ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროფესორი
საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი
თბილისი/საქართველო
Malkhaz.matsaberidze@tsu.ge
აბსტრაქტი
ნაშრომში განხილულია ივანე ჯავახიშვილის ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების მიმართ საქართველოს პოლიტიკის ძირითადი პრინციპები. ნაშრომის საფუძველს წარმოადგენს ივანე ჯავახიშვილის მიერ ქართული უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე წაკითხული მოხსენება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების წინა პერიოდში. ეს მოხსენება სრული სახით მხოლოდ 2010 წელს გამოქვეყნდა. ნაშრომი წარმოაჩენს ჯავახიშვილს არა მხოლოდ როგორც მეცნიერს, არამედ როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე სტრატეგს, რომლისთვისაც ახლადდაარსებული ქართული უნივერსიტეტი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი იყო. ივანე ჯავახიშვილი აანალიზებს იმ დროინდელ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, კერძოდ, "ოსმალური რკალის" საფრთხეს. ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ ოსმალეთი ჩრდილოეთ კავკასიაში დამკვიდრებას არა მხოლოდ სამხედრო ძალით, არამედ რელიგიური იარაღით - ისლამით და პანთურქიზმის იდეოლოგიით ცდილობდა. მისი აზრით, ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებში ეროვნული თვითშეგნების ნაკლებობა და კულტურული ჩამორჩენილობა მათ დაუცველს ხდიდა ოსმალური გავლენის წინაშე, რაც საბოლოოდ საქართველოს იზოლაციაში მოაქცევდა და უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებდა. ჯავახიშვილი ჩრდილოეთ კავკასიის კულტურულ ჩამორჩენილობას განიხილავდა როგორც ისტორიულ უსამართლობას, რომელიც იმპერიებმა გამოიწვიეს და რომლის გამოსწორებაც საქართველოს მორალური ვალი იყო. ჯავახიშვილი მიმოიხილავს რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიულ ინტერესებს კავკასიაში. ორივე მხარე მიზნად ისახავდა ადგილობრივი ხალხების ეროვნულ გადაგვარებას. ორივე იმპერია კავკასიის ხალხებს მხოლოდ პოლიტიკურ ინსტრუმენტებად განიხილავდა. ჯავახიშვილის სტრატეგიის ქვაკუთხედი ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა ეროვნული თვითმყოფადობის დაცვაა. ის მიიჩნევდა, რომ საქართველო უნდა გამხდარიყო ამ ხალხების კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრი. ჯავახიშვილის კონცეფცია ეყრდნობა იმ მყარ რწმენას, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა პირდაპირ კავშირშია ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ეროვნულ თვითმყოფადობასა და მათთან მჭიდრო კულტურულ-პოლიტიკურ კავშირთან. ქართულ უნივერსიტეტს უნდა შეესწავლა მთიელთა ენები და ზნე-ჩვეულებები. გარდა სამეცნიეროსი, ამას მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზანიც ჰქონდა: ეროვნული შეგნების გაღვიძებით ჩრდილოეთ კავკასიაში უნდა გაბათილებულიყო პანისლამიზმის მავნე გავლენა. ივანე ჯავახიშვილი იხსენებს ისტორიულ გამოცდილებას, როდესაც საქართველო იყო რეგიონის კულტურული ჰეგემონი და დარიალის კარის მცველი, რაც მეზობელ ხალხებთან მშვიდობიანი თანაარსებობის საფუძველს ქმნიდა. ნაშრომი წარმოაჩენს ივანე ჯავახიშვილის ჰუმანურ და შორსმჭვრეტელ პოლიტიკურ პლატფორმას: საქართველომ უარი უნდა თქვას ყოველგვარ ჰეგემონისტურ ზრახვებზე და თავისი ჩრდილოელი მეზობლებისთვის გახდეს ეროვნული აღორძინების პარტნიორი. მისი აზრით, მხოლოდ მეცნიერულ შესწავლაზე, განათლებასა და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული პოლიტიკა შექმნის მტკიცე საფუძველს ქართველებსა და მთიელებს შორის ძმობისა და სულიერი კავშირისთვის, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტიაა. ეს ხედვა წარმოადგენს „რბილი ძალის“ ადრეულ და შთამბეჭდავ მაგალითს ქართულ დიპლომატიურ აზროვნებაში. მიუხედავად იმისა, რომ ივანე ჯავახიშვილის ხედვა გარკვეულწილად აკადემიურ იდეალიზმს ეყრდნობოდა და რელიგიური იდენტობის სიმყარეს შესაძლოა სათანადოდ ვერ აფასებდა, მისი კონცეფცია მაინც რჩება იმპერიული პოლიტიკის ალტერნატიულ, ანტიკოლონიურ მოდელად.