საარქივო და საგაზეთო მასალები ნ. ბარათაშვილის თხზულებების პირველი სამეცნიერო გამოცემის შესახებ
კლასიკოსთა თხზულებების გამოცემაზე მუშაობისას არსებული ხელნაწერი და ნაბეჭდი წყაროების შესწავლა-დამუშავების პარალელურად დიდი ადგილი ეთმობა მწერლის დოკუმენტების, საბუთების, მოწმობების (მაგ.: ცნობები დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ) და სხვა საარქივო მასალების შესწავლას. ეს მასალები ნათელს ჰფენს მწერლის ბიოგრაფიის უცნობ დეტალებს, მის თანამედროვეებთან ურთიერთობის საინტერესო ეპიზოდებსა და სიცოცხლეში და გარდაცვალების შემდგომ პერიოდში ახლობლებისა თუ მკვლევრების, როგორც კლასიკოსის პიროვნებასთან, ასევე მის შემოქმედებასთან დამოკიდებულებას.
საარქივო თუ პერიოდულ გამოცემათა შესწავლით ირკვევა, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელის ირგვლივ ბიოგრაფიული საბუთების შექმნა მწერლის გარდაცვალებიდან გარკვეულ ხანს კიდევ გრძელდებოდა. ერთ-ერთი საყურადღებო მსგავს ინფორმაციებში პოეტის თხზულებათა გამოცემებთან დაკავშირებული მასალაა.
1895 წელს დაისტამბა ნ. ბარათაშვილის თხზულებების მეხუთე გამოცემა: „ნ. ბარათაშვილის ლექსები და წერილები“ (რედაქტორები ექვთიმე თაყაიშვილი და დავით კარიჭაშვილი). აღნიშნული გამოცემისთვის მზადება ჯერ კიდევ 1893 წელს დაიწყო, მაშინ როდესაც პოეტის ნეშტი აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმოასვენეს. იმ დროის გაზეთებში – „დროება“, „თეატრი“, „ივერია“ – გარდა გადმოსვენებასთან დაკავშირებული ცნობებისა, ხშირად იბეჭდებოდა ამა თუ იმ ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მწერლის ცნობები ტატოს თხზულებების ირგვლივ, რაფიელ ერისთავის „ნ. ბარათაშვილის ხუთი ნაპოვნი ლექსი“, ილია ჭყონიას „სამწიგნობარო შენიშვნა“, ზაქარია ჭიჭინაძის „წერილი რედაქციის მიმართ“, „ბარათაშვილის ლექსების რვეული“ და სხვ., სადაც ავტორები განიხილავენ პოეტის ავტოგრაფებს, მსჯელობენ ზოგიერთი ლექსის ავთენტურობაზე, ხელნაწერების წარმომავლობასა და წინა გამოცემებში დაშვებულ შეცდომებზე.
იმ ფაქტზე, რომ ბარათაშვილის თხზულებების კრებულის 1895 წელს გამოცემისთვის სერიოზული მზადება მიმდინარეობდა, მიუთითებს კიდევ რამდენიმე საბუთი, რომლებიც საქართველოს ისტორიულ არქივშია დაცული: ქშწკგ საზოგადოების გამგეობის საჯარო განცხადება ნ. ბარათაშვილის ნაწერების ამავე გამგეობისთვის მიწოდების შესახებ გამოსაცემად, პოეტის მემკვიდრეებისგან მიღებული განსაკუთრებული უფლება მისი ნაწერების გამოცემის თაობაზე, 1894 წლის 21 მარტით დათარიღებული დ. კარიჭაშვილის ხელმოწერილი თხოვნა იონა მეუნარგიასადმი, რომ მას გამგეობისთვის „დროებით“ გადაეცა მგოსნის ხელნაწერები და სხვ.
1895 წლის გამოცემა წინა გამოცემებისგან განსხვავდება იმით, რომ მასში თხზულებების გარდა შეტანილია ვრცელი განმარტებითი წერილი – „ცნობები თ. ნ. ბარათაშვილის ავტოგრაფების შესახებ“. წერილში განხილულია ხელნაწერთა სამი კრებული – ე.წ. ექვთიმე თაყაიშვილისა და ბარბარე ვეზირიშვილის ავტოგრაფული და ვალერიან გუნიას მიერ გადაწერილი რვეულები და აღნიშნულია, რომ ტექსტები ძირითადად დაიბეჭდა ე. თაყაიშვილის კრებულის ვარიანტების მიხედვით. გამოცემის მეცნიერულ ღირსებას კი ის ფაქტი განაპირობებს, რომ ვეზირიშვილისეულ ხელნაწერებში არსებული განსხვავებები რედაქტორებმა სქოლიოში გაიტანეს, ხოლო, რადგანაც ვ. გუნიას რვეული გამომცემლებმა გვიან მიიღეს, ტექსტური ნაირწაკითხვები წიგნის ბოლოში გაიტანეს. ეს გახლდათ პირველი ტექსტოლოგიური მიდგომა ნ. ბარათაშვილის თხზულებათა გამოცემისას.
საგაზეთო და საარქივო ნუსხებზე დაყრდნობით, სავსებით თამამად შეიძლება ე. თაყაიშვილისა და დ. კარიჭაშვილის რედაქტორობით 1895 წელს გამოცემული წიგნი ნ. ბარათაშვილის თხზულებების პირველ სამეცნიერო გამოცემად ჩაითვალოს.
საკვანძო სიტყვები: ნიკოლოზ ბარათაშვილი, საარქივო მასალები, პერიოდიკა, ნაირწაკითხვები, სამეცნიერო გამოცემა.