ქეთევან ნადარეიშვილი

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ასოცირებული პროფესორი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0000-0003-3739-1394
Ketevan.nadareishvili@tsu.ge 

 

თამარ ჭეიშვილი

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ასოცირებული პროფესორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
tamar.cheishvili@iliauni.edu.ge

კავკასია და ქართველური ეთნოსები, როგორც „სხვა“, რომაული ბატონობის პერიოდის ბერძენი და რომაელი მწერლების რეპრეზენტაციებში

 

რომაული ბატონობის პერიოდში (ძვ. წ. I ს. - ახ. წ. V ს.), განსაკუთრებით კი, რომის მიერ სელევკიდების იმპერიის დანგრევის შემდეგ, რომი კავკასიის რეგიონით ინტერესდება. ე. წ. მითრიდატული ომებიდან მოყოლებული, კავკასიელი ხალხები, მათ შორის ქართველური ეთნოსები, აქტიურად გამოდიან დიდ პოლიტიკურ ასპარეზზე.

მოხსენების მიზანია, განვიხილოთ ის თემები, რომლებიც არსებითი იყო ანტიკური მწერლებისთვის (პლუტარქოსი, აპიანოსი სტრაბონი, ციცერონი, ფლორუსი, ტაციტუსი) დასახელებულ პერიოდში კავკასიასთან და ამ რეგიონის ხალხებთან, როგორც ე. წ. „სხვებთან“, მიმართებით. ამ კუთხით, ანტიკურ ავტორებს, როგორც კვლევამ აჩვენა, განსაკუთრებით აინტერესებდათ შემდეგი დისკუსიები: ა) კავკასიის არეალში მაცხოვრებელი ხალხების გეოპოლიტიკური ორიენტაცია რომისა და აღმოსავლეთის სამი მნიშვნელოვანი დაპირისპირებისას: ე. წ. მითრიდატული ომების, პართიისა და რომის კონფლიქტის (ახ. წ. 35 წ.) და ფარსმანეს II-ისა და რომის იმპერიის პრობლემატური ურთიერთობის პერიოდში (ახ. წ. II ს.-ის 30-50 წწ.);  ბ) ამ ხალხების კულტურული იდენტობა. 

კავკასიის ხალხების კულტურული იდენტობის ამ მწერლებისეული ანალიზი ცხადყოფს, რომ ისინი კიდევ უფრო სიღრმისეულად ინტერესდებიან იმ თემებით, რომლებსაც ამ ხალხებთან მიმართებით წინა პერიოდის მოღვაწეები განიხილავდნენ. კერძოდ, ესაა ე. წ. მითოლოგიურ მეხსიერებასთან დაკავშირებული დისკურსები - ამ რეგიონთან არგონავტებისა და პრომეთევსის მითოსის პერსონაჟების კავშირი; ამ რეგიონის ეთნოსთა გენეზისი თუ მათი ნათესაური კავშირები დასავლეთის ცალკეულ ხალხებთან; ევროპაში მათი დაფუძნებული დასახლებები; მათი მატერიალური კულტურის ცალკეული არტეფაქტების სიახლოვე ელინურ პროდუქციასთან. ამასთან, კვლევამ აჩვენა, თუ რატომ იყო ესოდენ მნიშვნელოვანი ეთნიკური სიჭრელით ცნობილი კავკასიის და განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მდგომი კავკასიელი ხალხების იდენტობის ანალიზი ანტიკური სამყაროსთვის. ეს არსებითი გახლდათ, უპირველესად, დასავლურ ცივილიზაციასთან კონკრეტული კავკასიური ეთნოსების კულტურული თუ ღირებულებითი სიახლოვის/სიშორის გასარკვევად.

მოხსენების დასკვნები საყურადღებო იქნება როგორც „სხვის“ კვლევების იმაგოლოგიური დისკურსისთვის, ისე კავკასიის, როგორც ძველი სამყაროს ერთიანი გეოპოლიტიკური ნაწილის, როლის გააზრებისათვის ევროპა-აზიის დაპირისპირების კონტექსტში.

 ე. წ. მითრიდატული ომების კონტექსტში ქართველური ტომების გეოპოლიტიკური როლის თაობაზე ბერძენი მწერლების ცნობებს ეძღვნება ქ. ნადარეიშვილის სტატია ჟურნალ „ლოგოსში“ (2023. N9: 77-93), ქართველური ეთნოსების გეოპოლიტიკური ორიენტაციის პრობლემატიკა რომაულ რეპრეზენტაციებში ასევე წარმოდგენილია ჟურნალ „ლოგოსში“ (2023. N5: 137-170).

 

საკვანძო სიტყვები: კავკასია; ქართველური ეთნოსები; იდენტობა; რომაული ეპოქის ავტორები.