თსუ
პროფორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის მენეჯერი
კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა
დოქტორანტი
თბილისი/საქართველო
salome.tchanturidze@tsu.ge
აბსტრაქტი
1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის პირველ წარმატებულ გამოცდილებად იქცა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს (1918-1921 წწ.), საშინაო თუ საგარეო სირთულეების მიუხედავად, არაერთი საგანმანათლებლო, კულტურული, სოციალური, საკანონმდებლო და სხვა რეფორმის განხორციელება გახდა შესაძლებელი. ახლადდაარსებულმა რესპუბლიკამ მედიის თავისუფლება სახელმწიფოებრივი განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძვლად აქცია, რამაც ბეჭდვითი საქმის გააქტიურება და ადრე აკრძალული გამოცემების ხელახალი გამოქვეყნება განაპირობა. მიუხედავად განხორციელებული რეფორმებისა, საბჭოთა რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შედეგად, ქვეყნის დამოუკიდებლობა მხოლოდ 1028 დღე გაგრძელდა. 1921 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა პოლიტიკური სივრცის ნაწილად იქცა, ხოლო ყველაფერი, რაც დამოუკიდებლობის იდეას, მის ინსტიტუტებსა და სიმბოლოებს უკავშირდებოდა, მიზანმიმართული იდეოლოგიური ზეწოლის ობიექტად გადაიქცა. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა საბჭოთა მედიას მიენიჭა, რომლის მეშვეობითაც ბოლშევიკური რეჟიმი საკუთარ პოლიტიკურ და ისტორიულ ნარატივებს ავრცელებდა. წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რეპრეზენტაციის ანალიზს ბოლშევიკური მედიის დისკურსში 1921-1953 წლებში (ე.წ. სტალინურ პერიოდში). კვლევა ისტორიულ-შედარებით, შინაარსობრივ და დისკურს-ანალიზის მეთოდებს ეფუძნება, ხოლო საკვლევ მასალას გაზეთი „კომუნისტი“ და სატირულ-იუმორისტული გამოცემები: „ნიანგი“ და „ტარტაროზი“ წარმოადგენს. გამოცემების ანალიზმა აჩვენა, „კომუნისტი“ სისტემურად ქმნიდა მენშევიკური ხელისუფლების ნეგატიურ და სტიგმატიზებულ ინტერპრეტაციას, „ნიანგი“ და „ტარტაროზი“ კი იმავე ნარატივს კარიკატურის, გროტესკისა და ირონიის მეშვეობით ვიზუალურად ამკვიდრებდნენ. შედეგად, საბჭოთა მედია იქცა მეხსიერების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად, რომლის მეშვეობითაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დისკრედიტაცია და საზოგადოებრივ ცნობიერებაში სტაბილური ნეგატიური წარმოდგენების დამკვიდრება ხდებოდა. ამრიგად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რეპრეზენტაცია საბჭოთა მედიის დისკურსში გვევლინება კოლექტიური მეხსიერების კონსტრუირების, ისტორიული ნარატივის გარდაქმნისა და პოლიტიკური ლეგიტიმაციის ურთიერთდაკავშირებულ პროცესად.
Keywords
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა; საბჭოთა მედია; პროპაგანდა.