ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ასოცირებული პროფესორი
კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
კლასიკური ფილოლოგიის კათედრა
აბსტრაქტი
საკონფერენციო მოხსენებაში განხილულია რუსთველის ვეფხისტყაოსნის ძირითადი მხატვრული მოტივები: სიყვარული მეფის ასულისადმი, მეფისადმი ერთგულების რაინდული მოვალეობა და რაინდის პასუხისმგებლობა, რომ დახმარება აღმოუჩინოს გასაჭირში მყოფ ძმადნაფიცს. ამ ტრადიციულად ურთიერთწინააღმდეგობრივი ეპიკური მოტივებისათვის საზოგადოდ დამახასიათებელი კონტრასტულობის ხარისხი ვეფხისტყაოსნის სიუჟეტური ხაზის განვითარების კვალდაკვალ თანდათანობით მცირდება და პოემის დასაწყისში მათთვის დამახასიათებელი თავდაპირველი დაპირისპირება ნაწარმოების ბოლოს უკვე სრულიად გამქრალია.
ვეფხისტყაოსანში არსებული ზემოაღნიშნული ეპიკური მოტივები, თავიანთი არსით, ტრადიციული ხასიათისაა: შუასაუკუნეების დასავლეთევროპულ სარაინდო რომანებში ისინი იწვევენ ძირითად სიუჟეტურ კოლიზიას, ანუ პროტაგონისტის მიერ გაკეთებულ არჩევანს სიყვარულსა და მოვალეობას შორის. ამასთანავე, სადავო არც ის გარემოებაა, რომ ვეფხისტყაოსნისეული მიჯნურობა მნიშვნელოვნად განსხვავდება კურტუაზული სიყვარულისაგან: რუსთველისეული ქალი პროტაგონისტები დაუქორწინებლები არიან და ამდენად, თავიანთი სასიყვარულო მისწრაფებებით მეუღლეებს კი არ უპირისპირდებიან, არამედ ხელმწიფე მამების ნება-სურვილს. გარდა ამისა, ვეფხისტყაოსანში არა მხოლოდ შეყვარებული რაინდები (ავთანდილი და ტარიელი) აკეთებენ არჩევანს სიყვარულს, მოვალეობასა და პასუხისმგებლობას შორის, არამედ მათი სატრფოებიც (თინათინი და ნესტანი).
კიდევ უფრო მეტ მსგავსებას ავლენენ, ერთმანეთთან მიმართებით, ნესტანისა და მედეას ამბები: აპოლონიოს როდოსელის არგონავტიკის თანახმად, მედეა არჩევანს თავისი შეყვარებული იასონის სასარგებლოდ აკეთებს და არა - მამამისის, მეფე აიეტის, რითაც გარდაუვალ საფრთხეს უქმნის თავის მშობლიურ კოლხეთს. ვერგილიუსისეული დიდო (ენეიდა) ოდნავ განსხვავებულ ვითარებაში იმყოფება: ენეასისადმი სიყვარული კართაგენის ქვრივ დედოფალს ავიწყებს მის პასუხისმგებლობას გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნისადმი, მაგრამ - არა მოვალეობას თავისი ქვეყნისადმი. თუმცა, დიდოს რომანტიკული ისტორიაც, მედეას სიყვარულის მსგავსად, ტრაგიკულად მთავრდება და სწორედ ეს განასხვავებს მათ ყველაზე უფრო მეტად ნესტანისა და თინათინის სამიჯნურო ამბებისაგან.
კერძოდ, ნესტანისა და ტარიელის მიჯნურობა თავდაპირველად ტრაგიკულად ვითარდება და იმავდროულად, კონფლიქტური სიტუაციები იქმნება თინათინისა და ავთანდილის სასიყვარულო ისტორიის ამა თუ იმ ეტაპზეც. მიუხედავად ამისა, ორივე ამბავი ბედნიერად მთავრდება, რაც, ეპიკური ტრადიციისათვის დამახასიათებელი ზემოაღნიშნული კანონზომიერების გათვალისწინებით, თითქოს, სრულიად მოულოდნელია. თუმცა, ვეფხისტყაოსნის ამგვარი, უდავოდ, ინოვაციური ხასიათის „ბედნიერი დასასრული“ სიყვარულისა და მეგობრობის რუსთველური გააზრებითაა განპირობებული: მთავარი პერსონაჟების მიერ ერთმანეთისადმი გამოვლენილი თანადგომა, განსაკუთრებით კი ავთანდილისა და თინათინისაგან ტარიელისა და ნესტანის მიმართ, შესაძლებელს ხდის, რომ პოემის ბოლოს მთლიანად მოიხსნას სიყვარულის, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის ტრადიციულად ურთიერთდაპირისპირებულ ეპიკურ მოტივებს შორის არსებული საწყისი წინააღმდეგობა.
საკვანძო სიტყვები: რუსთველი, არგონავტიკა, ენეიდა, სიყვარული, მოვალეობა, პასუხისმგებლობა, ინოვაცია.