საქართველოს უნივერსიტეტი, თ. ბერაძის სახ. ქართველოლოგიის ინსტიტუტი

ასოცირებული პროფესორი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

ფილოლოგია 

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

მცხეთა/საქართველო

nana.mrevlishvili@gmail.com


Abstract

ნანა მრევლიშვილი ანტითეზა, როგორც რიტორიკული და თეოლოგიური სტრატეგია „თეოდორა ალექსანდრიელის ცხოვრების“ ბერძნულ და ქართულ რედაქციებში ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაში რიტორიკული ფიგურები მხოლოდ სტილისტურ ფუნქციას არ ასრულებენ; ისინი ტექსტის თეოლოგიური შინაარსისა და ნარატიული ორგანიზაციის მნიშვნელოვან კომპონენტებს წარმოადგენენ. წინამდებარე მოხსენება მიზნად ისახავს ანტითეზის, როგორც რიტორიკული და თეოლოგიური სტრატეგიის, ფუნქციონირების შესწავლას „თეოდორა ალექსანდრიელის ცხოვრების“ ბერძნულ და ქართულ (ათონურ და გელათურ) რედაქციებში. კვლევა ეფუძნება შედარებით-ტექსტოლოგიურ მეთოდს და განიხილავს იმ ანტითეზურ კონსტრუქციებს, რომელთა მეშვეობითაც ყალიბდება ნაწარმოების ძირითადი სემანტიკური და თეოლოგიური ღერძები. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისეთ ოპოზიციურ წყვილებს, როგორებიცაა: პატივი და სირცხვილი, სიცოცხლე და სიკვდილი, შინაგანი და გარეგანი, ხორციელი და უხორცო, განკითხვა და გათავისუფლება, ქალი და მამაკაცი. ეს დაპირისპირებები არა მხოლოდ წმინდანის სულიერი ტრანსფორმაციის დინამიკას წარმოაჩენს, არამედ ქრისტიანული ასკეტური ცხოვრების პარადოქსულ ბუნებასაც გამოხატავს. ანალიზი აჩვენებს, რომ ქართველი მთარგმნელები, უმეტეს შემთხვევაში, ინარჩუნებენ ბერძნული ორიგინალის არა მხოლოდ შინაარსობრივ, არამედ რიტორიკულ სტრუქტურასაც. ამასთანავე, ათონური და გელათური რედაქციები განსხვავებულ მთარგმნელობით მიდგომებს ავლენს: გელათური ტექსტი უფრო მეტად ფორმალურ სიზუსტესა და ლაკონურობაზეა ორიენტირებული, ხოლო ათონური რედაქცია, რიგ შემთხვევებში, რიტორიკული ექსპრესიის გაძლიერების ტენდენციას ავლენს. კვლევის შედეგად იკვეთება, რომ ანტითეზა ნაწარმოების ერთ-ერთ ძირითად ორგანიზაციულ პრინციპს წარმოადგენს. მისი მეშვეობით იქმნება ქრისტიანული სიწმინდის პარადოქსული მოდელი, რომლის ფარგლებშიც ადამიანური სისუსტე სულიერ ძალად გარდაიქმნება, დამცირება – დიდებად, ხოლო ადამიანური განკითხვა – ღვთაებრივი მოწყალებით გადაილახება. ამდენად, ანტითეზა „თეოდორა ალექსანდრიელის ცხოვრებაში“ მხოლოდ რიტორიკული ხერხი არ არის, იგი თეოლოგიური აზრისა და ჰაგიოგრაფიული ნარატივის ორგანიზების ფუნდამენტური მეთოდია. 


Keywords

საკვანძო სიტყვები: ქართული ჰაგიოგრაფია, თეოდორა ალექსანდრიელი, ანტითეზა, რიტორიკა, თეოლოგია, ტექსტოლოგია. Keywords: Georgian hagiography; The Life of Theodora of Alexandria; antithesis; rhetoric; theology; textual studies.