საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
თბილისი/საქართველო 
Idolidze@tafu.edu.ge

 

აბსტრაქტი

 

XX საუკუნის საქართველოს სათეატრო  არქიტექტურაში  განსაკუთრებულია არქიტექტორ მიხეილ ჩხიკვაძის (1903-1987) როლი. თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის კურსდამთავრებული შემოქმედებით ასპარეზზე 1930-იან წლებში გამოდის. ამ პერიოდის საქართველოში ისევე, როგორც მთელ საბჭოთა კავშირში, აქტიურად მიმდინარეობდა ფართომასშტაბიანი მშენებლობები. მრავალფეროვანი იყო არქიტექტურის თემატიკაც. საცხოვრებელი, კომუნალური, სამეურენო და სხვა ტიპის კომპლექსებთან ერთად,  შენდება სახალხო კლუბები, კულტურის სასახლეები, სათეატრო შენობები, კინოთეატრები  და სხვ.   თვალსაჩინოა  სათეატრო არქიტექტურისადმი გაზრდილი ინტერესიც. უკვე 1930-იანი წლების შუა ხანებში საქართველოში ათეულობით თეატრია. ასე მაგალითად, 1935 წლისთვის აღრიცხულია 35 მოქმედი თეატრი.  შთამბეჭდავია ამავე პერიოდში  დაგეგმილ-დაწყებული თუ აშენებული სათეატრო შენობების რაოდენობაც. თუმცა ყველაზე  მეტ  ინტერეს  მათი პროექტები  და არქიტექტურული გადაწყვეტა იწვევს.  

  საბჭოთა  სათეატრო არქიტექტურას უნდა გამოეხატა ახალი იდეოლოგიის მნიშვნელოვნება და საყოველთაობა. 800-დან 2 500 მაყურებლამდე ტევადობის თეატრები შენდება საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების დედაქალაქებში, ადმინისტრაციულ ცენტრებსა და პატარა ქალაქებში.  სათეატრო ნაგებობათა პროექტებზე  ცხადდება ღია და დახურული კონკურსები,  ყალიბდება სპეციალური  მოთხოვნები, რას და როგორ  უნდა ასახავდეს საბჭოთა თეატრის არქიტექტურა. მთავარი ამოცანა ახალი ტიპის სათეატრო ნაგებობის შექმნა და, შესაბამისად, ახალი არქიტექტურული ფორმების ძიებაა. ფორმებისა, რომლებიც ყველაზე უკეთ გამოხატავს სოციალისტური სახელმწიფოს იდეოლოგიურ მრწამს.

სათეატრო ნაგებობების მშენებლობა საბჭოთა კავშირის მასშტაბით სულ უფრო მასობრივ ხასიათს იძენს. 1930-1950-იან წლებში აქ ბევრად მეტი თეატრი აშენდა, ვიდრე ერთად აღებული ევროპის ქვეყნებში.  შთამბეჭდავია საქართველოში აგებული სათეატრო  ნაგებობებიც:  ქ. ქუთაისში  (1933-1940.  არქ. შ. თავაძე. 1955  არქ. მ. შავიშვილი), სოფელ ველისციხეში (1931), ქ. გორში (1934/5-1939.  არქ. შ. თავაძე, მ. ჩხიკვაძე),  ქ. ზუგდიდში  (1932; 1944-47. არქ. მ. ნეპრინცევი), დაბა  ხულოში  (1931-1937), ქ. ლანჩხუთში (1936. არქ. კ. გვასალია. მ. ბაღდავაძე (?),  ქ. ფოთში  (რეკონსტრქუცია 1933-36. არქ. ა. კალგინი და ტერ-სტეპანოვი), ქ. ჭიათურაში (1949,  არქ. კ. ჩხეიძე, მ. ჩხიკვაძე), ქ.  ბათუმში  (დრამატული თეატრის შენობა  - 1936, 1939, 1946-1952, არქ. ლ. ტეპლიცკი;  საზაფხულო თეატრი - 1947-48, არქ.  კ. ჯავახიშვილი, ბ. კირაკოსიანი).  ქ.  ოზურგეთში (1934-35 არქ. ვ. ქადეიშვილი, 1949,  1961.  არქ. კ. ჩხეიძე), ქ. სოხუმში (1952, არქ. მ. ჩხიკვაძე)  და სხვ.   

ამდენად, დროის მცირე მონაკვეთში მიხეილ ჩხიკვაძის მიერ და მისი მონაწილეობით დაპროექტებულია სამი სათეატრო ნაგებობა  (დრამატული თეატრის შენობები ქ. გორში (1938, . თავაძესთან ერთად), ქ. ჭიათურაში (1949, არქიტექტორ . ჩხეიძესთან ერთად), ქ. სოხუმში (1952, . ჩხეიძესთან ერთად). როგორ აისახა ეპოქის თავისებურებები არქიტექტურის ამ  კონკრეტულ ნიმუშებში, რა გამოარჩევთ მათ და როგორია ამ  ნაგებობების როლი სათეატრო არქიტექტურის შემოდგომ ტრანსფორმაციაზე.  

 

საკვანძო სიტყვები: მიხეილ ჩხიკვაძე, თეატრი, სათეატრო არქიტექტურა, ჭიათურის თეატრი, გორის თეატრი, სოხუმის თეატრი.