დოქტორანტი
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ)
თბილისი, საქართველო
ORCID: 0000-0003-4866-8870
marisimonishvili13@gmail.com

გივი მარგველაშვილის მინიატურების სამყაროში

გივი მარგველაშვილი — მწერალი, რომლის ბედი განსაზღვრა ორმა ტირანულმა იდეოლოგიამ, ახერხებს და საოცარი ოსტატობით მორალური გზით მაინც (ფიზიკურად თუ ვერა) ხელიდან უსხლტება დიქტატურას. ის გარბის და ამ გაქცევით ამსხვრევს იდეაში სამუდამოდ მისჯილი ბედისწერის ბორკილებს. მისი თავშესაფარი წიგნებია, მისი ერთადერთი რეალობა წიგნისმიერი სამყაროა და როგორც შემოქმედი სახელდებით იწყებს სამყაროს ქმნას, ის ემსგავსება უზენაესს და აშენებს ახალ რეალობას, ყველაფერს იწყებს თავიდან და ადამიანს აბრუნებს კიდეც მუნყოფიერებაში.

მწერლის ფსიქიკა უმკლავდება ყოველგვარ გარეგნულ სიძნელეს, გაჭირვებას, ის ახერხებს და საოცარი ტალანტის ძალით სრულიად მარტოსული უშიშრად ეჭიდება სხვა, უცხო ყოფის ჯერ გაუცნობიერებელ სირთულეებს. მისი სამეტყველო ენა ამართლებს ჰაიდეგერისეულ ყოფიერების სახლის სიმბოლისტურ გადაწყვეტას და გერმანული ფრაზეოლოგიით მარგველაშვილის პროზა სრულ მწერლურ შეურიგებლობას უცხადებს მოქმედ, თანადროულ რეალობას.

ამიტომაცაა, რომ ის კლასიკური ლიტერატურული ტენდენციების მატარებელი ავტორი არ გახლავთ. ის წერს იმაზე, რაც სურს და წერს ისე, როგორც სურს. ეს იშვიათი შემთხვევაა. ცენზურის მკაცრი კანონებისგან თავისუფლდება ავტორი და მკითხველსაც ასეთს ელოდება — თავისუფალს ყოველგვარი კლიშეებისგან.

გივი მარგველაშვილის პერსონაჟებისთვის მკითხველს, თავად წაკითხვის პროცესს მოაქვს სინამდვილის შემეცნების განცდა. მათი გაგებით ტექსტისმიერი რეალობა შორსაა იმ „რეალობისგან“, რომელიც წიგნის ყდებს მიღმაა, ამიტომ ებრძვიან მუდამ ამ ფატალურ მოცემულობას და სურთ, შეცვალონ ის დეტერმინირებული სიუჟეტი, რომელიც დიქტატორმა ავტორმა შექმნა მათთვის.

 

საკვანძო სიტყვები: გივი მარგველაშვილი, დიქტატურა, ჰერმენევტიკა, დეკოდირება, დეტერმინირებული სიუჟეტი.