ახალი საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი არქივი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი,
კავკასიური ფილოსოფიის განყოფილების გამგე
ბათუმი/საქართველო
ქრისტიანული ნეოპლატონიზმი და მონასტრული ასკეტიზმი: დავით უძლეველისა და დავით გარეჯელის მიმართების საკითხი კავკასიური ფილოსოფიის კონტექსტში
აბსტრაქტი
წინამდებარე მოხსენების მიზანია სიღრმისეულად იქნეს გაანალიზებული ადრექრისტიანული ხანის კავკასიური აზროვნების თავისებურება, რომელიც ასკეტურ-მონასტრული და ფილოსოფიური ტრადიციების ურთიერთგავლენით ყალიბდებოდა. ამ კონტექსტში ვახდენთ დავით უძლეველისა და დავით გარეჯელის მიმართების საკითხის რეაქტუალიზებას კავკასიური ფილოსოფიის კონტექსტში. არსებობს თამამი ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც სომეხი ნეოპლატონიკოსი ფილოსოფოსი დავით უძლეველი (ანჰაღთი) და ასურელი მამა დავით გარეჯელი შესაძლოა ერთი და იგივე პიროვნება იყოს (ლეონ მელიქსეთ-ბეგი). ჩვენი კვლევის მიზანს არ წარმოადგენს ამ ჰიპოთეზის მტკიცება ან უარყოფა. კავკასიური ფილოსოფიის კონტექსტში აღნიშნული საკითხის ხელახალი განხილვა ახლებურად წარმოაჩენს გარეჯის უდაბნოს ფართო ინტელექტუალურ და კულტურულ გარემოს, სადაც გვიანანტიკური ფილოსოფია ქრისტიანულ მისტიკაში ტრანსფორმირდებოდა.
მოხსენებაში დასაბუთებულია, რომ ადრექრისტიანულ და შუა საუკუნეების კავკასიაში (საქართველო, სომხეთი) ფილოსოფია და სამონასტრო ასკეტიზმი არათუ არ გამორიცხავდა ერთმანეთს, არამედ თეორიული რეფლექსიებიდან უმაღლეს პრაქტიკულ გამოხატულებას აღწევდა. ნეოპლატონური იდეა სულის მატერიალური სამყაროდან ღვთაებრივ პირველსაწყისამდე „აღმავალი გზის“ შესახებ, შესაძლოა, გარეჯის უდაბნოს ასკეტიზმშიც პოვებდა პრაქტიკულ რეალიზაციას. თეორიულ-ინტელექტუალური ჭვრეტა აქ გარდაიქმნება სამონასტრო მდუმარებად (ისიხაზმად), ლოცვად და მისტიკურ გამოცდილებად.
VI საუკუნის კავკასია ბიზანტიური, სირიული და ადგილობრივი ტრადიციების ინტელექტუალურ გზაჯვარედინს წარმოადგენდა. ამ სივრცისთვის დამახასიათებელი იყო ნეოპლატონური სქემების და ქრისტიანული მისტიკის კავშირი (იოანე პეტრიწიც ფილოსოფიას განიხილავს როგორც „ღვთაებრივ საქმეს“, რომელიც ასკეზას მოითხოვს). ამგვარად დანახული „კავშირი“ რეალურად ასახავს იმ საერთო-კავკასიურ პარადიგმას, სადაც ნეოპლატონური დიალექტიკა და კლდეში ნაკვეთი მონასტრის ასკეზა ერთი და იმავე კულტურული ნიადაგის - საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური მისტიკის პროდუქტია. საკვლევი საკითხის ასე დასმა ხელს შეგიწყობს ამ ეპოქის სულიერ-კულტურული ატმოსფეროს გასააზრებლად. აღსანიშნავია, რომ ამ ეპოქაში ქართული და სომხური სააზროვნო პარადიგმები საერთო ანტიკურ და ბიზანტიურ წყაროებს ეყრდნობოდა.
ჩვენს მოხსენებაში დავით უძლეველის ფილოსოფიური ტექსტებისა და დავით გარეჯელის შესახებ ჰაგიოგრაფიული წყაროების კომპარატივისტული ანალიზის საფუძველზე შევეცდებით, რომ გამოვავლინოთ ქრისტიანული ნეოპლატონიზმის ფარული კვალი გარეჯელი მამების ასკეტურ მემკვიდრეობაში. ამგვარი მეთოდოლოგიური მიდგომის შედეგად, ნაჩვენები იქნება, რომ გარეჯის უდაბნო არ იყო მხოლოდ განმარტოების ადგილი, არამედ წარმოადგენდა იმგვარ ინტელექტუალურ ცენტრს, სადაც გვიანანტიკური ფილოსოფია ქრისტიანულ მისტიკაში ტრანსფორმირდა.
საკვლევი ჰიპოთეზიდან გამომდინარე, გავაანალიზებთ ასურელ მამათა ადრეული მსოფლმხედველობის შესახებ არსებულ ვარაუდებსაც ქართულ ჰუმანიტარულ მეცნიერებაში. ამასთანავე ახლებურად განვიხილავთ აქ მოხმობილი არგუმენტების თეორიულ პოტენციალს, იმდროინდელი დოგმატური და ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით. აქვე წარმოდგენილი იქნება იმგვარი მეთოდოლოგიური ხაზი, რომლის მიხედვითაც გარეჯელი მამების „ბერთა ფილოსოფიის ტოპოსი“ შეგვეძლება დავინახოთ როგორც „ინტელექტუალური მისტიკა“, ანუ როგორც უმაღლესი ფილოსოფიური კულტურის მატარებელი მისტიკური პრაქტიკა, რაც დასტურდება კიდეც მონასტრების მხატვრობის სტრუქტურითა და წარწერებით.