ფრანკფურტის უნივერსიტეტი/ჰამბურგის უნივერსიტეტი

ქართული კვლევების ხელმძღვანელი/პოსტდოქტორანტი

ციფრული ქართველოლოგია

PhD

ფრანკფურტი/ჰამბურგი, გერმანია

mariam.kamarauli@uni-hamburg.de

 


 

აბსტრქატი

წინამდებარე მოხსენება წარმოადგენს პროექტს „ქართული პალიმფსესტური ხელნაწერების ციფრული გაშიფვრის ტექნოლოგიის დახვეწა და განვითარება“, რომლის ძირითად საკვლევ ობიექტს წარმოადგენს Codex Sinaiticus Zosimi Rescriptus. აღნიშნული კოდექსი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე პალიმფსესტური ხელნაწერია, რომელიც უკავშირდება ქართველ გადამწერს, იოანე-ზოსიმეს, რომელმაც ხელნაწერის ზედა ქართული ტექსტი სინას მთის მონასტერში 979 წელს გადაწერა. ზედა ფენის ქვეშ კი დაცულია V–VII საუკუნეებით დათარიღებული წაშლილი ქრისტიანულ-პალესტინური არამეული ტექსტები.

ტექსტური ფენების ამგვარი სირთულის გამო, კოდექსი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როგორც ქართული ხელნაწერების კვლევის, ისე ქრისტიანულ-პალესტინური არამეული ტექსტების გადაცემის ისტორიისა და, ზოგადად, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის თვალსაზრისით.

მოხსენებაში ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ციფრული მეთოდების, განსაკუთრებით eScriptorium-ის, გამოყენება ამ ხელნაწერის ანალიზისა და გაშიფვრის პროცესში. eScriptorium არის ღია კოდის პლატფორმა, რომელიც განკუთვნილია ხელნაწერთა გვერდის სტრუქტურის ანალიზისა და ხელნაწერი ტექსტების ავტომატური ამოცნობისთვის (Handwritten Text Recognition – HTR). იგი მკვლევრებს საშუალებას აძლევს დაამუშაონ მაღალი გარჩევადობის ხელნაწერის გამოსახულებები, გამოყონ ტექსტური არეები და სტრიქონები, შექმნან ტრანსკრიფციები, ასევე მოამზადონ და დახვეწონ ხელოვნური ინტელექტის მოდელები კონკრეტული დამწერლობისა და ხელწერისთვის.

Codex Sinaiticus Zosimi Rescriptus-ის შემთხვევაში აღნიშნული შესაძლებლობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ხელნაწერი რამდენიმე სირთულით გამოირჩევა: ერთმანეთზე გადაფენილი ტექსტური ფენებით, დაზიანებული ან წაშლილი ტექსტით, წაკითხვადობის განსხვავებული ხარისხითა და ქართული საეკლესიო დამწერლობის სპეციფიკური მახასიათებლებით.

პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ისეთი მოდელების გაწვრთნა და დახვეწა, რომლებიც იოანე-ზოსიმეს ხელწერას უფრო ეფექტიანად ამოიცნობენ. ამისათვის აუცილებელია გამოსახულებების საგულდაგულო მომზადება, ტექსტის სეგმენტაციისა და ტრანსკრიფციის ხელით შესწორება, ასევე მოდელების მრავალჯერადი ადაპტაცია ხელნაწერის დამწერლობის, სტრუქტურისა და დაცულობის ხარისხის შესაბამისად.

ამრიგად, პროექტი აერთიანებს პალეოგრაფიისა და კოდიკოლოგიის ტრადიციულ მეთოდებს თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებთან.

აღნიშნული შემთხვევის ანალიზის საფუძველზე მოხსენება წარმოაჩენს, თუ როგორ შეიძლება eScriptorium-ის გამოყენებამ ხელი შეუწყოს არა მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ხელნაწერის ტრანსკრიფციას, არამედ ქართული პალიმფსესტური ხელნაწერების კვლევისთვის მრავალჯერადი გამოყენების მქონე მეთოდოლოგიური მიდგომების განვითარებასაც.


Keywords

Georgian palimpsests; AI model training; eScriptorium; handwritten text recognition; digital cultural heritage