კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
ფილოლოგია
ფილოლოგიის დოქტორი
თბილისი/საქართველო
esmamania2@gmail.com
აბსტრაქტი
გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების მრავალშრიანობასა და ორიგინალობას, ბუნებრივია, სხვადასხვა ტიპის წყარო უდევს საფუძვლად. 1920-30-იან წლებში მისთვის მეტად ნაყოფიერ, უმდიდრეს წყაროდ შეგვიძლია მივიჩნიოთ ევროპული მხატვრული, ესეისტური, ფილოსოფიური და ისტორიოგრაფიული ლიტერატურა როგორც ერთჯერადი, ისე პერიოდული ორგანოების სახით გამოცემული. ამ დროის გამოცემებში გალაკტიონ ტაბიძე არჩევს როგორც ანთოლოგიებს, ისე შედარებით კომბინირებულ გამოცემებს - ჟურნალებს ლიტერატურაზე, მეცნიერებასა და ხელოვნებაზე. ეცნობა კრიტიკულ ესეებს და, ზოგადად, ლიტერატურის ისტორიის შესახებ დიდტანიან კვლევებს ევროპელ მეცნიერთა ავტორობით. უპირატესობას ანიჭებს მისთვის ანგარიშგასაწევი რუსი ავტორების თარგმანებს. შესაბამისად, ნაშრომში ყურადღებას გავამახვილებთ იმ გამოცემების იდენტიფიკაციაზე, რომლებზეც გალაკტიონ ტაბიძეს ხელი მიუწვდებოდა. შევეცდებით, პასუხი გავცეთ კითხვაზე, როგორი იყო მის მიერ ნასარგებლები გამოცემების საგამომცემლო პოლიტიკა თუ იდეოლოგიური პროგრამები და მათი მოდელირების რა გზებს მიმართავდა ქართველი პოეტი ამ ცოდნის თავისებური შემოქმედებითი ადაპტაციისთვის. საგულისხმოა დაკვირვება იმაზე, იდეოლოგიური კრიზისის პირობებში როგორ გარდაქმნის პოეტი მხატვრული სახეების, მოდელების, ჟანრობრივი სტრუქტურების ევროპულ ცოდნას; როგორ უმკლავდება მისთვის უალტენატივოდ ღირებული იმ ფასეულობების დევალვაციას, რომლებიც ასე უკომპრომისოდ ექცევა ბიუროკრატიული წნეხის ქვეშ; როგორ კორექტირდება მისი კურსი ამ პირობებში და როგორ გადადის აქცენტი გერმანელ, ფრანგ, უნგრელ, პოლონელ რევოლუციონერ ავტორებზე; მოგვიანო პერიოდში ევროპელი ავტორები, როგორც გალაკტიონ ტაბიძის ინტერესების პირდაპირი ობიექტები, როგორ გარდაიქმნებიან რეტროსპექტული გააზრების ობიექტებად; როგორ ხდება მათი შეპირწონება კომუნისტურ ხედვასთან; ევროპული ლიტერატურის ხაზი ანალიტიკური კომპონენტიდან როგორ კორექტირდება შედარებით სტატიკურ – სენტენციებისა და გამონათქვამების ბლოკად. პარალელურად კი პოეტის პირდაპირი ინტერესების ობიექტებად როგორ ჩნდებიან და თანდათან მრავლდებიან საბჭოთა, ძირითადად, უკრაინელი და ბელორუსი ავტორები. ცალკე მსჯელობის თემაა გალაკტიონ ტაბიძის მინაწერები წაკითხულ წიგნებზე, რეფლექსირების მისეული ფორმები, მინაწერების სტატისტიკური ანალიზი, სათქმელის თემატიკა და მიზანდასახულობა. კიდევ ერთი საგულისხმო საკითხია ევროპელი ავტორების მოხსენიების ტენდენცია არა საჯარო, საპუბლიკაციო შემოქმედებაში, არამედ - დღიურებში, პირად ჩანაწერებში მათი კონტექსტებისა თუ ინტერპრეტაციების გათვალისწინებით. საინტერესო მინიშნებებს გვაძლევს მომიჯნავე ჩანაწერების ინერციული გავლენები ერთმანეთზე, ასევე ამ ჩანაწერების რაოდენობრივი ანალიზი წლების მიხედვით და სხვა. ამ მონაცემებით კი შესაძლებელი ხდება გალაკტიონ ტაბიძის, როგორც ევროპული ლიტერატურის მკითხველის, პორტრეტის ერთი რაკურსის ოპტიმიზაცია.