ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
არქეოლოგიის დოქტორი
თბილისი/საქართველო
Ninotavartkiladze3@gmail.com
აბსტრაქტი
კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში მრავალი მძიმე ინფექციური დაავადება გახდა მასობრივი სიკვდილიანობის მიზეზი. უახლეს ისტორიაში ამის მაგალითია COVID-19 პანდემია, რომელმაც მსოფლიო უპრეცედენტო კრიზისის წინაშე დააყენა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შავი ჭირი — მწვავე ბაქტერიული ინფექცია, რომლის გამომწვევია Yersinia pestis. ცნობილია, რომ ამ პათოგენმა ისტორიული პანდემიების განმავლობაში ასობით მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.
შავი ჭირი დოკუმენტირებულია ქართულ წერილობით წყაროებშიც: იგი პირველად XI საუკუნის „უსწორო კარაბადინში“ გვხვდება, ხოლო მისი ბუბონური ფორმის აღწერა XV საუკუნის „სამკურნალო წიგნი კარაბადინშია“.
საქართველოს მთიან რეგიონებში ეთნოგრაფიული და ისტორიული წყაროები აღწერს ეპიდემიების დროს ინფიცირებულთა იზოლაციის პრაქტიკებს. ხევსურეთში ეს ფენომენი დაკავშირებულია ანატორის აკლდამებთან („მკვდართა ქალაქი“), სადაც ადამიანის ჩონჩხოვანი ნაშთებია შემორჩენილი, რომლებიც ტრადიციულად შავი ჭირის ეპიდემიას უკავშირდება. გადმოცემების მიხედვით, ანატორის მოსახლეობა ეპიდემიის დროს ნებაყოფლობით იზოლირდებოდა აკლდამებში.
კვლევის მიზანია ანატორის აკლდამებში დაკრძალული ინდივიდების ბიოარქეოლოგიური და უძველესი პათოგენების ანალიზი, რათა დადგინდეს მათი კავშირი შავი ჭირის ეპიდემიასთან ან სხვა ინფექციურ დაავადებასთან. მიუხედავად მდიდარი ზეპირი ტრადიციისა, ადგილი სისტემურად არ შესწავლილა და მისი ქრონოლოგია და სიკვდილის მიზეზები კვლავ დაუდგენელია.
ეს კვლევა წარმოადგენს ანატორის აკლდამებიდან ამოღებული ნეშტების პირველ ბიოარქეოლოგიურ ანალიზს. მესამე აკლდამაში გამოვლინდა შერეული ნაშთების კომპლექსი, რომელიც მოიცავს როგორც ჩონჩხოვან, ისე მუმიფიცირებულ მასალას. ინდივიდთა მინიმალური რაოდენობა (MNI) შეადგენს 27-ს. ნაშთები მოიცავს ზრდასრულებსა და ბავშვებს, რაც მიუთითებს არაშერჩევით სიკვდილიანობაზე, რომელმაც მოიცვა მთელი საზოგადოება.
ოსტეოლოგიურმა ანალიზმა გამოავლინა სხვადასხვა პათოლოგია და ტრავმა, მათ შორის შეხორცებული მოტეხილობები და ოდონტოლოგიური დაავადებები, რაც მიუთითებს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ბიოლოგიურ სტრესზე.
ბიოარქეოლოგიური და ზეპირი მონაცემების ანალიზი საშუალებას იძლევა შეფასდეს ანატორის ტრადიციის ისტორიული საფუძველი და მისი შესაძლო კავშირი ეპიდემიურ მოვლენებთან.
საერთო ჯამში, კვლევა აჩვენებს, რომ არქეოლოგიური, ბიოლოგიური და ეთნოგრაფიული მონაცემების კომბინაცია მნიშვნელოვანია წარსული პოპულაციური პროცესების რეკონსტრუქციისა და კულტურული მეხსიერების ბიოლოგიური რეალობისგან გამიჯვნისათვის.
კვლევა განხორციელდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [FR-24-17002].
საკვანძო სიტყვები: ანატორი, ბიოარქეოლოგია, ეპიდემია, პელეოგენომი, პალეოპათოლოგია.