საქართველოს უნივერსიტეტი
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
თბილისი/საქართველო
dodochumburidze@yahoo.com/ d.chumburidze@ug.edu.ge
აბსტრაქტი
ცნობილი ქართველი მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი მრავალმხრივი, უაღრესად რთული და გამორჩეული მოაზროვნეა. მისი მრავალმხრივი მოღვაწეობიდან აღსანიშნავია საქართველოს ისტორიული წარსულის შესწავლაში შეტანილი წვლილი.
დიმიტრი ყიფიანის ტექსტებში მოცემულია საქართველოს ისტორიის, ისტორიული გეოგრაფიის, ქართველთა ეთნოგენეზისის, სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურის, სახელმწიფოს წარმოქმნისა და წოდებათა ფორმირების, ქართული ენისა და დამწერლობის და სხვა საკითხები.
დიმიტრი ყიფიანის კვლევის მეთოდოლოგია კარგად ჩანს მის საისტორიო ნაწერებში. ის პირველ რიგში, კრიტიკულ დამოკიდებულებას იჩენდა საისტორიო წყაროებისადმი, რაც სწორი მეთოდოლოგიური მიდგომაა, თუმცა, ჰიპერბოლიზების შემთხვევაში კვლევისათვის სწორი მიმართულების მიცემას აფერხებს.
რთული და არაერთგვაროვანი იყო დიმიტრი ყიფიანის მსოფლმხედველობა: 1832 წლის შეთქმულების მონაწილე ყიფიანი პოლიტიკურ რომანტიკოსად წარმოგვიდგება, 60-იანი წლებიდან, „თერგდალეულთა“ ახალთაობის გვერდით დამდგარი კი, ის არა მარტო აზროვნებით, არამედ ცხოვრებისეული თვალსაზრისითაც უფრო რეალიზმისაკენ გადაიხარა, თუმცა, საბოლოოდ მისი მსოფლმხედველობა მაინც კონსერვატული დარჩა. მის საისტორიო ნააზრევში სამივე ეს მიმართულება: რომანტიზმი, რეალიზმი და კონსერვატიზმი _ იკვეთება. დიმიტრი ყიფიანი ერთდროულად იყო რუსული მონარქიისა და ხელისუფლების მორჩილი მსახურიც და ამბოხებული ადამიანიც, თუკი საქმე ეროვნული ღირებულებების დაცვას ეხებოდა.
ქართულ მეცნიერებაში გამოთქმულია თვალსაზრისი, რომ 40-50-იანი წლებში განხორციელებული კულტურული პროექტი, როგორც „ეროვნული ხსნის პროგრამა“ეკუთვნოდა დიმიტრი ყიფიანს და „თერგდალეულთა“ იდეურ პროგრამას ასაზრდოებდა. მიუხედავად ეროვნული სიკეთისა და ქვეყნის წინსვლისთვის საჭირო სულისკვეთებისა, 40-50-იანი წლების საზოგადოებრივი და კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა, ამ დროს გატარებული ღონისძიებები სრულად განსხვავდება ილიასა და მისი თანაგუნდელების პროექტისაგან, რომელიც მიმართული იყო ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ საქართველოში და მიზნად ისახავდა ქართველი ერის განთავისუფლებას პოლიტიკური და სოციალური ჩაგვრისაგან, ერის კონსოლიდაციას ეროვნული იდეის გარშემო. თავისთავად, 40-50-იანებში მომხდარმა ცვლილებებმა და ვორონცოვის მიერ გატარებულმა რეფორმებმა 60-იანელთა პროგრამის განხორციელება გააადვილეს, თუმცა, ისინი, შინაარსობრივად და ეროვნული მიზანდასახულებით დიამეტრულად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.
საკვანძო სიტყვები: დიმიტრი ყიფიანი, საისტორიო აზროვნება, რომანტიზმი , რეალიზმი, კონსერვატიზმი