სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი

ასისტენტ-მკვლევარი

თეოლოგია, ფილოსოფია 

შუა საუკუნეების მაგისტრი, ფილოსოფიის დოქტორანტი

თბილისი/საქართველო 

tornike.goginashvili.1@iliauni.edu.ge


ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ სომხურიდან ქართულად თარგმნილი „პერი ჰერმენეიას“ კომენტარი და მისი შედარებითი ანალიზი თომა აქვინელის კომენტარებთან

აბსტრაქტი

არისტოტელეს “Peri Hermeneias” ანტიკურ და შუა საუკუნეების პერიოდში უმნიშვნელოვანეს ტექსტს წარმოადგენდა. დასავლურმა სამყარომ აღნიშნული ნაშრომი V-VI საუკუნეებში ბოეციუსის თარგმანით გაიცნო. ანტიკურ პერიოდში, ძველი ლოგიკის მთავარი ტექსტები: არისტოტელეს კატეგორიები (Categores), განმარტებისათვის (De interpretatione) და პორფირის ისაგოგე (Isagoge) იყო. შუა საუკუნეებამდელ სკოლებში სწორედ აღნიშნული ნაშრომებით მიმდინარეობდა სწავლა. შუა საუკუნეების პერიოდში შესაძლებელი გახდა არისტოტელეს შრომები დაბრუნებოდა დასავლურ სამყაროს. მთელი XIII საუკუნის განმავლობაში მიმდინარეობდა არისტოტელეს სხვადასხვა ნაშრომების თარგმნა არაბულიდან ლათინურ ენაზე, რასაც ახალი ლოგიკის დაბადება მოჰყვა. არისტოტელეს სხვა ნაშრომების თარგმანების გაჩენის მიუხედავად შუა საუკუნის უნივერსიტეტებში De interpretatione მიანც რჩებოდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან სასწავლო ტექსტად. De interpretatione-სადმი ყურადღება არც შუა საუკუნეების შემდგომ შესუსტებულა. ამის საუკეთესო მაგალითია მე-18 საუკუნეში ზურაბ შანშოვანის მიერ სომხურიდან ქართულად თარგმნილი არისტოტელეს ,,პერიერმენია”, რომელსაც იმავე საუკუნეში მოჰყვა სხვა ორი თარგმანი, მასზე დართული კომენტარებით. ერთი თარგმანი შესრულებულია ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ რომლის სომხურიდან ქართულად თარგმნილი კომენტარის ავტორიც უცნობია. ხოლო მეორე თარგმანში იოანე ვოროტნეცის კომენტარი თარგმნეს ფილიპე ყაითმაზაშვილმა და დოსითეოს ნეკრესელმა. ორივე თარგმანის ხელნაწერი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არის დაცული, რომლის კრიტიკულ გამოცემაზეც სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი მუშაობს. შუა საუკუნეებში De interpretatione-ს ტექსტის სასწავლო კურიკულუმში გამოყენებამ სხვადასხვა ავტორის მიერ მასზე დაწერილი კომენტარების სიმრავლე გამოიწვია. შუა საუკუნეების ავტორებს შორის, რომელთაც “Peri Hermeneias” ტექსტზე კომენტარები აქვთ დაწერილი, წინამდებარე სტატიისთვის მნიშვნელოვანია თომა აქვინელი და მისი კომენტარები, რომელიც მას 1269-1271 წლებში უნდა დაეწერა. აქვინელის კომენტარებს, გარდა იმისა, რომ თავისთავადი ღირებულება გააჩნია, მნიშვნელოვანია ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ ქართულად თარგმნილი უცნობი ავტორის კომენტარის კვლევის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ თავად კომენტარში ავტორად დავით უძლეველია დასახელებული ქიზიყელის მიერ თარგმნილი კომენტარის ავტორობა სამეცნიერო ლიტერატურაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და კიდევ საჭიროებს გამოძიებას. ამ თვალსაზრისით წინამდებარე სტატიის მიზანია ნიკოლოზ ქიზიყელის მიერ თარგმნილი კომენტარის შედარება თომა აქვინელის კომენტარებთან იმის დასადგენად, თუ რამდენად არის შესაძლებელი ქართულად თარგმნილი უცნობი ავტორის კომენტარში აქვინელის თეოლოგიურ-ფილოსოფიური თუ ლოგიკური თეორიების აღმოჩენა?


საკვანძო სიტყვები: სიგნიფიკაცია, განუსაზღვრელი არსებითი სახელი, კონტრადიქტორული ენუნსიაცია, თომა აქვინელი, ნიკოლოზ ქიზიყელი.