თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დოქტორანტი
თბილისი/საქართველო
marisimonishvili13@gmail.com
აბსტრაქტი
ახალი ისტორიზმი სალიტერატურო კრიტიკის ერთ-ერთ საინტერესო და საგულისხმო მიმართულებას წარმოადგენს. ეს ტერმინი 1980-იან წლებში ჩნდება და მცდელობაა იმისა, რომ მკითხველმა ლიტერატურა კონკრეტულ კონტექსტში აღიქვას და იგი განიხილოს კულტურული და პოლიტიკური პროცესების ასპექტში. აღნიშნული მიმართულების მთავარ არსს წარმოადგენს იმის გააზრება, რომ ტექსტი და ისტორია ერთმანეთს ქმნიან; ახალი ისტორიზმისთვის ტექსტი გაიგება, როგორც დროის პროდუქტი. ამდენად, ლიტერატურა არ არის მხოლოდ ისტორიის ანარეკლი, ის არის საშუალება, რომ მან წარმოშვას ახალი საზოგადოებრივი აზრი.
ახალი ისტორიზმი,ძირითადად, ეყრდნობა, მიშელ ფუკოს იდეას - ძალაუფლება ყველგანაა. ლიტერატურა ქმნის იმგვარ სოციალურ მექანიზმს, რომლის საშუალებითაც ვარჩევთ ერთმანეთისგან რაღაც ნორმაა თუ ანომალია. ახალი ისტორიზმისთვის საინტერესოა ჩვეულებრივი ადამიანი, თავისი ყოფითი ჩვეულებებით, მას აინტერესებს მარგინალები და არა დიდი მოვლენები. უკვე მნიშნელოვანი ხდება არა ავტორისეული ჩანაფიქრის გაგება, არამედ, ეპოქის კულტურული ენერგიის აღმოჩენა.
მიშელ ფუკოს გარეშე შეუძლებელია, გავიაზროთ ახალი ისტორიზმი. ფუკოს თეორიას მივყავართ იმ დასკვნამდე, რომ ძალაუფლება არ არის მხოლოდ ფიზიკური იძულება, ის ენასა და ცოდნაშია გაბნეული. ლიტერატურული ტექსტი ძალაუფლების ნაწილია, მას შეუძლია, გააძლიეროს არსებული ეპისტემა, ან პირიქით, მოახერხოს მისი დასუსტება. ნათქვამის საილუსტრაციოდ შეგვიძლია, ვახსენოთ ორი ავტორი და ამით ვაჩვენოთ ახალი ისტორიზმის ტენდენციები, ერთი მხრივ, ისტორიული ძალაუფლების ანალიზით შექსპირთან, პოლიტიკური სისტემების კრიტიკით ჯორჯ ორუელთან. შექსპირის პიესები ძალაუფლების დემონსტრაციაა სცენიდან, სპექტაკლით, ორუელთან კი ძალაუფლება აყალბებს ისტორიას. ახალი ისტორიზმი ეძებს კავშირს ლიტერატურასა და ძალაუფლებას შორის. შექსპირისა და ორუელის მთავარი სათქმელი ისაა, რომ ადამიანს მართავს თავისი დროის პოლიტიკური კონტექსტი. შექსპირის დროს თეატრი არ იყო მხოლოდ გასართობი სივრცე, ეს გახლდათ ადგილი, სადაც სახელმწიფო საკუთარ ძალაუფლებას ცდიდა მაყურებელზე. ორუელის რომანში ,,1984“ ძალაუფლება შლის სიტყვებს, რათა აზრის გამოტანა შეუძლებელი გახდეს. ეს ფუკოს ხაზის გაგრძელებაა, რაც ენობრივი დისკურსის შეზღუდვის მცდელობას წარმოადგენს.
ახალი ისტორიზმი ერთგვარად შეიძლება, ჩაითვალოს ისტორიის პოსტმოდერნიზმად. პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი მთავარი ნიშანიც ხომ მეტანარატივების უარყოფაა. ახალი ისტორიზმიც ფოკუსირდება მცირე ისტორიებსა და ამბებზე. ბარტის თეორია ავტორის სიკვდილის შესახებ საცნაურია ახალი ისტორიზმისთვისაც. პოსტმოდერნისტულ ლიტერატურაში, მაგალითად, უმბერტო ეკოსთან, ახალი ისტორიზმი მთელი სისავსით ვლინდება. ეკოსთან ხომ ისტორია უზარმაზარი ლაბირინთია, ავტორი კი ტექსტებით დაუსრულებლად თამაშობს.
საინტერესოა, როგორ ვლინდება ახალი ისტორიზმი ქართულ ლიტერატურაში და სწორედ, ამის საილუსტრაციოდ, განვიხილავთ ქართველი პოსტმოდერნისტი ავტორის, გივი მარგველაშვილის, შემოქმედებით ტენდენციებს. გივი მარგველაშვილის პროზის ანალიზი იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ისტორია დისკურსების ბრძოლაა. მწერლის მთავარი იდეა ისაა, რომ ადამიანი წიგნის პერსონაჟია, რომელიც ტექსტის სამყაროში ცხოვრობს. მარგველაშვილის აზრით, ყოფიერება ტექსტუალურია, ეს კი ახალი ისტორიზმის გააზრების კიდევ ერთი ორიგინალური მცდელობაა.
საკვანძო სიტყვები: ახალი ისტორიზმი, მიშელ ფუკო, ძალაუფლება, პოსტმოდერნიზმი, გივი მარგველაშვილი.