ფილოლოგიის დოქტორი
ასოცირებული პროფესორი
საქართველოს უნივერსიტეტი
თბილისი, საქართველო
ORCID: 0009-0003-0358-2974
nan.pruidze@ug.edu.ge

რაფიელ ერისთავი - ი. კრილოვის იგავ-არაკების მთარგმნელი

რაფიელ ერისთავის სახელი ყველა ქართველისთვის კარგადაა ცნობილი. მისი „სამშობლო ხევსურისა“ დღემდე რჩება პატრიოტული ლირიკის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად. რაფიელი, მართალია, სამოციანელთა უფროსი contemporary იყო, მაგრამ იდეურად მათი თანამოაზრე გახლდათ. არ დარჩენილა იმ დროისათვის აქტუალური არცერთი საკითხი, რომელსაც რაფიელ ერისთავი არ შეხებია თავის თხზულებებში. თავის დროზე ძალზე პოპულარული იყო არა მარტო მისი პოეზია, არამედ მოთხრობები, პიესები და ვოდევილები. რაფიელ ერისთავი არა მარტო ორიგინალურ ნაწარმოებებს ქმნიდა, არამედ ხშირად თარგმნიდა ევროპელი თუ რუსი ავტორების ტექსტებსაც.

რაფიელ ერისთავის თხზულებები ხშირად ქვეყნდებოდა ქართულ პერიოდულ პრესაში; ავტორის სიცოცხლეშიც და მისი გარდაცვალების შემდეგაც არაერთი კრებული დაიბეჭდა. მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა არ. კალანდაძისა და ალ. დრევიჩის მიერ გამოცემული ოთხტომეული, რომელიც, სავარაუდოდ, მწერლის უშუალო მონაწილეობით მომზადდა. მათი გადათვალიერება გვარწმუნებს, რომ რაფიელი პოეტური ქმნილებების თარგმნას უთმობდა განსაკუთრებულ ყურადღებას. მის მიერ გადასათარგმნად შერჩეული თხზულებები, როგორც წესი, გამოირჩევა არა მარტო იდეური სიღრმით, არამედ მაღალმხატვრული ფორმითაც.

მთარგმნელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის მაქსიმალურად ინარჩუნებს როგორც დედნის აზრობრივ, ისე ფორმობრივ ღირსებებს. ისევე, როგორც სამოციანელებს, რაფიელ ერისთავსაც სწამდა, რომ სიტყვაკაზმული მწერლობა, პირველ რიგში, საზოგადოებრივი ინტერესების სამსახურში უნდა მდგარიყო და ადამიანების სულიერი თუ ზნეობრივი გაუმჯობესებისათვის უნდა შეეწყო ხელი. ალბათ ამანაც განაპირობა მისი დაინტერესება იგავ-არაკებით. მან სულხან საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისას“ მიხედვით გალექსა 16 იგავი; ასევე, ერთ-ერთმა პირველმა თარგმნა ქართულ ენაზე ი. ვ. კრილოვის იგავ-არაკები. მათი აბსოლუტური უმრავლესობა მწერალმა 1878 წელს თარგმნა; პირველად აკაკი წერეთელმა გააჟღერა ეს ინფორმაცია.

მან გაზ. „დროებაში“ (1878, #107) გამოქვეყნებული სტატია „მცირე რამ შენიშვნები“ ასე დაასრულა: „იმას (რაფიელ ერისთავს - ნ.ფ.) აქვს კრილოვის ზღაპრები და ცოდვა რა არის, რომ ის ასე ხელნაწერად რჩებოდეს და ობროდობროები კი იბეჭდებოდეს, როგორც სახალხო რამ?“ საგულისხმოა, რომ აკაკის ამ შენიშვნის გამოქვეყნებიდან მალევე, იმავე 1878 წელს, გამოსცა გრ. ჩარკვიანმა რაფიელის მიერ თარგმნილი ი. კრილოვის იგავ-არაკები, რაც ქართველი მკითხველისთვის მართლაც ძვირფასი შენაძენი იყო.

მკითხველთა ინტერესზე მიუთითებს ის გარემოება, რომ ეს კრებული რამდენჯერმე გამოიცა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სრულის 1895 წელს, ქართველთა ამხანაგობის მიერ ცალკე წიგნად დაბეჭდილი რაფიელ ერისთავის მიერ თარგმნილი და გადმოკეთებული იგავ-არაკები (სულ 66 იგავი).

წინამდებარე სტატიაში ჩვენ შევეცდებით წარმოვაჩინოთ რაფიელ ერისთავი, როგორც მთარგმნელის ოსტატობა, მეთოდები, მასალის შერჩევის პრინციპი და ა.შ.

 

საკვანძო სიტყვები: რაფიელ ერისთავი, იგავ-არაკი, მხატვრული თარგმანი.