თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორია
პროფესორი
წყაროთმცოდნეობა
კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი Ph.D. of Art Criticism
თბილისი/საქართველო
marina.kavtaradze@tsc.edu.ge
ეპიზოდი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიიდან (ორი კონსერვატორიის ორი კონცეფცია)
აბსტრაქტი
ეპიზოდი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიიდან (ორი კონსერვატორიის ორი კონცეფცია) მოხსენება ეძღვნება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დაარსების და მისი არსებობის საწყის ეტაპს გასული საუკუნის 20 - იან წლებში. თემა ინსპირირებულია კონსერვატორიის 100 წლის საიუბილეო გამოცემაზე მუშაობისას საარქივო დოკუმენტებში მიკვლეული მასალით, რომელშიც ერთმა უჩვეულო, ჩვენი უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლის ისტორიიდან ნაკლებად ცნობილმა მოვლენამ მიიქცია ყურადღება - 1921‐1924 წლებში თბილისში მეორე კონსერვატორიის არსებობის ფაქტმა. კვლევის მთავარი ამოცანაა იმდროინდელ კონსერვატორიის დაარსების ისტორიასთან დაკავშირებულ დოკუმენტურ მასალაში მიმოფანტული მწირი ინფორმაციის მოძიება მეორე კონსერვატორიასთან დაკავშირებით, არსებული ინტერპრეტაციებიდან მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა და სარწმუნო ვერსიის გამოკვეთა. კვლევის მეთოდები ნაკარნახევია საკვლევი თემის სპეციფიკით და ეფუძნება თვისებრივ და შედარებით- ისტორიულ ანალიზს. საქართველოში კონსერვატორიის დაფუძნება უნივერსიტეტის დაფუძნების პარალელურად მიმდინარეობდა, თუმცა კონსერვატორია უნივერსიტეტს ერთი წლით ასწრებს და კავკასიაში პირველ უმაღლეს სასწავლებლად გვევლინება. მაგრამ ერთი მიზნისა და იდეალებისაკენ მიმავალი გზები ამ უმაღლეს სასწავლებლებს სხვადასხვა ჰქონდათ. უნივერსიტეტს ჰქონდა საკუთარი ეროვნული ძალებით არსებობის საშუალება. კონსერვატორიისათვის ეს შეუძლებელი იყო ‐ ქართველი პროფესიონალი მუსიკოსები იმ ხანად თითებზე იყვნენ ჩამოსათვლელნი. ერთი მხრივ, კონსერვატორიას მუსიკალური კულტურის სფეროში ეროვნული ინტერესების დაცვა ეკისრებოდა, ხოლო მეორეს მხრივ ‐ სამუსიკო განათლების პროცესის ახალ ხარისხში აყვანა და მისი მაქსიმალური დემოკრატიზაცია. იმდროინდელ პრესაში ჩნდება პუბლიკაციები, რომელშიც გულისტკივილია გამოთქმული ქართული საოპერო სტუდიის ეროვნული რეპერტუარის უქონლობის, სასწავლო პროცესში ქართული ენის უგულებელყოფის, გარუსებული კონსერვატორიის გამო და ა.შ. მოხსენებაში წარმოდგენილია თბილისის კონსერვატორიის დაარსების, მეორე კონსერვატორიის გახსნის და გაუქმების, ერთ კონსერვატორიად გაერთიანების მიზეზების, მუსიკალურ საზოგადოებაში განხეთქილების დრამატული ისტორია, ზაქარია ფალიაშვილისა და დიმიტრი არაყიშვილის პოზიცია ამ პროცესში, ასევე ივანე ჯავახიშვილის, შალვა ნუცუბიძის, აკაკი შანიძის და მიხეილ ზანდუკელის როლი ორი კონსერვატორიის გაერთიანების საქმეში. თბილისში ორი კონსერვატორიის არსებობის ისტორია ეპოქის გლობალური პრობლემების კონტექსტშია წარმოჩენილი.
საკვანძო სიტყვები: თბილისის ორი კონსერვატორია, კონსერვატორიის დაარსება, კონსერვატორიების გაერთიანება.