ილიას სახ. უნივერსიტეტი

პროფესორი, ემერიტუსი

კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

თბილისი/საქართველო

nino_abakelia@iliauni.edu.ge


აბსტრაქტი

ილია ჭავჭავაძის „ბაზალეთის ტბის“ შესწავლისთვის ინტერდისცილინური პერსპექტივიდან მოხსენება ეხება ილია ჭავჭავაძის ლექსის „ბაზალეთის ტბის“ (1883) ინტერდისციპლინურ წაკითხვას და აერთიანებს ლიტერატურულ თეორიას (ინტერტექსტუალობა), ეთნოგრაფიასა და რელიგიურ-მითოლოგიური სახე-ხატებების ისტორიას. ნაშრომში ტექსტი განიხილება არა როგორც თვითკმარი ლიტერატურული ერთეული, არამედ როგორც ტრანსლინგვისტურ, წინამორბედ სინქრონულ ტექსტებზე დაფუძნებული კონსტრუქტი, რომელიც ტექსტური ურთიერთობების ქსელში ვითარდება. ეთნოგრაფიის, როგორც მეთოდისა და ინტერტექსტუალობის, როგორც თეორიული იდიომის გამოყენებით, ნაშრომი იკვლევს მითოლოგიურ და კოსმოლოგიურ სუბსტრატებს, რომლებიც პოემის ზედაპირული ხატებების საფუძველშია მოცემული და აჩვენებს, თუ როგორ ხდება არქაული მითოლოგემის ხელახლა კოდირება ახალ ისტორიულ და პოლიტიკურ კონტექსტში. ტექსტის შუაგული ბაზალეთის ტბაში ჩაძირული სამოთხისეული ბაღია— locus amoenus- რომელიც გარს ერტყმის ოქროს აკვანსა და მასში მწოლიარე ჩვილს, რომლითაც საკრალური ცენტრი იქმნება. ნაშრომში აღდგენილია უფრო ფართო მითოლოგიური ველი, რომელსაც ეს ხატება მიეკუთვნება, მათ შორის წმინდა ბაღების ქართული მითოლოგემები. თითოეულ შემთხვევაში, ბაღი ფუნქციონირებს როგორც შემოსაზღვრული, საკრალიზებული სივრცე დაკავშირებული სიუხვესთან, მარადიულობასთან და პრიმორდიალურ ნეტარებასთან. იგი წმინდა ცენტრის გარშემოა ორგანიზებული, რომელშიც აკვაში მწოლიარე ჩვილი, მომავალი მხსნელია. სტატიის მტკიცებით, როდესაც უძველესი კოსმოლოგიური ფრაგმენტი თავსდება მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს სოციო-პოლიტიკურ კონტექსტში (ქვეყანა რომელსაც წართმეული აქვს სახელმწიფოებრიობა, ეკლესიის ავტოკეფალია და ენის საჯარო გამოყენება რუსული იმპერიული მმართველობის დროს ) - მითოლოგება იცვლება იდეოლოგემით. აღნიშნულ პერიოდში წერისას, რომელსაც ი. ლეერსენი კულტურის კულტივაციას უწოდებს, ჭავჭავაძე არა მხოლოდ ნაცნობ ლეგენდას ყვება; ის ხელახლა ააქტიურებს კოსმოლოგიურ სქემას, რათა „წარმოსახვით საზოგადოებას“ მიმართოს. ჩაძირული ბაღი მიძინებული ერის სახე-ხატად იქცევა, აკავნში მწოლიარე ჩვილი - ნანატრი მხსნელის ფიგურად, ხოლო თავად პოემა კოლექტიური მოქმედების მობილიზაციის საშუალებად. ნაშრომში ახსნილია თუ რატომ ვერ იქნებოდა 1883 წელს დაწერილი აღნიშნული ლექსი პასტორალური ან ნეიტრალური,რაც საშუალებას იძლევა სტატია არგუმენტირებულად გადავიდეს მითოლოგემიდან იდეოლოგემაზე. მითოლოგემიდან იდეოლოგემამდე მოძრაობისასს მოხსენებაში ნაჩვენებია, თუ როგორ გარდაიქმნება მნიშვნელობა და ფუნქცია ტექსტურ სივრცეში და როგორ გვევლინება ილია ჭავჭავაძის ფიგურა არქაულ წარსულსა და პოლიტიკურად დამუხტულ მომავალს შორის დიდ კომუნიკატორად - პროგრესული იდეების გამავრცელებლად, რომლის პირველყოფილი სახე-ხატებისკენ პოეტური მიბრუნება ემსახურება კულტურული იდენტობის კონსოლიდაციას და ეროვნული თვითშეგნების სტიმულირებას. 


საკვანძო სიტყვები: ილია ჭავჭავაძე, ბაზალეტის ტბა, ინტერტექსტუალობა, მითოლოგემა, იდეოლოგემა, საკრალური ბაღი, კულტურის კულტივაცია.