ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ასოცირებული პროფესორი

წყაროთმცოდნეობა 

ისტორიის დოქტორი

თბილისი/საქართველო

tea.karchava@tsu.ge


აბსტრაქტი

ერთიანი სამეფოს დაშლამ (XV ს.) და შიდა-პოლიტიკურმა დაძაბულობამ, როგორც ჩანს, გამიზნულადაც გაანადგურა ადგილობრივი, ქართული წყაროები; კონსტანტინოპოლის დაცემას ურიცხვი რაოდენობის წიგნი შეეწირა, რამაც ბიზანტიის ცივილიზაციურ არეალში შემავალი ხალხების წარსულის კვლევაც გაართულა. ამდენად, სამეცნიერო ბრუნვაში მეტი ევროპული წყაროს (მათ შორის, ემიგრანტთა ნაშრომების) შემოტანა საინტერესო შტრიხებით ავსებს ჩვენი ქვეყნის წარსულის შესწავლის პროცესს.  თეოდორე სპანდუნისი (XV-XVI სს.) იმ ბერძენი ემიგრანტების ჩამომავალია, რომლებიც ბიზანტიის დაცემის შემდეგ, ბევრი თანამემამულის მსგავსად იტალიაში, კერძოდ კი, ვენეციაში დასახლდნენ. იგი ავტორია იტალიურად დაწერილი, პირდაპირი კონტაქტების შთაბეჭდილებით ინსპირირებული ტრაქტატისა - ‘ოსმალების წარმოშობა და მათი მმართველების ისტორია’. საკუთარი, გვიანბიზანტიური პერიოდის გამოჩენილი ოჯახის პერსპექტივიდან დანახული მოვლენები არათუ მის თანამედროვეებზე, ახლაც ახდენს მკითხველზე შთაბეჭდილებას, რასაც აძლიერებს ნაშრომის დაწერის მიზანი და ადრესატები. სპანდუნისის ამოცანაა, ერთი მხრივ, დასავლეთის ქრისტიანულ სამყაროს მიაწოდოს თვითმხილველის თვალით დანახული, ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია ოსმალთა წარმოშობის, მმართველობის, საზოგადოებრივი სტრუქტურის, რელიგიისა და წეს-ჩვეულებების შესახებ, გააფრთხილოს აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხის შესახებ; მეორე მხრივ, ნაშრომი ინფორმაციას იძლევა აღმოსავლეთ ქრისტიანულ სივრცეში არსებულ პოტენციურ მოკავშირეთა შესახებ. შესაბამისად, კომპლექსური, მრავალფეროვანი ინფორმაციის გამო, ეპოქის რეკონსტურქციისთვის ძვირფასი წყაროა. მართლმადიდებელ ქრისტიანად დარჩენის მიუხედავად, სპანდუნისმა გვიანი ‘ჯვაროსნული იდეის’ აქტუალობის შესანარჩუნებლად რომის კურიასთან თანამშრომლობა მიიჩნია საჭიროდ, ამიტომ არაერთი პაპის მრჩეველი და რწმუნებული იყო.  ნაშრომის თანახმად, ავტორის დედა XV ს. დამდეგის ცნობილი ბიზანტიელი არისტოკრატის, სამხედროსა და ავანტიურისტის, გიორგი კანტაკუზენის შვილიშვილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სპანდუნისის ცნობებს თანამედროვე მეცნიერები სიფრთხილით ეკიდებიან, (ფაქტებთან ვოლუნტარისტული დამოკიდებულებას სწამებენ) მაინც საგულისხმოა ის ინფორმაცია, რასაც ის თავისი წინაპრების ქორწინებით კავშირებზე წერს. ისტორიკოსები სპანდუნისს მიაწერენ ცნობას, რომლის თანახმად, გიორგის კანტაკუზენის ერთი და, ირინე - სერბიელი დესპოტის, დურად ბრანკოვიჩის ცოლი იყო; მეორე და, ელენე - ტრაპიზონის უკანასკნელი მეფის, დავითის ცოლი; ხოლო მესამე და, რომლის სახელი არ ჩანს - საქართველოს მეფის ცოლად არის მოხსენიებული. ამ ვერსიას არგუმენტირებული სამეცნიერო წინააღმდეგობაც შეხვდა და ინფორმაციის დაზუსტება ვერც ქართული ნარატიული მასალით ხერხდება. თუმცა, ევროპული მასალის და XV ს-ის ქართველ მეფეთა სიგელებში დაცული ინფორმაციის შედარებითი ანალიზი საშუალებას გვაძლევს გამოვთქვათ მოსაზრება, როგორც ამდაგვარი ვარაუდის წარმოშობის, ასევე საქართველოს დაშლის პერიპეტიების ახლებური გააზრებისთვის.  ევროპაში ემიგრირებული ბიზანტიელები ოსმალთა წინააღმდეგ ‘ჯვაროსნული ლაშქრობის’ იდეის პროტაგონისტებს წარმოადგენდნენ - კონსტანტინოპოლის დაცემა არც ისე შორეული წარსულია. შესაბამისად, ავტორის მხრიდან იმის გააზრება, წინაპრების (ბიზანტიური მმართველი წრეები) ქორწინებითი კავშირები თუ რა კულტურულ-ცივილიზაციურ არეალს მოიცავდა, ერთგვარი გზამკვლევი უნდა ყოფილიყო მათთვის, ვინც ანტიოსმალური კოალიციების შექმნისთვის აღმოსავლეთ ქრისტიანებში ეძებდა მოკავშირეებს. როგორც ბალკანეთში, ასევე აღმოსავლეთით ოსმალთა თვალშისაცემი წინსვლით გამოწვეული ტურბულენტობის პერიოდში (ერთი მხრივ, ანტიოსმალური კოალიციების შექმნისა, და მეორე მხრივ, ეკონომიკური მოგებისა და სახელმწიფოების მხრიდან მკაცრ რაციონალურ გათვლებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოებისას) ამ ტიპის ინფორმაციები საქართველოს პოზიციონირების, საგარეო ვექტორებისა და საერთაშორისო კონტაქტების შესახებ წარმოდგენებს ბევრად უფრო მტკიცებულებებზე დაფუძნებულს ხდის.


საკვანძო სიტყვები: ბიზანტიური დიასპორა; ევროპელთა ცნობები აღმოსავლეთ ქრისტიანებზე; მატრიმონიალური კავშირები, როგორც პოლიტიკური პარტნიორობის ინსტრუმენტი.