თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი; მოწევეული ლექტორი

ფილოლოგია

მაგისტრი,დოქტორანტი

თბილისი/საქართველო

jangulashvilinatia@yahoo.com


"კოლაელ ყრმათა მარტვილობის“ ინტერპრეტაცია სანდრო მრევლიშვილის დრამატურგიაში

აბსტრაქტი

საკითხის აქტუალობა, მიზანი და მეთოდოლოგია: VI საუკუნის ანონიმი ავტორის ჰაგიოგრაფიული თხზულება „კოლაელ ყრმათა მარტვილობა“ ქართული მწერლობის ერთ-ერთი უნიკალური ნიმუშია, რომელიც ბავშვთა მოწამებრივ ღვაწლზე მოგვითხრობს. წინამდებარე ნაშრომი ეხება აღნიშნული ტექსტისა და სანდრო მრევლიშვილის მოდერნისტული ტრაგედიის (1981 წ.) შედარებით ანალიზს. კვლევის აქტუალობას განაპირობებს ტექსტის ინტერტექსტუალური სიღრმე, რომელშიც კლასიკური ჰაგიოგრაფიული სიუჟეტი გადააზრებულია საქართველოს ისტორიული ბედისწერისა და პიროვნული მორალური არჩევანის ჭრილში. ის გარემოება, რომ კლასიკური სიუჟეტების თანამედროვე დრამატულ ენაზე გადატანა მოითხოვს არა მხოლოდ ფაბულის ზუსტ შენარჩუნებას, არამედ ახალი მხატვრული აქცენტების დასმას, მკითხველს ეხმარება ტექსტის სულიერი და ისტორიული არსის უკეთ აღქმაში. ნაშრომის მიზანია, დაადგინოს მიმართება ჰაგიოგრაფიულ დედანსა და პიესას შორის; განსაზღვროს, თუ რა ფუნქციური დატვირთვა შესძინა დრამატურგიულმა ინტერპრეტაციამ პირველწყაროს. კვლევისას გამოყენებულია ტექსტზე მუშაობის, შედარებისა და ჰერმენევტიკული მეთოდები.

ძირითადი მიგნებები და არგუმენტები:

1. ინტერტექსტუალობა და ლიტერატურული რემინისცენციები: პიესა მარტვილობის მრავალშრიან გადამუშავებას წარმოადგენს. ავტორი ეყრდნობა ბიბლიურ წიგნებსა და ქართული კლასიკის ნიმუშებს: „შუშანიკის წამებას“ (ტოპოგრაფიული ალუზიები), „ვეფხისტყაოსანს“ (ბედისწერისა და სამოსის სიმბოლიკა), დავით გურამიშვილის „დავითიანს“ (ქართლის ჭირის მეტაფორა), ვაჟა-ფშაველასა და ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეტურ პასაჟებს. ფოლკლორული მასალის („ეთერიანი“, „მზე შინა“) ინტეგრირება კი ტექსტს განსაკუთრებულ ექსპრესიულობას სძენს.

2. პერსონაჟთა ინდივიდუალიზაცია და სოციალური ფონი: ჰაგიოგრაფიულ ტექსტში წარმოდგენილი კრებითი და უსახელო სახეები პიესაში კონკრეტული სოციალური სტატუსისა და სახელების მქონე პერსონაჟებით არიან ჩანაცვლებულნი. მჭედელი ხვთისო, მეწისქვილე თედორე და მახინჯი აბო არა მხოლოდ ამდიდრებენ სიუჟეტურ ქსოვილს, არამედ ქმნიან იმ მძიმე სოციალურ-ყოფით გარემოს, რომელშიც ცხრა ყრმას მოუხდა საბედისწერო არჩევანის გაკეთება.

3. უსახელობის ფენომენი და სიმბოლიზმი: მეორე მხრივ, სანდრო მრევლიშვილის მიერ პერსონაჟთა უსახელოდ დატოვება არის შეგნებული ხერხი მსხვერპლის უდროობისა და

მანიპულატორთა მარადიული აქტუალობის საჩვენებლად. ბოროტებას არ აქვს გეოგრაფიული სამკვიდრო – იგი „საქაჯეთია“, რომელიც ყოველ ეპოქაში ახალ სახეს იძენს.

ნაშრომში გაანალიზებულია ყრმათა დამცველი გლეხების სახელთა ეტიმოლოგია (ლუკა – „სინათლე“, ხვთისო – „ღვთისად მყოფი“, თედორე – „ღვთის ნიჭი“), რაც მათ სულიერ ფუნქციაზე მიუთითებს.

4. ეთიკური დიფერენციაცია: ბოგანო ბრძენი ბოროტების განზოგადებული სახეა, რომლის ნიჰილიზმი აშიშვლებს მედროვეობის პრობლემას. იერარქთა (ქრისტიანთმთავარი, მეკერპეთმთავარი) სახეებით კი ავტორი წარმოაჩენს ქვეყანას, სადაც არჩევანი პოლიტიკური კონიუნქტურითაა განპირობებული. ხუცესის ტრაგიკული ეთიკა კი იუდასეული აქტის სიმბოლურ გამეორებას წარმოადგენს.

დასკვნა: სანდრო მრევლიშვილის პიესა დამოუკიდებელი მხატვრული ღირებულების მქონე რეინტერპრეტაციაა. ვასილ ბარნოვის მოდერნისტული სტილის მსგავსად, ავტორი VI საუკუნის ჰაგიოგრაფიულ ამბავს ეგზისტენციალურ ტრაგედიად აქცევს და საქართველოს ისტორიულ ბედისწერას აცოცხლებს. ნაშრომი ცხადყოფს, რომ პიესაში ქრისტიანობა წარმოჩენილია არა როგორც ფანატიკური მორჩილება, არამედ როგორც გონის სიფხიზლე პოლიტიკური ამბიციებისა თუ მედროვეობის წინააღმდეგ. მრევლიშვილისეული ხედვა ამტკიცებს, რომ ქვეყნის ყოფნა-არყოფნა მუდმივ მორალურ პასუხისმგებლობაზე გადის. საბოლოოდ, დრამატული ფორმატი საშუალებას იძლევა მასშტაბურად გააზრდეს ის ეგზისტენციალური არჩევანი, რომელიც ცხრა კოლაელმა ყრმამ გააკეთა.


საკვანძო სიტყვები: ჰაგიოგრაფია, ინტერტექსტუალობა, სანდრო მრევლიშვილი, ეგზისტენციალური ტრაგედია, მორალური არჩევანი, მოდერნიზმი, ქართული ლიტერატურა, სიმბოლიზმი