თეა მეშველიშვილი

ისტორიის დოქტორი

საქართველოს უნივერსიტეტი

თბილისი, საქართველო

ORCID: 0009-0005-5556-6970  

t.meshvelishvili@ug.edu.ge

რაფიელ ერისთავის წერილები ოსმალოს საქართველოს შესახებ

70-იან წლებში აქტიურად იწყება ქართველი ერის ეროვნული ცნობიერებისა და თვითშეგნების გაღვიძებისაკენ მიმართული ბრძოლა.  1877-78  ოსმალეთსა და მეფის რუსეთს შორის გაჩაღებულ ომში ოსმალეთის მარცხის შემდეგ ოსმალეთის ბატონობისგან განთავისუფლდა აჭარა და ტაო-კლარჯეთი.   ქართულ საზოგადოებაში იმედი გაჩნდა, რომ  ისტორიული ერთობა სამუსლიმანო საქართველსთან, აღდგებოდა. ამისათვის ქართველი საზოგადო მოღვაწეები ძალასა და ღონეს არ იშურებდნენ საგაზეთო პუბლიკაციების გამოქვეყნებით, თუ ადგილზე აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობით, რათა გამაჰმადიანებულ ქართველებში ეროვნული თვითშეგნება გამოეღვიძათ.  სამუსლიმანო საქართველოს შემოერთების პროცესში  ერთიანობის აუცილებლობის წარმოჩინება მთავარი ლეიტმოტივი გახდა  ქართულ პუბლიცისტიკაში, ერთიანობა კი ეფუძნებოდა საერთო ისტორიის გააზრებასა და ენის, როგორც იდენტობის მთავარი ასპექტის ხაზგასმას.  გაზეთ ივერიისა და დროების ფურცლებზე იბეჭდებოდა ქართველი მწერლებისა და პუბლიცისტების წერილები. მტრისგან განთავისუფლებულ სამუსლიმანო საქართველოში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სკოლების გახნას და  მაჰმადიანი ქართველების  ქართულ კულტურასთან დაბრუნებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივი მოსახლეობის განწყობის შესწავლაც და მათი კეთილგანწყობის მოპოვება. ამავე პერიოდში ხდება სამუსლიმანო საქართველოს ეთნოგრაფიული კუთხით შესწავლა.  70- იან წლებში აჭარასა და ტაო-კლარჯეთში იმოგზაურეს გიორგი ყაზბეგმა, დიმიტრი ბაქრაძემ. ამ უკანასკნელმა სტამბოლის არქივიდან ოსმალური დოკუმენტაცია ჩამოტანა, მათ შორის ბათუმისა და ყარსის სანჯაყების დავთრები. გიორგი ყაზბეგმა კი ვრცელი ნაშრომი მიუღძვნა ოსმალოს საქართველოს შესწავლას.  ერთი შეხედვით, ეთნოგრაფიული კვლევაა, თუმცა, მნიშვნელოვან სადაზვერვო ინფორმაციასაც შეიცავს. სამუსლიმანო საქართველოს საქართველოს შესწავლასა და მაჰმადიანი ქართველების ისტორიულ ფესვებთან დაბრუნების პროცესში მართლაც, რომ მთელი ქართული საზოგადოება იყო ჩართული.  ამ კუთხით საინტერესოა რაფიელ ერისთავის  ფონდში აღმოჩენილი წერილები ოსმალოს საქართველოსთან დაკავშირებით.

სტატიის მიზანია რაფიელ ერისთავის პირად არქივში დაცული ოსმალოს საქართველოსთან დაკავშირებული ხელნაწერების შესწავლის საფუძველზე წარმოვაჩინოთ ქართულ საზოგადოებაში მაჰმადიანი ქართველების მიმართ განწყობა, რა ისტორიულმა მოვლენებმა შეუწყო ხელი ოსმალეთის ბატონობის ქვეშ მყოფი ქართული მიწა-წყლის დაბრუნება, ქართველი ინტელიგენციის მიერ რა სტრატეგიული ნაბიჯები იქნა დასახული აჭარაში, ტაო-კლარჯეთსა და სამცხეში მცხოვრები მაჰმადიანი ქართველობის დედასამშობლოსთან დაახლოებასა და სახელმწიფოებრივი იდენტობის გაღვიძების კუთხით.

საკვანძო სიტყვები: სამუსლიმანო საქართველო, ოსმალოს საქართველო, ოსმალეთი, მეფის რუსეთი,  გაზეთი „კავკაზი“.