ა(ა)იპ "საგირთა"
დირექტორი
ფილოლოგია
N/A
თბილისი/საქართველო
tinatintsiskarishvili@gmail.com
აბსტრაქტი
ყველაზე მწვავე საფრთხის ქვეშ მყოფი ენა საქართველოში ქართველები ოთხ მშობლიურ ენაზე ლაპარაკობენ: გარდა ქართულის, მეგრულ-ჭანურის და სვანურისა, არსებობს ბილინგვი თუშების მიერ დღემდე მოტანილი ნახურ ენათა ოჯახში შემავალი უძველესი ენა – კვდომის პროცესში მყოფი და ფაქტობრივად გამოუკვლეველი. მრავალი წელია, როგორც საგანი, ის არცერთ უმაღლეს სასწავლებელში აღარ ისწავლება. სწორედ ამ ენის გრამატიკა იყო მთელ იბერიულ-კავკასიურ ენათა შორის პირველი სამეცნიერო გრამატიკა, გერმანელი ლინგვისტის – ანტონ შიფნერის “Versuch über die Tusch-Sprache…”, St. Petersburg, 1856. ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხსენებული Tusch-Sprache-ს წინაშე მდგარ ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას – მკვლევართა მიერ ენის საერთო სახელწოდებაზე შეთანხმების აუცილებლობას. სტატიაში ხაზგასმულია, რომ მნიშვნელოვანია თავად ენობრივი კოლექტივისთვის მისაღები ტერმინის აღდგენა, ნაცვლად წინა საუკუნეში თავსმოხვეული, ქართულ, რუსულ და ინგლისურ სამეცნიერო, ასევე, საზოგადოებრივ სივრცეში გავრცელებული ტერმინებისა: ბაცბური, წოვა-თუშური, წოვათუშური, წოვათის თუშური, წოური, წოვური, თუშურ-წოური – რომლებიც ხშირად ერთსა და იმავე წიგნში, მეტიც – ერთ სამეცნიერო სტატიაში გვერდიგვერდ არის ხოლმე მოხსენიებული. საყურადღებოა, რომ ასევე შესათანხმებელი და დასახვეწია თუშური (წოვათუშური) ტექსტების ჩასაწერი ქართული გრაფემები, რომლებიც გამოყენებული იქნება როგორც დავით და ნიკო ქადაგიძეების ლექსიკონის („წოვა-თუშურ-ქართულ-რუსული ლექსიკონი“) გაახლება-გამდიდრებისას, ისე ენის სწავლებისასაც – სახელმძღვანელოში, დამხმარე ლიტერატურასა თუ სხვა საშუალებებში, რათა ენაზე მუშაობის პროცესი გაიოლდეს, გამოთქმა კი წაკითხულს მაქსიმალურად შეესატყვისებოდეს. სტატიაში ხაზგასმულია, რომ უაღრესად საჩქაროა როგორც ენათმეცნიერთა მიერ ჩაწერილი და მოსახლეობის ხელთ არსებული მასალების, ისე ახალი ტექსტების დოკუმენტირება ხმოვანი ტექნოლოგიების გამოყენებით, ამისთვის კი საჭიროა ენის პოპულარიზება მის მიმართ სამეცნიერო წრეების ინტერესის გაზრდის მიზნით. წოვათუშური ენის პლასტების წარმოსაჩენად, მკვლევრების, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მეცნიერების მოსაზიდად და ენის არქაულობის დასტურად ნაშრომში მოტანილი და განხილულია ერთი მეტად საინტერესო პარადიგმა; მოხმობილია ქართულ-ქართველური და თუშური (წოვათუშური) ენებისთვის საერთო ძირის მქონე რამდენიმე ლექსიკური ერთეული, ასევე, მეტად საინტერესო ნასესხობები ერთი ენიდან მეორეში და პირიქით; წარმოდგენილია მცდელობა, აიხსნას ტოპონიმი, რომლითაც დაინტერესებული იყო ივანე ჯავახიშვილი. გარდა ამისა, სალიტერატურო ქართულში დასამკვიდრებლად შემოთავაზებულია თუშების მეტყველებიდან სიტყვა, რომლითაც შეიძლება ჩანაცვლდეს თანამედროვეთა შორის ფართოდ გავრცელებული რუსულის გზით შემოსული ერთი ბარბარიზმი. ბოლო ათწლეულების სრულმა სტაგნაციამ ენის კვლევასა და სწავლებაში, ენის მატარებელი საშუალო ასაკის მოსახლეობის ქვეყნიდან გადინებამ და მოზარდებისთვის თუნდაც უმარტივესი სახელმძღვანელოს, მეთოდური მითითებების ან რაიმე სახის სასწავლო საშუალების არარსებობამ განაპირობა ის, რომ სულ რაღაც ორი ათეული წლის შემდეგ დარჩებიან ენის მხოლოდ ფრაგმენტულად მცოდნენი. სტატიის მიზანია ამ პროცესის შესანელებლად და თუშური (წოვათუშური) ენისთვის სიცოცხლის გასახანგრძლივებლად მეცნიერთა და ენის მცოდნეთა მობილიზების ხელშეწყობა, რათა ერთობლივი ძალისხმევით, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ენა დოკუმენტირდეს. აუცილებელია ენისა და მასზე მოსაუბრე ხალხის შესახებ ბუნდოვანი ან არასწორი წარმოდგენა არ ჰქონდეთ როგორც რიგით ადამიანებს საქართველოში, ისე მეცნიერთა ნაწილსაც – რაც ენას აბრკოლებს და მისი კვდომის პროცესს აჩქარებს. სტატიაში ჩანს, რომ ენა ჯერ ისევ ცოცხალია: ლექსებს წერს, თარგმნის, მოთხრობებს თხზავს მოსახლეობა და მას მხარდაჭერა ესაჭიროება.
Keywords
თუშური ენა, წოვათუშური, იბერიულ-კავკასიური ენები, საფრთხის ქვეშ მყოფი ენა, ენის დოკუმენტირება, ენის შენარჩუნება, თუშები, ენობრივი იდენტობა, ლექსიკური ნასესხობები, არქაული ენა