საქართველოს უნივერსიტეტის თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი
თბილისი / საქართველო
ისტორიის დოქტორი
K.kimeridze@ug.edu.ge
წმინდა ნინოს ქართლში მოღვაწეობის ქრონოლოგიის რეკონსტრუქციის საკითხისათვის
აბსტრაქტი
ქართლის გაქრისტიანების ქრონოლოგია ქართული ისტორიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე სადავო საკითხია. წმინდა ნინოს ქართლში შემოსვლისა და მოღვაწეობის თარიღებთან დაკავშირებით მკვლევართა მოსაზრებები მნიშვნელოვნად განსხვავდება და 303–356 წლებს მოიცავს. განსხვავებული ქრონოლოგიური სქემები, ძირითადად, ქართული, სომხური და ბერძნული წყაროების განსხვავებული ინტერპრეტაციითა და „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ სხვადასხვა რედაქციაში დაცული ქრონოლოგიური წინააღმდეგობებით არის განპირობებული.
ნაშრომის მიზანია წმინდა ნინოს ქართლში მოღვაწეობის ქრონოლოგიის რეკონსტრუქცია ნარატიული წყაროების ურთიერთშედარების, მათი შიდა ქრონოლოგიური ლოგიკის, კალენდარული მონაცემებისა და ისტორიულ-ასტრონომიული ცნობების გათვალისწინებით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება წმინდა ნინოს გარდაცვალების 338 წლით დათარიღებას, მის ქართლში ყოფნის ხანგრძლივობის შესახებ 35-წლიან ცნობას, აგრეთვე მირიან მეფის მოქცევისა და მზის დაბნელების ეპიზოდს.
წყაროთა კომპლექსური ანალიზი საფუძველს იძლევა, წმინდა ნინოს ქართლში შემოსვლა 303 წლით განისაზღვროს. ამ ქრონოლოგიური სქემის მიხედვით, 303–313 წლები მისი ფარული სამისიონერო მოღვაწეობის პერიოდია, ხოლო 313 წელს, მილანის ედიქტის შემდეგ, იგი ღია ქადაგებაზე გადადის. ნანას მოქცევა 318, მირიან მეფის მოქცევა კი 319 წლით განისაზღვრება. ამ უკანასკნელ თარიღს ეხმიანება თხოთის მთის მიდამოებში 319 წელს მომხდარი მზის სრული დაბნელება. 320 წლით თარიღდება ხის მოჭრის, ჯვრის აღმართვისა და ეკლესიის მშენებლობის დაწყების ეპიზოდი. 338 წლის გათვალისწინებით, წმინდა ნინოს ქართლში მოღვაწეობის ხანგრძლივობა 35 წელს შეადგენს.
ამრიგად, ქართლის გაქრისტიანება წარმოდგენილია არა ერთჯერად მოვლენად, არამედ ეტაპობრივ, მრავალწლიანი პროცესად, რომლის ქრონოლოგიური რეკონსტრუქცია სხვადასხვა წყაროს მონაცემთა ურთიერთშეჯერებით არის შესაძლებელი.
საკვანძო სიტყვები: წმინდა ნინო; ქართლის გაქრისტიანება; „მოქცევაჲ ქართლისაჲ“; მირიან მეფე; მზის დაბნელება.