დოქტორი
პროფესორი
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
n.varshanidze@gmail.com

ქართული ცივილიზაციური იდენტობის რეტროსპექტიული თუ თანამედროვე გააზრებისთვის

 

მართალია, ქართული კულტურულ-ცივილიზაციური იდენტობის თავდაპირველი მონახაზი აღმოსავლეთის ზეგავლენის ქვეშ მოექცა, მაგრამ არ გამხდარა მისი ორგანული ნაწილი. ეს ქართველური სამყაროს ალტერნატიული პოლიტიკური კულტურით კი არა, უფრო ჩვენი ყოფის არქაიზმით, სახელმწიფოებრიობის სუსტი განვითარებითა და პერიფერიაზე ყოფნით უნდა აიხსნას. დაახლოებით იგივე განმეორდა ანტიკურ სამყაროსთან მიმართებაშიც. მოსახლეობის ფართო ფენებში ადგილობრივი კულტურული ფასეულობები ფუნდამენტურად არ შეცვლილა. როგორც ყველგან, ანტიკური ცივილიზაცია თავდაპირველად თავის ზეგავლენას, ძირითადად, ელიტებზე ახდენდა. ზღვისპირა კოლონიებისა თუ საფორტიფიკაციო ნაგებობების საშუალებებით ქმნიდა საქალაქო ცენტრებს, ამყარებდა მჭიდრო სავაჭრო და პოლიტიკურ კავშირებს ადგილობრივ მოსახლეობასთან. აკულტურიზაციის მეორე ეტაპი ამგვარი ინფრასტრუქტურის ჰინტერლანდში გადატანით ხასიათდებოდა. ხმელთაშუა და შავიზღვისპირეთის სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, საქართველოში ანტიკურობა სწორედ ამ ეტაპზე შეჩერდა. შემთხვევითი არაა, რომ ყველა კოლონია, სავაჭრო ფაქტორია თუ ციხე-სიმაგრე მეტროპოლიაში წარმოჩენილი კრიზისებთან ერთად „ავადდებოდა“. იგივე განმეორდა ადრებიზანტიურ ხანაში, როდესაც ადგილობრივი სახელმწიფოების გაძლიერებისთანავე ზღვისპირეთში განლაგებული თითქმის ყველა საეკლესიო თუ სამხედრო ცენტრი ჰინტერლანდისკენ გადაადგილდა. თუმცა შეუძლებელია, არ დაინახო ანტიკურ სამყაროსთან ურთიერთობების უდიდესი კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობა, მარტო ერთიანი იმპერიის გავლენის ქვეშ მოქცევამ უდიდესი ცივილიზაციური გარღვევა მოახდინა - ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის ქრისტიანიზაციას. ეს იყო საქართველოსთვის გადამწყვეტი ეპოქა. შემთხვევითი არაა, ადრე შუა საუკუნეებში ლაზიკა და ქართლი ბიზანტიასა და აღმოსავლეთს შორის ცივილიზაციურ არჩევანს აკეთებს. აღმოსავლეთის აქტივობა მხოლოდ იმდროინდელ გეოსტრატეგიულ კონიუნქტურას ან ამ სამყაროსთვის „დამახასიათებელ“ აგრესიულობას არ უნდა მივაწეროთ. ბუნებრივია იმდროინდელი და მომდევნო ეპოქების აღმოსავლეთის მესვეურთა ყოფილი პერიფერიის დაბრუნების სურვილი, მითუმეტეს რომ ის მოწინააღმდეგე მხარის ორგანულ ნაწილად არ აღიქმება. არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ საკუთრივ ბიზანტიაც არ ყოფილა „სუფთა დასავლეთი“. აღმოსავლური ელემენტი მისი ერთ-ერთი ორგანული ნაწილი იყო ქრისტიანობასა და ანტიკურ მემკვიდრეობასთან ერთად. აქედან გამომდინარე, ქვეყნის ნაწილობრივი ისლამიზაცია შემთხვევითობა კი არა,  ობიექტური ისტორიული პროცესის შედეგია. კავკასიაში რუსეთის გამოჩენა ძველი, ბიზანტიური იდეის აღორძინების ტოლფასი აღმოჩნდა. ობიექტურად თუ შევხედავთ მოვლენებს, გავიგებთ, რომ ერს, რომელმაც დაკარგა ისტორიული დროის შეგრძნება, არ შეეძლო „მესამე რომთან“ კავშირით საუკუნოვანი მტრების მოშორებაზე უარი ეთქვა. თუმცა, საკუთრივ რომისა და განსაკუთრებით ბიზანტიისგან განსხვავებით, მოსკოვთან ურთიერთობებმა, ეროვნული სხეულის გამთლიანების მიუხედავად,  არ გამოიწვია სახელმწიფოებრივი აღზევება. ამის მთავარ მიზეზად რუსეთთან შედარებით ნაკლები საერთო კულტურულ-ისტორიული ფასეულობები, საკუთრივ რუსული სახელმწიფოს სპეციფიკა და, რაც მთავარია, „მინავლებული“ ქართული ეროვნული იდეის არაქმედითუნარიანობა გვესახება. თუმცა რუსეთთან ორსაუკუნოვანი თანაცხოვრება მაინც ნაყოფიერი აღმოჩნდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში რუსეთის გავლით თითქმის მთლიანად მივიწყებული დასავლური ტალღა შემოიჭრა. ამ, შეიძლება ითქვას, მეორე ცივილიზაციური არჩევანის სიმბოლო, უდავოდ, ილია ჭავჭავაძე გახდა. მისი მკვლელობა ამ იდეის დუალიზმზე მიგვანიშნებს, რომელსაც პროგრესულთან ერთად დესტრუქციული საწყისიც აქვს. თანამედროვე ეტაპი სწორედ ამ დუალიზმითაა დეტერმინირებული. მესამე დასის თუ დღევანდელი მმართველი კლასების გზა ფაქტობრივად იმეორებს ანტიკური ხანის ელიტების არაორგანულობასა და არაკონტექსტურობას, როდესაც ხდება ამა თუ იმ იდეის იმიტაცია და არა შემოქმედებითი გადამუშავება. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ამან უკვე საერთოეროვნული ხასიათი მიიღო. 


საკვანძო სიტყვები: აღმოსავლეთი, ანტიკური სამყარო, ქრისტიანობა, ბიზანტია, ისლამი, რუსეთის იმპერია, თანამედროვე ცივილიზაციური არჩევანი.