ბრამსის ინსტიტუტი
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი / აკადემიური კვლევების კოორდინატორი
თბილისი/საქართველო
dianalecturs@gmail.com
აბსტრაქტი
საქართველოს კონსტიტუცის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოში ოფიციალური სახელმწიფო ენა არის ქართული, აფხაზეთში — აფხაზური. მეგრული (მარგალური ნინა) განიხილება როგორც ქართველურ ენათა ოჯახის ერთ-ერთი ენა (ან დიალექტი/ენობრივი ერთეული), რომელიც სარგებლობს დაცვით, როგორც საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი. დღემდე არ ცხრება ვნებათაღელვა მეგრული ენის ირგვლივ, რაც, არცთუშვიათად, სოციალური თუ პოლიტიკური დაპირისპირების საბაბიც კი ხდება.
საიდან იღებს სათავეს კამათი ამ თემის გარშემო, რა წანამძღვრები ჰქონდა პრობლემის წარმოშობას და, რამდენად აქტუალურია იგი დღეს, ან როგორი უნდა იყოს მოვლენათა სასურველი განვითარება ამ თვალსაზრისით? წინამდებარე გამოკვლევა ამ კითხვებზე პასუხის ძიებაა.
პირველყოვლისა, ვეყრდნობით მწერლის, მეცნიერის, მთარგმნელის, ეთნოგრაფის, ლექსიკოგრაფის, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, პარიზის საანთროპოლოგიო საზოგადოების საზღვარგარეთელი წევრ-კორესპონდენტის ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში (1904 წლიდან მის გარდაცვალებამდე (1956) და, რაც, უთუოდ, არანაკლებ მნიშვნელოვანია — თავად მეგრელის, მეგრულის ჩინებულად მცოდნე და დამფასებელი პიროვნების, თედო სახოკიას ძალზე მნიშვნელოვან პუბლიცისტურ წერილს: „თქვენ რაღას მისდევთ?!“ რაც, არსებითად, ამომწურავი პასუხია ჩემს მიერ გამოკვლევაში დასმული პირველი კითხვისა: თუ საიდან იღებს სათავეს კამათი ამ თემის გარშემო და რა წანამძღვრები ჰქონდა ამ პრობლემის წარმოშობას.
ავტორის დამაჯერებელი მტკიცებით: „მეგრული ენის საკითხი რუსების შემოსვლამდე არ არსებობდა“, რომ დამპყრობლის მხრიდან: „1870 წელს იერიში მიტანილ იქნა სამეგრელოს სკოლებზე“, რასაც მხარი აუბეს და დასაყრდენი შეუქმნეს ადგილობრვმა სეპარატისტულად განწყობილმა ჯგუფებმა, რუსთა მოხელეებმა და მისთ., რომ ეს იყო ხერხი, ხრიკი, გაცილებით ვერაგული პოლიტიკური ჩანაფიქრის განხორციელებისა საქართველოს წინააღმდეგ.
პუბლიცისტური წერილი, რომელიც, ფაქტობრივად, წარმოადგენს მტკივნეული პრობლემის მეცნიერულ კვლევას მოვლენის მიზეზ-შედეგობრივი ანალიზით, სიღრმისეული ფაქტორების, მოტივაციათა ძიებებითა თუ განზოგადებებით, მნიშვნელოვანი, სარწმუნი დოკუმენტია, სადაც თედო სახოკია დამაჯერებელი არგუმენტების: იმჟამინდელი მედიის, ისტორიული ფაქტებისა თუ უზადო ლოგიკური მსჯელობის, განსჯის, კრიტიკული აზროვნების მომარჯვებით ასაბუთებს საკუთარ კონცეფციას. ავტორი დაწვრილებით აღწერს საქართველოს გარუსების პოლიტიკისა და საამისოდ, ვითომდა მეგრული დიალექტის დაცვის საბაბით, ქართული ენის აკრძალვისა და რუსულის დამკვიდრების მიზნით მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში გაწეული რუსიფიკატორული პროპაგანდის ანატომიას. იმპერიის რუსიფიკატორული პოლიტიკა არც შემდგომ პერიოდებში დამცხრალა, ტენდენცია გაგრძელდა და, განსაკუთრებული სიმწვავე საბჭოთა რეჟიმის დროს შეიძინა.
რაც შეეხება მომდევნო ორ კითხვას, შევეცადეთ, მათზეც გვეპასუხა ფაქტებისა თუ დოკუმენტების, ცალკეული მეცნიერული გამოკვლევების, გამორჩეულად, მეცნიერთა ჯგუფის: გვანცა გვანცელაძის, თეიმურაზ გვანცელაძის, სოფიკო ჭაავასა და მონიკა ხობელიას მონოგრაფიისა „ენათა შერწყმს ბოლშევკური კონცეფცია და ენობრივი პოლიტიკა 30-იანი წლების აფხაზეთში“ და პროფ. როსტომ ჩხეიძის ახლახან გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიის: „ენობრივი მშენებლობის დრამა: ბოლშევიკური ენათა შერწყმის პოლიტიკა“, დამოწმებით.
დასასრულს შემოთავაზებული გვაქვს საკუთარი მოკრძალებული დასკვნები და რეკომენდაციები პრობლემის განმუხტვის მიზნითა და იმედით.
საკვანძო სიტყვები: მეგრული, ქართველური ენები, ენის პოლიტიკა, საქართველო, რუსეთი, რუსიფიკაცია, ენათა შერწყმა.