ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ასოცირებული პროფესორი
წყაროთმცოდნეობა
ფილოსოფიის დოქტორი
თბილისი/საქართველო
eka_tchkoidze@iliauni.edu.ge
აბსტრაქტი
მე-19 საუკუნეში, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ რეგიონში ოფიციალურ ენად გამოცხადდა რუსული. ამან სათავე დაუდო რუსიფიკაციის პოლიტიკის განხორციელებას, რომლის ტაქტიკაც და მეთოდებიც ერთგვაოვანი არ ყოფილა. საქართველოში სტამბისა და პერიოდული გამოცემების დაარსება რუსეთის იმპერიული ენობრივი პოლიტიკის მნიშვნელოვან კომპონენტად იქცა. თუმცა, ამ მიმართულებით ოფიციალური პოლიტიკა საწყის ეტაპზე არ იყო ისეთი აგრესიული, როგორც მოგვიანებით. ტფილისში (თბილისში) პირველი გაზეთი, „საქართველოს გაზეთი“ 1819 წლის 8 მარტს გამოიცა არა რუსულად, როგორც მოსალოდნელი იყო, არამედ ქართულ ენაზე. იგი წარმოადგენდა რუსეთის ხელისუფლების ოფიციალურ ორგანოს და არ ემსახურებოდა იმდროინდელი ქართული საზოგადოების არც პატრიოტულ და არც ეროვნულ ინტერესებს. გაზეთი გამოდიოდა 1822 წლამდე და ქვეყნდებოდა ხელისუფლების ოფიციალური დოკუმენტები, აგრეთვე ადმინისტრაციული, პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მასალები ქართულ თარგმანში, ანუ იმ ენაზე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის გასაგები იყო. შემდგომ პერიოდში ენობრივი პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა, რაც კვლავ აისახა პრესაზე. 1828 წლის ივნისიდან 1832 წლამდე ტფილისში რუსულენოვანი სამთავრობო გაზეთი, „Тифлисские ведомости“ /„ტფილისის ვედომოსტები“ იბეჭდებოდა. მისი თემატიკა მოიცავდა კავკასიის ხალხთა სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებს. ასევე, ქვეყნდებოდა სამთავრობო განცხადებები და ოფიციალური დოკუმენტები, ყველაფერი ხელისუფლების კონტროლით და ზედამხედველობით. გაზეთი გამოდიოდა სამ ენაზე: რუსულად, ქართულად და სპარსულად, რაც უკავშირდებოდა 1826–1828 წლების რუსეთ-სპარსეთის ომის გაშუქების საჭიროებას. წარმოდგენილი მოხსენება ეძღვნება 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის ასახვას გაზეთ „ტფილისის ვედომოსტები“-ის რუსულ და ქართულ ვერსიებში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ყარსისა და ფოთის აღებასთან დაკავშირებულ პუბლიკაციებზე, როგორც იმ პერიოდის მნიშვნელოვანი სამხედრო და პოლიტიკური მოვლენების მედიარეპრეზენტაციის მაგალითებზე. მოხსენების მიზანია გამოავლინოს როგორ გადმოიცემოდა ომის მოვლენები ოფიციალურ რუსულ საინფორმაციო დისკურსში და როგორ ტრანსფორმირდებოდა იგი ქართულ თარგმანში, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის იყო განკუთვნილი. გაზეთის რუსული ვერსია წარმოადგენდა იმპერიული საინფორმაციო პოლიტიკის ნაწილს, ხოლო ქართული ტექსტები ამ ინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტად ფუნქციონირებდა. მოხსენებაში გაანალიზდება არა მხოლოდ შინაარსობრივი პარალელები, არამედ თარგმანის სტრატეგიები, ტერმინოლოგიური არჩევანი და შესაძლო გადანაცვლებები ორენოვან ტექსტებს შორის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმას, თუ რამდენად ზუსტად გადმოიცემოდა სამხედრო ტერმინოლოგია, ტოპონიმიკა და იდეოლოგიური ნარატივი ქართულ ვერსიაში, და არსებობდა თუ არა ადაპტაციის ან რედაქციული ჩარევის ნიშნები. კვლევა ეფუძნება შედარებით-ტექსტუალურ ანალიზს და მიზნად ისახავს აჩვენოს, თუ როგორ მონაწილეობდა თარგმანი იმპერიული ნარატივის ტრანსფერში და რა როლი ჰქონდა მას ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით, ასევე იდეოლოგიური დისკურსის ფორმირებაში.
Keywords
რუსეთ-ოსმალეთის ომი, გაზეთი, იმპერიული იდეოლოგია, თარგმანი