საქართველოს უნივერსიტეტი, თამაზ ბერაძის
სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი
ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
n.burtchuladze@ug.edu.ge 
nanaburchuladze@gmail.com

 

წმინდა ილარიონ ქართველის გამოსახულებები შუა საუკუნეებისა ქართულ ხელოვნებაში 

აბსტრაქტი 

 

IX საუკუნის ცნობილი სასულიერო მოღვაწის, წმინდა ილარიონ ქართველის საქმიანობა და სახელი ფართოდ იყო განთქმული არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს საქრისტიანოში, რაზეც მოგვითხრობს მისი ცხოვრებისადმი მიძღვნილი შუა საუკუნეების წერილობითი წყაროები. რაც შეეხება წმინდანის დღემდე მოღწეულ გამოსახულებებს - მათი რაოდენობა მწირია, თუმცა საკმაოდ ფართოა მათი ადგილსამყოფლის გეოგრაფიული არეალი. ისინი შემონახულია სომხეთში - ლორეს ახტალის მონასტრის XIII საუკუნის დასაწყისის მოხატულობაში, სინას მთაზე - წმ. ეკატერინეს მონასტრის XIV-XV საუკუნეების მიჯნის ფერწერული ხატზე, ბულგარეთში - პეტრიწონის მონასტრის კრიპტის XIV საუკუნის კედლის მხატვრობაში, და, ცხადია საქართველოშიც: - უბისისა და ზარზმის ტაძრების XIV საუკუნის მოხატულობებში, XVI-XIX საუკუნეების ქართულ ხელნაწერთა დასურათებაში, XVII-XVIII საუკუნეების კაცხის იკონოსტასის ხატზე და მიხეილ საბინინის მიერ 1882 წელს გამოცემულ ჰაგიოგრაფიულ კრებულ „საქართველოს სამოთხეში“. ეჭვს გარეშეა, რომ სიცოცხლეშივე სასწაულებით განთქმული, დიდწილად უცხოეთის წამყვან სასულიერო კერებში მოღვაწე, საერთაშორისო სახელის მქონე წმინდანის ხატები იარსებებდა ათონის მთაზეც (სადაც X-XII საუკუნეებში დაიწერა მისი „ცხოვრების“ სხვადასხვა რედაქციები და შესხმა-ენკომიის ტექსტები), კონსტანტინოპოლშიც, სალონიკიშიც, წმინდა მიწაზეც, ბითინიაშიც და საქართველოში მის მიერ დაარსებულ ეკლესია-მონასტრებშიც (პირველყოვლისა გარეჯსა და აკურაში), თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენამდე არა თუ გამოსახულებები, არამედ მათ შესახებ ინფორმაციაც კი არ არის მოღწეული. წმ. ილარიონ ქართველის ჩვენთვის ცნობილი გამოსახულებების კვლევა ცხადყოფს, რომ იგი მეტწილად გამოისახებოდა სხვა ეროვნულ წმინდანებთან ერთად, იშვიათად კი ინდივიდუალურად (უბისასა და ზარზმაში). ამასთან, უმრავლეს შემთხვევაში უცვლელი რჩებოდა მისი სახის ტიპი, ასაკი, თმა-წვერის ვარცხნილობა და სამოსელი. რაც შეეხება წმ. მამის გამოსახულებათა სტილს - ამ მხრივ ის იცვლებოდა შესაბამისი ეპოქის მხატვრული ტენდენციების მიდევნებით. მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა აგრეთვე წმ. ილარიონის პორტრეტების განხილვა მისი ბიოგრაფიისა და იმ ეკლესია-მონასტერთა ისტორიის კონტექსტში, სადაც ისინი შეიქმნა ან ანონიმ ქტიტორთა მიერ იქნა შეწირული. აღსანიშნავია, რომ წმინდა ილარიონი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ეროვნულ წმინდანთა შორის, ვის სახელებსაც ემატება ზეწოდება „ქართველთა მნათობი“. ასე მოიხსენიება ის სინას მთის ზემოხსენებულ მრავალკარედ ხატზე (პოლიპტიხზე), რომელზეც მის გარდა კიდევ რვა ქართველი წმინდანია წარმოდგენილი. ხატის ერთ ფრთაზე ილარიონის გვერდით გამოსახული არიან წმ. პეტრე იბერი და წმ. შიო მღვიმელი, რომლებსაც მასთან ერთად მიემართება განმარტებითი წარწერა - „ქართველთა მნათობნი“.

საკვანძო სიტყვები: შუა საუკუნეების ქართული ხელოვნება, ქრისტიანული საქართველო, ქართული კედლის მხატვრობა და ხელნაწერთა მინიატიურები, სინას მთის ხატები, საქართველოს ეკლესიის ეროვნული წმინდანები და მათი გამოსახულებები, წმინდა ილარიონ ქართველი.