პროფესორი
განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი

საქართველოს უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო

ORCID: 0009-0002-0939-6761

sha.dundua@ug.edu.ge

ფორმატული შეფასების ტრანსფორმაციული როლი საუნივერსიტეტო სწავლების პროცესში

 

თანამედროვე ეტაპზე უმაღლესი განათლება მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის, ფორმატიული შეფასება კი გადამწყვეტ როლს ასრულებს საუნივერსიტეტო სწავლების გარდაქმნაში, რადგან ის ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ შედეგების შეჯამებაზე, არამედ უწყვეტ სწავლებასა და გაუმჯობესებაზე. ტრადიციული შეფასებებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ სწავლების საბოლოო შედეგებს ზომავენ, ფორმატული შეფასება აქცენტს აკეთებს სწავლის უწყვეტ პროცესზე, რაც მოიცავს უკუკავშირს, თვითრეფლექსიასა და ინსტრუქციული მიდგომების ადაპტაციას სტუდენტების რეალურ საჭიროებებთან მიმართებაში. უმაღლეს განათლებაში, სადაც სტუდენტთა მრავალფეროვნება, ავტონომია და კრიტიკული აზროვნება მნიშვნელოვან ფასეულობად მიიჩნევა, ფორმატული შეფასება იქცევა გარდაქმნის ინსტრუმენტად, რომელიც ხელს უწყობს სტუდენტთა ჩართულობას, სწავლის მოტივაციის ზრდასა და თვითრეგულირებად სწავლებას. მოცემული სტატია იკვლევს იმას, თუ როგორ ცვლის ფორმატული შეფასება საუნივერსიტეტო აუდიტორიებში სწავლების დინამიკას — როგორ აძლევს იგი მასწავლებლებს საშუალებას, რეალურ დროში უპასუხონ სტუდენტთა საჭიროებებს, განავითარონ მათი მეტაკოგნიტური უნარები და შექმნან უფრო ინკლუზიური და სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. სტატიაში დეტალურად განვიხილავთ შეფასების ისეთ სტრატეგიებს, როგორებიცაა: თანატოლთა შეფასება, სავარჯიშო ტესტები, ჯგუფური ურთიერთმოქმედების აქტივობები (იფიქრე-დაწყვილდი-გაუზიარე) და უკუკავშირის ყულუფი — მათი ზეგავლენის გათვალისწინებით როგორც სწავლის შედეგებზე, ისე სწავლების ეფექტიანობაზე. ასევე აღწერილია ციფრული ტექნოლოგიებისა და სასწავლო ანალიტიკის ინტეგრაციის მნიშვნელობა, რაც აფართოებს ფორმატული შეფასების შესაძლებლობებს და ზრდის მის ხელმისაწვდომობას პერსონალიზებული და დროული უკუკავშირის უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვეხებით არსებულ გამოწვევებსაც — როგორიცაა: აკადემიური პერსონალის მზაობა, შეფასების წიგნიერება და ინსტიტუციური მხარდაჭერა — და მივანიშნებთ სისტემური ცვლილებების აუცილებლობაზე, რათა ფორმატული შეფასების პრაქტიკა მყარად ინტეგრირდეს საუნივერსიტეტო პროგრამებში. დასასრულს, ვცდილობთ დავასაბუთოთ, რომ როდესაც შეფასება აღიქმება არა მხოლოდ როგორც სწავლების შედეგების გაზომვის მექანიზმი, არამედ როგორც სწავლის ხელშეწყობის ინსტრუმენტი, ის აძლიერებს როგორც მასწავლებლებს, ისე სტუდენტებს და ქმნის ღრმა, რეფლექსური სწავლის გამოცდილების პირობებს სასწავლო პროცესში. კარგად გააზრებული და ორგანიზებული ფორმატული შეფასება მნიშვნელოვნად ზრდის საუნივერსიტეტო სწავლების ხარისხს და ხელს უწყობს უწყვეტი განვითარების კულტურის ჩამოყალიბებას უმაღლეს განათლებაში.

 

საკვანძო სიტყვები: ფორმატული შეფასება, მეტაკოგნიცია, სტუდენტთა ჩართულობა, მოტივაცია, თვითრეგულირებადი სწავლა, უწყვეტი განვითარების კულტურა.