ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მოწვეული ლექტორი
საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა
ისტორიის მაგისტრი, დოქტორანტი
თბილისი/საქართველო
nodiairakli@gmail.com
აბსტრაქტი
სარიყამიშის ბრძოლა (1914 წლის დეკემბერი – 1915 წლის იანვარი), რომელიც მიმდინარეობდა კავკასიის ფრონტზე, წარმოადგენს პირველი მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ და ტრაგიკულ ეპიზოდს. ოსმალეთის იმპერიის შეტევითი ოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ენვერ ფაშა, ხოლო რუსეთის თავდაცვით ძალებს მეთაურობდა გენერალი ნიკოლაი იუდენიჩი, დასრულდა მძიმე მარცხით და მასშტაბური ადამიანური დანაკარგებით. მოცემული მოხსენების მიზანია სარიყამიშის ბრძოლის გაშუქების ანალიზი ბრიტანული პრესის მასალებზე დაყრდნობით — განსაკუთრებით The Times, The Manchester Guardian, Daily Telegraph, The Scotsman და Illustrated London News — და ამ მასალების კრიტიკული შეფასება, როგორც დისკურსული და პოლიტიკურად მედიირებული წყაროების. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფორმაციის წყაროებს, გადაცემის მექანიზმებს, მიკერძოებასა და პროპაგანდისტულ ელემენტებს. მოხსენება ეფუძნება ბრიტანული პრესის სტატიების ანალიზს 1914–1915 წლების პერიოდში. ბრიტანული პრესა განიხილება არა მხოლოდ ინფორმაციის გამავრცელებლად, არამედ დისკურსის შემქმნელ ინსტრუმენტად, პოლიტიკური ნარატივის გამავრცელებელ მექანიზმად და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების საშუალებად. ამდენად, პრესა ერთდროულად განიხილება, როგორც ნარატიული წყარო, მასობრივი კომუნიკაციის ინსტრუმენტი და პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი. გამოყენებულია ისტორიულ-კრიტიკული მეთოდი, რომელიც მოიცავს ტექსტების შინაარსობრივ ანალიზს, დისკურსის კვლევას, ინფორმაციის წყაროთა იდენტიფიკაციასა და შედარებას თანამედროვე ისტორიოგრაფიასთან. ანალიზი ეყრდნობა შემდეგ ძირეულ კითხვებს: ვინ წერს? რა წყაროებს იყენებს? რა ინტერესებს ემსახურება? რა არის გამოტოვებული? აღსანიშნავია, რომ ბრიტანული პრესა მოქმედებდა სამხედრო ცენზურის პირობებში, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ინფორმაციის შერჩევასა და ინტერპრეტაციაზე. ბრიტანული გაზეთები სარიყამიშის ბრძოლას თავიდანვე წარმოაჩენდნენ, როგორც რუსეთის იმპერიის სამხედრო წარმატებასა და ოსმალეთის მარცხს. გამოიყოფა რამდენიმე დომინანტური თემა. რუსეთის გამარჯვება. სტატიებში ხაზგასმულია გენერალ იუდენიჩის ხელმძღვანელობით მიღწეული წარმატებები. რუსეთი წარმოდგენილია, როგორც სტაბილური და ეფექტური სამხედრო ძალა — ბრიტანული პრესა მუდმივად უსვამს ხაზს რუსული არმიის „გამძლეობასა" და „ორგანიზებულობას". ოსმალეთის მარცხი. ოსმალეთის კამპანია სტატიებში აღწერილია, როგორც „ამბიციური, მაგრამ არასაკმარისად მომზადებული", „ლოგისტიკურად გაუმართავი" და „კლიმატურ პირობებთან შეუთავსებელი" — სტრატეგიული შეცდომებითა და კატასტროფული უკანდახევით დასრულებული ოპერაცია. გერმანული გავლენის ნარატივი. სტატიებში გამუდმებით გვხვდება იდეა, რომ ოპერაცია იყო „გერმანული სამხედრო აზროვნების შედეგი" — ხშირად ოტო ლიმან ფონ სანდერსის სამხედრო კონტექსტთან დაკავშირებით. ეს ნარატივი ემსახურებოდა ბრიტანული საზოგადოებისთვის პოლიტიკური მესიჯის მიწოდებას.