ისტორიის დოქტორი
ასოცირებული პროფესორი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0006-4175-4804
ისტორიის დოქტორი
ასოცირებული პროფესორი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0006-4175-4804
თამარ ბაგრატიონი - გიორგი XIII-ის ასული
როგორც ცნობილია, 1801 წელს რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებას ქართველი ხალხის მედგარი პროტესტი მოჰყვა. ის ვერ შეეგუა ამ უსამართლობას ერთმორწმუნე სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც მისმა ბოლო მონარქებმა მხოლოდ პროტექტორატის თხოვნით მიმართეს. დაიწყო აჯანყებათა სერია ქართული სახელმწიფოს აღდგენისათვის, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ ბატონიშვილებიც.
წინააღმდეგობის ამ მოძრაობის ერთი რგოლია 1832 წლის შეთქმულებაც, რომელიც გამცემლობის გამო აჯანყებაში ვერ გადაიზარდა. მისი თაოსნები და იდეური ხელმძღვანებლები იყვნენ მეფე ერეკლე II-ის (1720-1798) რუსეთში გადასახლებული შვილიშვილები - დიმიტრი იულონის ძე (1803-1845) და ოქროპირ გიორგის ძე (1795-1857) ბაგრატიონები, რომლებიც სათავეში ჩაუდგნენ შეთქმულების პეტერბურგულ და მოსკოვურ წრეებს. ბატონიშვილთა სულისკვეთებას იზიარებდნენ მათი ოჯახის წევრებიც, მათ შორის დიმიტრის და, თამარ ბატონიშვილი (1791-1857), რომელიც აქტიურად მოქმედებდა თბილისში. მას ქართველ მეცნიერთა და მკვლევართა რიგი ნაშრომები მიეძღვნა.
1832 წლის შეთქმულების საგამოძიებო მასალებში (სოლომონ დოდაშვილის (1805-1836) ჩვენებები) გარდა თამარ იულონის ასულ ბაგრატიონისა, რომელიც მისი ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო, ფიგურირებს კიდევ ერთი თამარი - ოქროპირ ბატონიშვილის და. პირველად მას ყურადღება დაუთმო ემიგრანტმა მწერალმა ქალმა თამარ პაპავამ (1888-1976) თავის ნარკვევში „ქართველი ქალი და 1832 წლის შეთქმულება“ (1937), თუმცა, როგორც თავად წერს, ამ ქალის სახელი ვერ გამოარკვია - იმ მასალებიდან, რომელიც მაშინ მას ხელთ ჰქონდა, ეს არ ჩანდა.
თამარ გიორგის ასული ბაგრატიონი (1789-1850) დედასთან, ქართლ-კახეთის უკანასკნელ დედოფალ მარიამ ციციშვილთან (1768-1850), ერთად 1803 წლის 12 აპრილის იმ ცნობილი ტრაგედიის მონაწილეა, რომელსაც გენერალ ივან ლაზარევის (1763-1803) სიკვდილი მოჰყვა. 14 წლის ქალიშვილი ძმასთან, ჯიბრაელთან (1788-1812), ერთად ხანჯლით ხელში იცავდა სამეფო ოჯახის, დედისა და საკუთარ ღირსებას რუსი სამხედრო რაზმელებისგან, რომელებიც მათი რუსეთში გასახლების დავალებას უსასტიკესი ფორმით ასრულებდნენ.
მგზავრობისას, კავკასიონის ქედზე გადავლისას, თამარ ბატონიშვილს ფეხები მოეყინა და დაკოჭლდა. 1811 წლამდე ის დედასთან ერთად ბელგოროდის მაცხოვრის შობის სახელობის დედათა მონასტერში, შემდეგ კი - მოსკოვში ცხოვრობდა. არ გათხოვილა, სამშობლოსკენ წამოსვლის ნება მას დიდი ხნის შემდეგ დართეს, სწორედ ქვეყნისკენ მომავალი გარდაიცვალა 1851 წელს. იგი იქვე დაკრძალეს, შემდეგ კი მისი ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს და სვეტიცხოვლის ტაძარში, დედის საფლავის გვერდით, მიუჩინეს სამარე.
ცნობები თამარ ბაგრატიონის ტრაგიკული ცხოვრების პერიპეტიების, გარეგნობის, ჩაცმულობის, ხასიათის შესახებ გაბნეულია ძველ და ახლად გამოვლენილ წყაროებში. ჩვენი მოხსენება ეძღვნება მათ მოძიებასა და თავმოყრას, ასევე 1832 წლის შეთქმულებაში თამარის ადგილის გამოკვეთას. აღსანიშნავია, რომ ამ შეთქმულების უპირველესი მკვლევრის - გიორგი გოზალიშვილის (1900-1988) ცნობილი სამტომეულის პირთა საძიებლებში თამარ გიორგის ასული ცალკე არ არის გამოყოფილი და იგი თამარ იულონის ასულთან არის გაიგივებული. წარმოდგენილი კვლევა, ვფიქრობთ, წაადგება როგორც საქართველოს ისტორიის ამ მნიშვნელოვანი აქტის, ასევე სამეფო ოჯახისა და ზოგადად მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოების ისტორიის შესწავლის საქმეს.
საკვანძო სიტყვები: გიორგი XIII-ის ასული თამარი, 1832 წლის შეთქმულების მონაწილენი, ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახი, სამეფო ოჯახის გადასახლება რუსეთში, ოქროპირ ბატონიშვილის და.