საქართველოს უნივერსიტეტი
ასოცირებული პროფესორი
აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის უფროსი
თ. ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი
თბილისი/საქართველო
a.chulukhadze@ug.edu.ge

 

აბსტრაქტი

ირანისა და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიულ-კულტურული ურთიერთობების განმავლობაში ასობით ირანული ნასესხობა შემოვიდა ქართულ ენაში. მათი გარკვეული ნაწილი დავიწყებას მიეცა და მხოლოდ წერილობით წყაროებში ფიქსირდება, ხოლო ნაწილი კი, დღევანდელი სალიტერატურო და სამეტყველო ქართული ენის განუყოფელ ლექსიკურ ფონდს შეადგენს.

ირანული ნასესხობები მოიცავენ სხვადასხვა მნიშვნელობისა და დანიშნულების ლექსიკას, რომელთა შორის ყურადღებას იქცევს მითოლოგიური, რელიგიური და მათთან დაკავშირებული პერიფერიული შინაარსის ნასესხობები, რომლებიც ძველი, შუა და ახალი ირანული ენების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იქნა ნასესხები ქართულში.

ირანული ენებიდან ნასესხები მითოლოგიური, რელიგიური და მათთან დაკავშირებული პერიფერიული შინაარსის ლექსიკა პირობითად იყოფა საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებამდე და ქრისტიანობის გავრცელების შემდგომი პერიოდის სხვადასხვა სახის ტერმინებად, როგორიცაა: წარმართულ ღვთაებათა სახელები, კეთილი ძალების და ქმედებების აღმნიშვნელი სახელები, წმიდა და საკრალური ადგილების აღმნიშვნელი სახელები, ბოროტი ძალების, ავსულთა და ბოროტი ადგილების აღმნიშვნელი სახელები, ქრისტიანული რელიგიის რიტუალების, მცნებებისა და ნივთების აღმნიშვნელი სახელები და სხვა.

საქართველოში ზოროასტრულმა ლექსიკამ ფესვები გაიდგა ქრისტიანულ რელიგიასა და ლიტურგიაში და ზოგ შემთხვევაში განიცადა სემანტიკური ცვლილებები. ნასესხობათა ფონეტიკური და სემანტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ ზოგიერთი მათგანი შემოსულია უშუალოდ ირანული ენებიდან, ნაწილი კი სომხური ენისა და ლიტერატურის საშუალებითაა ათვისებული.

რელიგიური ხასიათის ირანული ნასესხობანი უმრავლეს შემთხვევაში უკავშირდება საქართველოში ზოროასტრიზმის გავრცელების პერიოდს IV-VII საუკუნეებში. ზოროასტრულ რწმენა-წარმოდგენებთან და რიტუალებთან დაკავშირებული ლექსიკის შთამბეჭდავი ნაწილი საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების პირველივე საუკუნეებში ამ ახალი რელიგიის ტერმინოლოგიის განუყოფელ ნაწილად იქცა, რომელიც მოგვიანებით, ახალი სპარსული ენიდან ნასესხები მცირე რაოდენობის ახალი ტერმინებით შეივსო.

XI საუკუნეში იწყება ქართულ ენაში ახალი სპარსული ლექსიკის აქტიური სესხებისა და დამკვიდრების ახალი ეტაპი, რაც უკავშირდება ახალი სპარსული ენის, ლიტერატურისა და ფოლკლორის ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში ფართო გავრცელებასა და გავლენას. ახალმა სპარსულმა ნასესხობებმა, ზოგიერთ შემთხვევაში, დაჩრდილა და ჩაანაცვლა ძველი სპარსული და შუა ირანული ენებიდან ნასესხები ლექსიკა.

ქართულ ენაში არსებული ირანული ასესხობების შესწავლამ გამოავლინა უნიკალური და მეტად საინტერესო ენობრივი ფენომენი, როდესაც ერთი და იგივე ირანული ძირი, ირანული ენების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, რამდენჯერმე იქნა ნასესხები ქართულში. ზოგ შემთხვევაში ასეთი ნასესხობები დღესაც აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

 საკვანძო სიტყვები: ირანული ნასესხობები, ეტიმოლოგია, მითოლოგია, რელიგია.