თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი, საქართველოს უნივერისტეტი

ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი 

თბილისი/საქართველო 

mar.gvelesiani@ug.edu.ge

აბსტრაქტი 

არმაზისხევის N1 სამარხში აღმოჩენილი ასპავრუკ პიტიახშის ოქროს საბეჭდავი ბეჭედი სარდიონის ინტალიოთი წარმოდგენს საქართველოში გამოვლენილ ყველაზე ადრეულ და წარწერით დამოწმებული ისტორიული პირის პორტრეტიან საბეჭდავ ბეჭედს (ახ.წ. II–III სს.). გლიპტიკური ხელოვნების ამ ნიმუშზე გრავირებული ბერძნული ნეგატიური წარწერა „σπαυρούκις πιτιάξης“ (ასპავრუკი პიტიახში) ადასტურებს როგორც გამოსახული პირის ვინაობას, ისე ნივთის ფუნქციას — ის  იყო ქართლის უმაღლესი მოხელის - პიტიახშის ოფიციალური საბეჭდავი ანუ მისი სახელმწიფო ხელისუფლების მატერიალურად გამომხატველი ნივთი, ინსიგნია.

ინტალიოს იკონოგრაფიული და სტილისტური ანალიზის საფუძველზე ნაშრომში  ხაზი ესმევა ასპავრუკის პორტრეტის რეალისტურ ხასიათს, რომელიც უკავშირდება რომაულ გლიპტიკაში დამკვიდრებულ “ვერიზმის” ტენდენციებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინდივიდუალური ნიშნების გადმოცემას, ფსიქოლოგიურ გამომსახველობასა და ფორმის პლასტიკურ დამუშავებას, რაშიც თავს იჩენს ანტიკური (ელინისტურ-რომაული) მხატვრული გავლენებისა და ადგილობრივი ტრადიციის სინთეზი.

ამასთან, მხატვრულის გარდა, ძეგლის განხილვა-გაანალიზება ხდება უფრო ფართო შედარებით კონტექსტში: ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლების კვალად, მოხმობილია ბერძნულ-რომაული წერილობითი წყაროები და არქეოლოგიური პარალელები, რომლებიც საბეჭდავი ბეჭდის როგორც იურიდიული ინსტრუმენტის, სოციალური სტატუსის ნიშნისა და დელეგირებული ძალაუფლების მაუწყებელი ინსიგნიის ფუნქციას ადასტურებს. განიხილება  ასევე, სარდიონის, როგორც მასალის, სიმბოლური და პრაქტიკული მნიშვნელობა ანტიკური ხანის მინერალოგიის კუთხით.

ასპავრუკის ბეჭედის გარდა, სამარხში აღმოჩენილი მისი კუთვნილი ნივთები (სარტყელი, საცერემონიო სატევრის ქარქაშის ოქროს  გარსაკრავი) მოწმობს, რომ გვიანანტიკური ქართლის სამეფოში მეფის შემდგომ მეორე პირი, სამეფო და სამხედრო ძალაუფლების უმაღლესი წარმომადგენელი პიტიახში უნდა ყოფილიყო. ამის უპირველესი მადასტურებელია ასპავრუკის უფლებრივი საბეჭდავი ბეჭედი, რომელიც ცხადყოფს  როგორც ქართლის ელიტის ინტეგრაციას ანტიკური სამყაროს კულტურულ სივრცეში, ასევე, გლიპტიკის ნიმუშთა ადგილობრივ წარმომავლობას.

საკვანძო სიტყვები: ქართლის სამეფო, არმაზისხევი, ასპავრუკ პიტიახში, საბეჭდავი ბეჭედი, ინსიგნია, გლიპტიკა, ინტალიო, რომაული გავლენა.