოწიფული ამირანის სახეცა და მისი მამა სულკალმახიც, მჭედლები, ხარის უზარმაზარი სახე და სხვ.

საანალიზო გრავიურის შემოთავაზებული დეშიფრირება ფრანკო-კანტაბრიის სხვა გამოქვაბულებში აღმოჩენილი კედლის მხატვრობისა თუ კომპოზიციებითაც დასტურდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქართველური ამირანიანის თქმულებები 17 000 წლის წინ უკვე არსებობდა და მათ სიუჟეტზე არტეფაქტებიც კი იქმნებოდა. მეტიც, ქრონოლოგიური სიღრმის გვერდით, აღსანიშნავია თემის გეოგრაფიული განშლაც, რომელიც საფრანგეთის გარდა იტალიასაც მოიცავს.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უკვე კონკრეტული არტეფაქტების საფუძველზე, ამირანის თქმულებათა დათარიღება დაუჯერებელი 17 000 წლით, ანუ ზედა პალეოლითის ეპოქით უნდა განვსაზღვროთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართველური ენების, მისი ფოლკლორისა და კულტურის ჩართვა თანამედროვე ადამიანის გაჩენისა და გაკულტურების კვლევაში უაღრუსედ მნიშვნელოვანი და საშური საქმეა, რომ არაფერი ვთქვათ მის ცივილიზაციურ ეტაპზე.

საკვანძო სიტყვები: ამირანიანი, ზედა პალეოლითის ხელოვნება, La Femme au Renne, პალეოლითური გრავიურა, დალის მითოლოგიური სახე, ამირანის დაბადება, ფრანკო-კანტაბრიული ხელოვნება, ქართველური მითოლოგია.