თსსუ, ქართული ენის ცენტრი, თსუ, ქართული ენის ინსტიტუტი, დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 და მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის N41 საჯარო სკოლა, თსუ არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი;
აბსტრაქტი
სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება წარმოადგენს თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდს, რომელიც განსხვავდება ტრადიციული, მასწავლებელზე ორიენტირებული სისტემისგან. ამ მიდგომის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სტუდენტი არა მხოლოდ იღებს ცოდნას, არამედ აქტიურად მონაწილეობს სასწავლო პროცესში, ავლენს ინიციატივას და არჩევს მისთვის მნიშვნელოვან სასწავლო მიმართულებებს.
სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდის ფარგლებში (სავალდებულო საგნების, სწავლების მეთოდებისა და დავალებების ტიპების გარდა) სტუდენტი თავად ირჩევს:
· რომელი საკითხების შესწავლა სურს;
· სწავლების რომელი მეთოდები მიაჩნია ეფექტურად;
· როგორ წარმოუდგენია სასწავლო პროცესის მიმდინარეობა.
სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება მნიშვნელოვნად ზრდის სასწავლო პროცესის ეფექტურობას. აღნიშნული მიდგომა თანამედროვე განათლებაში წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიას.
სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების ეფექტურობის დასადასტურებლად ჩვენ შევქმენით საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც აღნიშნული მიდგომა სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში პრაქტიკულად განახორციელა:
1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ქართული ენის ცენტრი (ლექტორი და ცენტრის დირექტორის მოადგილე - ნინო ჯორბენაძე).
სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, სწავლების პროცესის წარმართვაში საკუთარი ხედვა და ახალი ინიციატივები წარმოადგინონ. მათი მოთხოვნით ქართული ენისა და აკადემიური წერის ლექცია-სემინარებზე ფართოდ დაინერგა ესეების წერის პრაქტიკა; ასევე, მათივე ინიციატივით, რეგულარულად ხდება პრეზენტაციების, სტატიებისა და მოხსენებების წარდგენა სამედიცინო ტერმინოლოგიის და ზოგადად - სამედიცინო სფეროს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.
2. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქართული ენის ინსტიტუტი (ლექტორი ნინო შარაშენიძე).
მულტილინგვური განათლების სტუდენტებს ეძლევათ დავალება - „სემესტრული აქტივობა“, რომლის ფარგლებში მათ უნდა წაიკითხონ ერთი რომელიმე წიგნი და დაწერონ რეცენზია მის შესახებ. ეს ხელს უწყობს სტუდენტების არჩევანის თავისუფლებას, ხოლო დავალება ააქტიურებს აკადემიური წერის კურსის ფარგლებში მიღებულ ცოდნას.
3. დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 და მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის N41 საჯარო სკოლები (მასწავლებელი - ქეთევან რეხვიაშვილი).
აღნიშნულ სკოლებში ხორციელდება ინტერაქტიური პროექტი „კინოში ასახული საზოგადოების პრობლემები და მათი გადაჭრის გზები“, რომლის ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან შესაბამისი თემატიკის მხატვრული ფილმებს.
პროექტში ჩართულები არიან ლიტერატურის, ისტორიის, გეოგრაფიისა და ხელოვნების მასწავლებლები. ისინი თავ-თავიანთ დისციპლინების შესაბამისად მოსწავლეებთან ერთად განიხილავენ ფილმებში ასახულ მოვლენებს, მათში ასახულ ისტორიულ პერიოდსა და საერთო კონტექსტს.
ფილმებში ასახული პრობლემები განიხილება სამოქალაქო განათლების ჭრილში. შედეგად იქმნება თემატური პრეზენტაციები; ტარდება კვლევები; ხდება მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლა, იმართება დისკუსია...
ასევე, ამავე სკოლებში, სამოქალაქო განათლების გაკვეთილების ფარგლებში ხორციელდება პროექტი „ტოპონიმებით დანახული საქართველო“ (პროექტის ხელმძღვანელები: ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანი, ქეთევან რეხვიაშვილი). მოსწავლეები ერთვებიან ტოპონიმების კვლევასა და ეტიმოლოგიურ ანალიზში; ადგენენ პრეზენტაციებს; რაც დიდი დაინტერესების მიზეზი ხდება, როგორც მოსწავლეებში, ასევე მასწავლებლებსა და მშობლებშიც.
4. ალ. ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების საკვირაო სკოლა (ავტორი და მომხსენებელი - ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანი).
იგივე პროექტი („ტოპონიმებით დანახული საქართველო“) წარმატებით ხორციელდება ახალგაზრდა გეოგრაფებთან, სადაც მოსწავლეები უშუალოდ მონაწილეობენ ლინგვისტური და გეოგრაფიული მასალის კვლევაში, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცოდნის ათვისების ხარისხს.
აღნიშნული გამოცდილება ადასტურებს, რომ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების მეთოდი ეფექტურად შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა სასწავლო გარემოში; ის ხელს უწყობს სტუდენტის აქტიურობას, დამოუკიდებელ აზროვნებისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.
საკვანძო სიტყვები: სწავლება, ინოვაციური, მეთოდი.