ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. თსუ - ასოც. პროფესორი. სამცხე-ჯავახეთის სახ. უნივერსიტეტი- მოწვეული პროფესორი

თბილისი/საქართველო

nestan.sulava@tsu.ge

 

აბსტრაქტი

 

ქართული „ბალავარიანის“ სიუჟეტურ განვითარებასა და კომპოზიციურ აგებულებაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ მთავარი გმირი იოდასაფი, მამის, აბენესის სურვილისა და მცდელობის საწინააღმდეგოდ, სულიერი თვალსაზრისით მკითხველის თვალწინ გარდაისახება უფლისწულიდან წმინდანად და იდეალურ გმირად ყალიბდება თხზულების სხვა პერსონაჟთა ფონზე. მეტიც, ბალავარისაგან განსწავლული მეფისწული ქრისტიანული მრწამსის გავრცელების ინიციატორია თავის სამეფოში. „ბალავარიანი“ კომპოზიციურად განსხვავებული ჟანრის თხზულებებთანაც ამჟღავნებს სიახლოვეს უშვილო მეფის ამბის ასახვით; მეფე აბენესი უფლისწულის აღზრდას უძველესი რელიგიური მრწამსისა და სწავლებების მიხედვით შეეცადა, მაგრამ ღმერთმა სხვაგვარად განაგო და სრულიად განსხვავებული სულიერი ცხოვრების, ქრისტიანული მსოფლხედვისა და თვითშეგნების გზით წარმართა უფლისწულის მომავალი. იოდასაფი, აკრძალვების მიუხედავად, ეზიარა ქრისტიანულ მრწამსს და თვითშემეცნების უმაღლეს საფეხურს მიაღწია: შეძლო სხვათა მოქცევა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მის მიერ მამის გაქრისტიანება. ეს იოდასაფის მხრიდან უდიდესი ძალისხმევის, შეუპოვარი ბრძოლის შედეგად გახდა შესაძლებელი.

 „სიბრძნე ბალაჰვარისი“ ქართული ჰაგიოგრაფიისაგან განსხვავებულ ტენდენციებს ამჟღავნებს და ბიზანტიურ ჰაგიოგრაფიულ მწერლობაში გაკვალულ გზას მიჰყვება. მასში არაა ეროვნული პრობლემა წარმოსახული, რასაც თვით თხზულების წარმომავლობა განსაზღვრავს: იგი ბუდას ცხოვრების ქრისტიანიზებული ვერსიაა. აქ ავტორის ეროვნული პოზიცია არ შეინიშნება, არც იყო მოსალოდნელი; მასში ავტორისეული ქრისტიანული ასკეტური ცხოვრების კონცეფცია უმთავრეს ადგილს იჭერს, რადგან მთავარია პერსონაჟის სულიერი გარდასახვა, მაცხოვარს მიმსგავსება, მის კვალზე წმინდანის სვლა, მაცხოვრის ვნების გზის გავლის დამოწმება, ცოდვითდაცემული ადამის პირველსახის დაბრუნება, საღმრთო შურით აღჭურვილი ყოველი ადამიანის მცდელობით დაცემული ადამის ამაღლებაზე ზრუნვა, რაც მხოლოდ ღვთის ნებითაა შესაძლებელი; თხზულების მიზანდასახულობა წმინდანობის გზაზე შემდგარი ჰაგიოგრაფიული გმირის განღმრთობა და ღმერთშემოსილად ქცევაა. ამ მიზნისაკენ მიმავალი გზა ურთულესია, იგი ფიზიკური ტანჯვითა და ქრისტიანული სიხარულითაა გასავლელი, რათა წმინდანმა, ჰაგიოგრაფიული გმირის ზოგადი მხატვრული სახის ნიშან-თვისებით შემკულმა და უფალს მიახლოებულმა ადამიანმა, ამქვეყნიური თვისებები ღვთაებრივს მიმსგავსებულად გარდასახოს. ავტორი საკვანძო საკითხად იოდასაფის წმინდანად ჩამოყალიბების მხატვრულ ხერხს მიმართავს, შეიძლება ითქვას, რომ თვითონ ქმნის იოდასაფს წმინდანად.  ჰაგიოგრაფიის წმინდანი, „ბალავარიანში“ თვით ბალაჰვარი და მისი მოწაფე იოდასაფი, რომლებსაც უახლოვდება აბენესი, თანდათანობით იმოსებიან ხატით „ზეცისაგანით“, რაც ამქვეყნიური ღირსად ცხოვრება-მოღვაწეობის შემდეგ//შედეგად განღმრთობითა და ღმერთთან ზიარებით სრულდება.

მოხსენების მიზანია ქართული „ბალავარიანის“ მეფისა და მეფისწულის სულიერი ხატ-სახის წარმოჩენა, იოდასაფის და ბალაჰვარის წმინდანად ჩამოყალიბების პროცესის შესახებ მსჯელობა.

 

საკვანძო სიტყვები: ქართული „ბალავარიანი“, იოდასაფი, ბალაჰვარი, ჰაგიოგრაფიული გმირი, სულიერი გარდასახვა, განღმრთობა.