თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
ფილოლოგია
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
თბილისი/საქართველო
maianinidze@yahoo.com
აბსტრაქტი
მწერალთა არქივებში დაცული ჩანაწერების კვლევა არასოდეს არის მარტივი. ასეთი ტიპის ტექსტებს ავტორები არა ფართო საზოგადოებისათვის გასაზიარებლად, არამედ უმრავლეს შემთხვევაში თავისთვის წერენ, რომ შემდეგ თვალი გადაავლონ და მასში მოცემული ინფორმაცია ჩანაფიქრისამებრ გამოიყენონ, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს დიდ შემოქმედებთან, რომელთა თითოეული ნაბიჯი და ჩანაფიქრი მნიშვნელოვანია საზოგადოებისათვის, მკვლევრებს გვიხდება იმის გარკვევა, თუ რას ემსახურებოდა ესა თუ ის ჩანაფიქრი. გალაკტიონის არქივში ასეთი მასალა ტომებს შეადგენს. აქ არის უბრალო ყოფით საქმეებთან დაკავშირებული ჩანაწერებიც, რაღაცით მიღებული შთაბეჭდილებებიც და შემოქმედებითი გეგმებიც. ჩანაფიქრის მიზანდასახულობის გარკვევა უმრავლეს შემთხვევაში იმიტომ ჭირს ხოლმე, რომ აქ სიტყვები ხშირად შემოკლებულია, ფრაზები და აზრები კი – დაუსრულებელი. ასეთი ჩანაწერიდან ინფორმაციის ამოსაღებად მკვლევარს უხდება ტექსტოლოგიური დაკვირვება სიტყვებისა და წინადადებების დასრულებული სახით წარმოსადგენად და ისტორიულ-ბიოგრაფიული კვლევების წარმოება კონტექსტის გასათვალისწინებლად, ურომლისოდაც მსგავსი ჩანაწერების ამოკითხვა ხშირად შეუძლებელია. მოხსენება წარმოადგენს პოეტის ერთი ექვსგვერდიანი ჩანაწერის ანალიზს, მისი არსისა და მიზანდასახულობის განსაზღვრას. ეს არის მჭიდროდ და გაბმულად ნაწერი, ერთმანეთისგან თითო წერტილით გამოყოფილი სიტყვები და ფრაზები, რომლებსაც დასაწყისში აქვს წარწერა: „აი, სათაურები მისი ნაწარმოების“ (ტაბიძე დ-18: 41-47). სულ არის 448 ერთეული ანუ, თუ წამძღვარებულ სიტყვებს ვენდობით, 448 სათაური, მაგრამ ვისზეა საუბარი, ვისი სათაურებია ეს და თუ სათაურები ამ რაოდენობისაა, რატომ წერია სიტყვა "ნაწარმოების" მხოლობითში. აშკარაა, რომ პოეტს მოცემულ შემთხვევაში აინტერესებს უფრო სათაურები, ვიდრე ავტორები, მაგრამ, ჩანაწერის რაობის დასადგენად, ბუნებრივია, უნდა გაგვერკვია, რომელი ავტორებისა და რა ჟანრის ნაწარმოებთა სათაურებია აქ ჩამოწერილი. რამდენადაც მათი უმრავლესობა არ გვეცნო და ვერც ქართულ კატალოგებში მივაკვლიეთ, მივხვდით, რომ პოეტი მათ რუსულად უნდა გასცნობოდა. რამდენადაც ჩანაწერი 1924 წელსაა გაკეთებული, თითოეული ტექსტი ამ თარიღზე ადრე ერთხელ მაინც უნდა ყოფილიყო რუსულ ენაზე გამოცემული. ავტორთა ვინაობის გასარკვევად გამოვიყენეთ რუსეთის სახელმწიფო ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგები და დავადგინეთ, რომ დავადგინეთ, რომ სათაურებიდან 126 ტექსტის ავტორები არიან ევროპელი მწერლები. ასევე არიან ამერიკელი, კანადელი, აზიელი და რუსი ავტორებიც. ტექსტების უდიდესი ნაწილი პროზაულია. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ გალაკტიონს განზრახული ჰქონდა მოკლე დროში ასობით ლექსის დაწერა და აპირებდა ამ სათაურების ლექსების სათაურებად და შიგ ტექსტში გამოყენებას. ასევე ჩაფიქრებული ჰქონდა მათი გამოყენება პიესებში, 1935 წლის შემდეგ კი ეს სათაურები შეიტანა პარიზისა და, ზოგადად ევროპის, შესახებ დაწერილ მოკლე ესეში. Keywords
Keywords
გალაკტიონ ტაბიძე. ქართული ლიტერატურა. ინტერდისციპლინური კვლევები. საარქივო კვლევები. ტექსტოლოგიური კვლევები. ბიოგრაფიული კვლევები