ლალი ლაზარაშვილი
სამართლის დოქტორი
საქართველოს უნივერსიტეტი.
პროფესორი.
თბილისი, საქართველო
ლალი ლაზარაშვილი
სამართლის დოქტორი
საქართველოს უნივერსიტეტი.
პროფესორი.
თბილისი, საქართველო
საკორპორაციო სამართლის განვითარება საქართველოში –
წარსული, აწმყო, მომავლის პერსპექტივები
აბსტრაქტი
მოხსენება ეძღვნება თანამედროვე ქართული საკორპორაციო სამართლის განვითარების გზის ანალიზს მომავლის პერსპექტივების ჭრილში.
საკორპორაციო სამართალი თანამედროვე ქართული სამართლის ახალი დარგია, მას 30-წლიანი ისტორია აქვს მხოლოდ. იგი შეისწავლის მეწარმეთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების მოწყობის სამართალს. საკორპორაციო სამართლის წარმოშობა უკავშირდება 1994 წლის 28 ოქტომბრის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული სამეწარმეო ურთიერთობების განვითარების საქმეში და 2021 წლის 2 აგვისტოს ახალი „მეწამეთა შესახებ“ კანონის მიღებამდე სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების სამართლებრივი მოწყობის ძირითადი ნორმატიულ ბაზა იყო.
თავდაპირველად ქართული საკორპორაციო სამართლის მოდელი შეესატყვისებოდა კონტინენტური ევროპის სამართლის ოჯახის საერთო სივრცის ტენდენციას, განსაკუთრებით, გერმანული საკორპორაციო სამართლის მოდელს. კანონმა „მეწარმეთა შესახებ“ გააგრძელა და განავითარა ის საუკეთესო ტრადიციები, რაც დასავლეთ ევროპის სავაჭრო კოდექსებმა შესძინეს სამართლის მეცნიერებას. შემდგომ, 1994 წლის კანონში განხორციელებული არაერთი ცვლილების შედეგად კანონი გარკვეულწილად დაშორდა კონტინენტური ევროპის მოდელს და საბოლოოდ, ქვეყანამ მიიღო კანონი ხარვეზებით და არასრულყოფილი სამართლებრივი მოწესრიგებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ქართული საკორპორაციო სამართლის მეცნიერებაში გამოითქმებოდა არაერთი საფუძვლიანი მოსაზრება საქართველოში საკორპორაციო სამართლის კოდიფიკაციის აუცილებლობის შესახებ.
არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ასევე, „ევროპასთან ასოცირების შეთანხმების“ შესასრულებლად, საკორპორაციო სამართლის ევროპული დირექტივების იმპლემენტაციის მიზნით, განხორციელდა ახალი კოდიფიკაცია და 2021 წლის 2 აგვისტოს მიღებულ იქნა ახალი კანონი „მეწარმეთა შესახებ“, რომელიც დღეს მოქმედებს საქართველოში.
როგორია ახალი კანონის ეფექტურობა? რამდენად პასუხობს თანამედროვე ბიზნესის გამოწვევებს? საკორპორაციო სამართლის განვითარების რა პერსპექტივები შეიძლება გავიაზროთ წარსულისა და აწმყოს გადასახედიდან? აღნიშნული და სხვა რელევანტური საკითხები ასევე იქნება მოხსენების კვლევის საგანი.
საკვანძო სიტყვები: საკორპორაციო სამართალი; კანონი „მეწარმეთა შესახებ“.