კ. კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
ფილოლოგიის დოქტორი
თბილისი/საქართველო
helensha30@yahoo.com
აბსტრაქტი
თეზისებით წარმოდგენილია წმინდა საცხებელი ზეთების მცენარეული კომპონენტების განხილვა წმინდა წერილსა და ქართულ ენაზე არსებულ წერილობით ტრადიციაში. კვლევის მიზანია იმ არომატული ნივთიერებებისა და მცენარეთა წარმოჩენა, რომლებიც ბიბლიურ ტექსტებში წმინდა ზეთებისა და ნელსაცხებლების შემადგენლობაში მოიხსენიება, აგრეთვე მათი რელიგიური, კულტურული და მცენარეთა გამოყენებასთან დაკავშირებული მნიშვნელობის გაანალიზება ქართულ ლიტერატურულ და საეკლესიო წყაროებზე დაყრდნობით.
ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქართულ წერილობით ტრადიციას. ძველი ქართული ბიბლიური თარგმანები, ჰაგიოგრაფიული და ლიტურგიკული ტექსტები მნიშვნელოვან ცნობებს ინახავს ნელსაცხებლების, მირონის, საკმევლისა და სურნელოვანი ნივთიერებების შესახებ. ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ რომელი მცენარეები გამოიყენებოდა რელიგიურ და საეკლესიო პრაქტიკაში, რა მნიშვნელობა ჰქონდა მურს, გუნდრუკსა და დარიჩინს, როგორ შემოვიდა ეს მცენარეები ქართულ კულტურულ სივრცეში და როგორ აისახა მათი სახელწოდებები ქართულ წერილობით ძეგლებში.
წმინდა წერილის ტექსტებში ზეთი და ნელსაცხებელი მრავალმხრივი ფუნქციით გვხვდება. ისინი გამოიყენებოდა როგორც საეკლესიო და საზეიმო დანიშნულებით, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა „გამოსვლათა“ წიგნში აღწერილ წმინდა საცხებელ ზეთს, რომლის შემადგენლობაში შედიოდა მური, კეთილსურნელოვანი დარიჩინი, კეთილსურნელოვანი ლერწამი, კასია და ზეთისხილის ზეთი. აღნიშნული კომპონენტები ძველი აღმოსავლეთისათვის მაღალფასიან და ხშირად შორეული რეგიონებიდან შემოტანილ პროდუქტებს წარმოადგენდა.
თეზისებში განხილულია აგრეთვე განსხვავება ზეთსა და მირონს, ასევე ზეთისცხებასა და მირონცხებას შორის. ნაჩვენებია, რომ ქრისტიანულ ტრადიციაში მირონი უფრო რთული, მრავალკომპონენტიანი არომატული ნაზავია, რომლის მომზადებაც სპეციალური წესით, ხარშვის გზით ხდებოდა. შესაბამისად, წმინდა წერილში აღწერილი ნელსაცხებლის ტრადიცია ქრისტიანულ ეპოქაში გარდაიქმნა და უფრო მრავალფეროვანი ფორმა მიიღო.
დასკვნის სახით აღინიშნება, რომ საცხებელი ზეთები და სურნელოვანი ნივთიერებები მხოლოდ საეკლესიო დანიშნულების ელემენტები არ იყო. ისინი წარმოადგენდა მრავალმხრივ კულტურულ ფენომენს, რომელიც აერთიანებდა მცენარეთა შესახებ ცოდნას, სამედიცინო პრაქტიკას, სავაჭრო ურთიერთობებს, ლექსიკურ პროცესებსა და რელიგიურ სიმბოლიკას. აღნიშნული საკითხების კვლევა მნიშვნელოვანია როგორც ქართული ფილოლოგიისა და ტექსტოლოგიისათვის, ისე წყაროთმცოდნეობისა
საკვანძო სიტყვები: წმინდა საცხებელი ზეთები; ძველი ქართული წერილობითი ტრადიცია; ნელსაცხებელი; მირონი; ზეთისცხება; ლიტურგიკული ტექსტები; ქართული ხელნაწერები.