საქართველოს უნივერსიტეტი
ფილოლოგიის და ფილოსოფიის დ-რი/პროფესორი
თბილისი/საქართველო
merabghaghanidze@yahoo.com

 

აბსტრაქტი

 

ბატონიშვილი ვახუშტი (1696-1756), თავის ნაშრომში, – “აღწერა სამეფოსა საქართველოსა (1745), – ქვეყნის ორი სახელის (საქართველო, ივერია) განხილვის შემდეგ, მოიხსენიებს და განიხილავს კიდევ მესამე სახელს, რომელიც თავად ადგილობრივ მცხოვრებთა, – ქართველთა, – შორის არ გამოიყენება, მაგრამ, წინა ორივეს მსგავსად, უკავშირდება ქვეყნის შინაარსსაც და მის ისტორიასაც, თუნდაც ისევ ლეგენდურად: ეს სახელია გიორგია.

ისტორიკოსს მიაჩნია, რომ გიორგია, განსხვავებით საქართველოსა და ივერიისაგან, არაა ქართულად დარქმეული სახელი (როგორც, ვთქვათ, ივერია), რაკი მას საფუძვლად უდევს უცხოენოვანი გიორგი, რომელიც მუშაკად, ანუ მშრომელად ითარგმნება (თუმცა არაა დაზუსტებული, თუ – კერძოდ, რომელი ენიდან). ვახუშტის შეხედულებით, არაქართველებს ქვეყნისათვის ასეთი სახელწოდება მიუნიჭებიათ ქართველების გამოხატულად მტკიცე, გამრჯელი მშრომელობის (მომჭირნეობისა მუშაკობისა) გამო, რაკი უცხოელებს თვალნათლივ შეუმჩნევიათ ქვეყნის მკვიდრთა, – ქართველთა, – სწორედ ეს თვისება და ამ გამორჩეული, განმაპირობებელი თვისების მიხედვით დაურქმევიათ უსახელო მიწისათვის (უსახელოსათვის – მათი სამზერიდან) ამგვარი სახელი.

ამას გარდა, – და ეს ქვეყნის სახელდების მეორე მიზეზი აღმოჩნდა, – სახელი გიორგია დაფუძნებია წმიდა გიორგის სახელს, რომელიც წმიდა ნინოს ნათესავი ყოფილა, ან, უფრო ზუსტად, – ნინოს მამის, ზაბილონ კაბადუკიელის ნათესავი.

შესაძლებელია ითქვას, რომ, ვახუშტის აზრით, წმიდა გიორგი ორმაგად უკავშირდება ქვეყანას, რაკი, ერთი მხრივ, მისი განმანათლებლის, წმიდა ნინოს, მამის ნათესავია, ხოლო, მეორე მხრივ, მას შემდეგ, რაც სამეფო, წმიდა ნინოს მოღვაწეობის შედეგად, გაქრისტიანებულა, ამ მიწაზე მრავალი სასწაული მომხდარა, – სწორედ ამ წმიდანის წყალობით; თანაც, მთელ სახელმწიფოში (“ყოველსა ივერიასა შინა), ირგვლივ, არსად დარჩენილა არცერთი ბორცვი თუ გორაკი, სადაც არ აშენებულიყოს წმიდა გიორგის ტაძარი. ასე რომ, აგრერიგად ახლობელ და სათაყვანო წმიდა გიორგის სახელსაც, რომელთანაც ქვეყნის მჭიდრო კავშირი, ისტორიკოსის გადმოცემით, ამდენად ცხადია, უთუოდ განუპირობებია ქვეყნის სახელი.

შემდგომ, აღსანიშნავია, რომ, ისტორიკოსის თვალსაზრისით, ქვეყნის უცხოური სახელები, – ევროპულნი თუ აღმოსავლურნი, ბერძნული თუ რუსული, – სწორედ ამ გიორგიას შეესაბამება, ოღონდ, ორთოგრაფიულ განსხვავებათა გამო (ორფოღრაფიის გამო”), სხვადასხვა ენაზე სხვადასხვანაირად იწერება და გამოითქმება: იქნება ეს ჯორჯიანი, გრუზი თუ გურჯი. თვალსაჩინოა, რომ ბატონიშვილმა ვახუშტიმ ქვეყნის ყველა უცხოურ სახელში იპოვა ერთი საფუძველი, ხოლო ეს საფუძველი იყო სახელი გიორგია.

ღირსშესანიშნავია, რომ ერთიანი ქვეყნის მესამე სახელი, – გიორგია, – რომელიც სწორედ ვახუშტიმ შემოიტანა ქართულ ისტორიოგრაფიულ-კულტურულ გარემოში და სწორედ მან, პირველმა, ახსენა, აღბეჭდა და განმარტა, – ქართველთა შორის და ქართულად, – ეს არაქართული სახელი გამოხატავდა იმ აღქმას, თუ რაგვარად ჩანდა ქვეყანა მსოფლიოს სამზერიდან, და მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ ამ სამზერიდან დანახული ქვეყანა იყო განუყოფელი, მთლიანი, ერთიანი, რომელსაც ერთი სახელი ეწოდებოდა.

 

საკვანძო სიტყვები: ვახუშტი, გიორგი, საქართველო, სახელი.